მ/ჩ 2018. შესარჩევი. G და I ჯგუფები. I ტურის წინ: გახსოვთ მოდრიჩის გოლი?

AutoSharing Option
ფოტოზე: დღეს თურქებს აუცილებლად გაახსენდებათ ლუკა მოდრიჩის მიერ ევროპის ჩემიონატზე მათ კარში გატანილი გოლი
დღეს, 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის აღმართს აუყვებიან D, G და I ჯგუფის ბინადრები. D ჯგუფშია საქართველოს ნაკრები და შესაბამისად, ამ ექვსეულის წინასამატჩო ამბებზე ცალკე წაიკითხავთ, აქ კი G და I ჯგუფებზე ვილაპარაკოთ...

- საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!
- მუნდიალი 2018. ჩვენი მეტოქეები: სერბეთი ირლანდიას მასპინძლობს, უელსი - მოლდოვას

G ჯგუფი
ორშაბათი. 5 სექტემბერი
ალბანეთი-მაკედონია 22:45
ისრაელი-იტალია 22:45
ესპანეთი-ლიხტენშტაინი 22:45

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ეს პირველი
შემთხვევაა, ესპანეთისა და იტალიის უპირველესი გუნდები ერთად რომ მოხვდნენ შესარჩევ ეტაპზე. G ჯგუფში ორი გამოკვეთილი ფავორიტის ყოფნა მოტივაციას უკარგავს ალბანეთს, მაკედონიასა და ისრაელს (დიდი ბოდიში ლიხტენშტაინის ნაკრებთან, მაგრამ ამ გუნდს ჯერჯერობით, სათვალავში ვერ მივიღებთ), რომლებიც სხვა შემთხვევაში მეტ-ნაკლები სითამამით იოცნებებდნენ მეორე ადგილის დაბევებაზე.

თუმცა ნუ ვიფიქრებთ, რომ ხსენებული სამეული რაიმეს იოლად დათმობს, ორივე ფავორიტს აქა-იქ შეიძლება ქულითაც მოუწიოს დაკმაყოფილებამ.

მაგრამ მაინც, ამ ჯგუფის მთავარი ინტრიგა იქნება, თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, რაც ავტომატურად მოიტანს მუნდიალის საგზურს, მეორეადგილოსანმა (ცხრიდან მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მეორეადგილოსანი ინაღდებს რუსეთში გასამგზავრებელ ბილეთს) კი პლეი-ოფში უნდა დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ღირსია.

ასე რომ, იტალია და ესპანეთი შეაკვდებიან ერთმანეთს, რათა მერე პლეი ოფში სათუოდ არ გაიხადონ საქმე.

"სკუადრა აძურა", რომელსაც შესარჩევი ეტაპების (მსოფლიოსიც და ევროპისაც) ბოლო 50 მატჩი არ წაუგია (37 მოგება, 13 ფრე) ისეთი მეტოქით იწყებს ტურნირს, შედეგის მისაღწევად გვარიანი ოფლისღვრა რომ მოუწევს.

რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრებმა ჯამპიერო ვენტურას დებიუტი ჩაუმწარა, დამარცხდა რა საფრანგეთთან საშინაო ამხანაგურ შეხვედრაში - 1:3. ახალი მწვრთნელი ძალზე გულგატეხილი და გაკვირვებული იყო - დაცვაში ისეთი მაღალი რანგის ფეხბურთელები გვყავს, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ შეცდომებს დაუშვებდნენო:

"ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ საფრანგეთთან მატჩი, რათა მომავალში ასეთი ლაფსუსები თავიდან ავიცილოთ", - თქვა ვენტურამ.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 68 წლის სპეციალისტი ძირითადი შემადგენლობის კორექტირებას აპირებს. 3-კაციანი დაცვის ცენტრში დაბრუნდება იუვენტუსელი ლეონარდო ბონუჩი, ვისაც საფრანგეთის წინააღმდეგ პერსონალური პრობლემის გამო არ უთამაშია. იძულებით იქნება დანიელე დე როსის (ტრავმა) შეცვლა, რასაც სასტარტოში რიკარდო მონტოლივოს გამოჩენა უნდა მოჰყვეს.

მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ მარკო ვერატისაც, ოღონდ, მონტოლივოს ფაქტორის გამო, ის ვერ იქნება გამოკვეთილი ცენტრალური ნახევარმცველის როლში.

ძალიან მაღალი ალბათობით, ვენტურა სასტარტო შემადგენლობისთვის ამზადებს ნახევარმცველ ალესანდრო ფლორენცისაც. ამ უკანასკნელმა საფრანგეთთან შეცვლაზე ითამაშა და ეტყობა, დაარწმუნა მწვრთნელი, რომ ძირითადი თერთმეტეულის ღირსია.

ვენტურასგან განსხვავებით, შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა ხულიენ ლოპეტეგის - "ფურია როხამ" ბელგიას სტუმრად 2:0 მოუგო. ორივე გოლი (ერთი პენალტით) "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა დავიდ სილვამ გაიტანა.

წესით, ალბანეთის ნაკრები მყარი ფავორიტია მაკედონიასთან საშინაო მატჩში. ჯანი დე ბიაზის შეგირდებმა ახლახან ევროპის ჩემპიონატზე გააგორეს ბურთი და გამოცდილების ხარისხიც აიმაღლეს. რაც შეეხება იგორ ანგელოვსკის გუნდს, მაკედონიისთვის კატასტროფული გამოდგა წინა (ევროპის ჩემპიონატის) შესარჩევი ციკლი - ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, რასაც ლუბინკო დრულოვიჩის გადაყენება მოჰყვა.

40 წლის ანგელოვსკის თავკაცობით მაკედონიამ 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 მოიგო (აზერბაიჯანთან შინ 3:1) და 3 წააგო, რაც კიდევ უფრო წონადს ხდის ალბანელთა წარმატებული სტარტის შანსს.

I ჯგუფი
ორშაბათი. 5 სექტემბერი
ხორვატია-თურქეთი 22:45
ფინეთი-კოსოვო 22:45
უკრაინა-ისლანდია 22:45

ეს არის დაბალანსებული ჯგუფი, სადაც შედარებით გამოკვეთილი ფავორიტი ხორვატიაა, მეორე ადგილისთვის კი ცხარე ბრძოლებია მოსალოდნელი.

ისე დაემთხვა, რომ ხორვატებმა თურქეთით დაიწყეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი (გახსოვთ, ალბათ, ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე შორეული დარტყმა და გამარჯვების გოლი) და თურქეთითვე დაადგებიან ახალ გზას ანტე ჩაჩიჩის ხელმძღვანელობით.

ეს გუნდები მეშვიდედ ხვდებიან ერთმანეთს და აქედან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური მატჩი. სხვა შემთხვევებში კი ჩვენ ვიხილეთ უკომპრომისო პაექრობები ფინალურ ეტაპებსა თუ პლეიოფებში, სადაც ხორვატებს არც ერთი მატჩი არ წაუგიათ ძირითად დროში. მხოლოდ ევრო 2008-ზე იყო, ჩვენმა მეზობლებმა სემიჰ შენთურქის მიერ 120-ე წუთზე გატანილი გოლით რომ გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. სხვათა შორის, მაშინაც ფათიჰ თერიმი იყო მთავარი მწვრთნელი...

ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კი თერიმის გუნდში ნამდვილად ვერ იყო ჯანსაღი ატმოსფერო, რასაც გუნდში სერიოზული ცვლილებები მოჰყვა. ამიტომაც ვერ ვხედავთ გუნდში არდა თურანსა და ბურაქ ილმაზს, მაშინ, როცა ჩაჩიჩს ყველა წამყვანი ფიგურა მწყობრში ჰყავს.

ხორვატებისა და თურქების დარად, ბოლო ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან უკრაინა და ისლანდიაც. თუკი პოსტსაბჭოელებმა გააწბილეს გულშემატკივარი, ისლანდიამ როგორ გმირულადაც განვლო წინა შესარჩევი, ისევე გმირულად დატოვა საფრანგეთის სტადიონებზე გამართული ევროფორუმი.

ახლა ძნელია შანსებზე მსჯელობა. უკრაინას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამ ქვეყნის საფეხბურთო ლეგენდად ქცეული ანდრეი შევჩენკო, ხოლო ისლანდიას ის ჰეიმირ ჰალგრიმსონი ჩაუდგა სათავეში, ვინც ლარს ლაგერბაკთან ერთად "ისლანდიური სასწაულის" თანამონაწილე გახლდათ.

ისტორიული დღეა კოსოვოს ნაკრებისთვის - დიდი საფეხბურთო ოჯახის ახალი ბინადარი პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. აქამდე, ალბერტ ბუნიაკის შეგირდებმა 7 ამხანაგური მატჩი ითამაშეს და თუ შედეგებით (2 გამარჯვება ფარერებთან და ომანთან) ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით, საამაყო არაფერი აქვთ.

ასე რომ, ფინეთის ნაკრები დღევანდელ მატჩში უპირობო ფავორიტია. სხვათა შორის, კოსოვოს ნაკრების მცველი, 24 წლის ლუმ რეჯეპი, რომელიც დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება, სწორედ ფინეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და თვით ეროვნულ გუნდშიც კი (1 მატჩი 2013 წელს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული