მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. I ტურის წინ: სცენაზე გამოდის ევროპის ჩემპიონი!..

AutoSharing Option
დღეს ევროპის ზონის კიდევ სამ ჯგუფში ჩატარდება პირველი ტურის მატჩები. რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებაა. ბრძოლაში ერთვება კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები, რომელიც შვეიცარიას სტუმრობს...

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა დენი ბლინდმა არ შეიყვანა რობინ ვან პერსი (სარეკორდო 50 გოლი ნაკრებში ჩატარებულ 101 მატჩში) 36-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში, სადაც ბევრი ახალი სახეა - იორიტ ჰენდრიკსი, მიტჩელ დიიკსი, რიკ კარსდორპი, ტიმო ლეტსხერტი, ბარტ რამსელაარი... ჯერჯერობით, ეს გვარ-სახელები ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ჰოლანდიელებმა იციან ტალანტების აღმოჩენაც და აღზრდაც.

ამიტომ ბლინდის მიერ დაწყებულ რეფორმებს მშვიდად ხვდებიან და
ელოდებიან შედეგს. შედეგი კი ისეთი უნდა იყოს, როგორიც "ტიტებს" შეეფერებათ - პირველ რიგში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

ჰოლანდიაში ჯერ ისიც ვერ მოუნელებიათ, ევროპის ჩემპიონატმა მათ გარეშე რომ ჩაიარა. ეს კატასტროფა არ ეპატია გუუს ჰიდინკს და, მით უმეტეს, არ ეპატიება ბლინდს. რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიამ შინ ამხანაგური მატჩი წააგო საბერძნეთთან, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს სიკეთის ნიშანი.

შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდგომი ეპოქა დაიწყო. ზლატანი იყო ამ გუნდისთვის ყველაფერი - კაპიტანიც, სახეც, მთავარი მეგოლეც და, გნებავთ, მთავარი მოტივატორიც. მის გარეშე თამაში შვედეთს 53 წლის იან ანდერსონმა უნდა ასწავლოს. ცნობისთვის, ეს ის ანდერსონია, შარშან "ნორჩოპინგი" შვედეთის ჩემპიონობამდე რომ მიიყვანა. დღეს მისი სანაკრებო დებიუტია.

ბელორუსი მინსკში მასპინძლობს საფრანგეთს, რომელმაც ახლახან იტალიის ნაკრებს სტუმრად 3:1 სძლია. დიდიე დეშამმა არ გამოიძახა პატრის ევრა; ტრავმირებულები არიან ბაკარი სანია, კინგსლი კომანი და ძირითადი მეკარე უგო ლორისი.

საფრანგეთის არ იყოს, შესარჩევის წინ წარმატებული რეპეტიცია ჰქონდა ბელორუსის ნაკრებსაც, რომელმაც გასვლაზე ნორვეგიას აჯობა - 1:0. გუნდს ხელმძღვანელობს მწვრთნელთა საბჭო, ახლო წარსულში მინსკისა და კიევის "დინამოს" ნახევარმცველ ალექსანდრ ხაცკევიჩის მეთაურობით.

A ჯგუფი
ბულგარეთი-ლუქსემბურგი 22:45
ბელორუსი-საფრანგეთი 22:45
შვედეთი-ჰოლანდია 22:45

დღეს სცენაზე გამოდის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები, რომელიც შვეიცარიას ბაზელის "სენტ იაკობზე" შეხვდება. ფერნანდო სანტუშს არ ეყოლება კრიშტიანო რონალდო, რომელსაც კონტინენტის ფინალში მიღებული ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია. ასევე ტრავმის გამო არ იქნება 19 წლის ბაიერნელი რენატო სანჩესი, რომელიც, ასაკის მიუხედავად, სანტუშის გუნდის სრულყოფილი წევრია.

პორტუგალიამ ახლახან გიბრალტართან გაივარჯიშა - 5:0. ორი გოლი ნანიმ გაიტანა, თითოც ბერნარდო სილვამ, კანსელომ და პეპემ.

რაც შეეხება შვეიცარიის ნაკრებს, რომელიც ამ ჯგუფში ერთ-ერთი ფავორიტია, ვლადიმირ პეტკოვიჩმა, ფაქტობრივად, უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი.

B ჯგუფი
ანდორა-ლატვია 22:45
ფარერები-უნგრეთი 22:45
შვეიცარია-პორტუგალია 22:45

როცა რამდენიმე დღის წინ საბერძნეთმა ჰოლანდიას სტუმრად 2:1 მოუგო, ბევრს გაახსენდებოდა ოტო რეჰაგელის ბრწყინვალე დროება, ბერძნებს ხომ გერმანელი მწვრთნელი კარგად ჰყავთ დაცდილი.

დღეს გუნდს სათავეში უდგას სწორედ გერმანელი - მიხაელ სკიბე, რომელსაც სახელოვან თანამემამულემდე ბევრი რამ უკლია, ქარიზმით დაწყებული, რეგალიებით დამთავრებული, მაგრამ ხანდახან ასეთი მწვრთნელებიც აღწევენ წარმატებებს. როგორც ჩანს, ბერძნებს ისევ დასჭირდათ მკაცრი ხელი...

ამ ჯგუფის უდავო ფავორიტი კი მაინც ბელგიაა, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერში იყენებს. ბელგიამ ვერა და ვერ მიაგნო სტაბილურობის გასაღებს. მარკ ვილმოტსმა ქარს გაატანა პერიოდი, როცა "წითელი ეშმაკების" ამ თაობას პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენება შეეძლო.

თუმცა არც ახლაა გვიან და ვნახოთ, რას იზამს რობერტო მარტინესი, რომელსაც მარცხიანი დებიუტი გამოუვიდა - ბელგიამ ესპანეთთან შინ 0:2 წააგო, თუმც "ფურია როხასთან" მარცხი, თუნდაც საკუთარ მოედანზე, სირცხვილი ნამდვილად არ არის. მარტინესი ხომ მხოლოდ გზის დასაწყისშია.

H ჯგუფი
გიბრალტარი-საბერძნეთი 22:45
ბოსნია-ესტონეთი 22:45
კვიპროსი-ბელგია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული