ამ ზაფხულს მან გვარიანი ფული იშოვა - პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" "გაუჩარხა", მარიო ბალოტელი კი "ნიცაში" გაუშვა. ის ყოველთვის პოპულარული იყო და დღემდე რჩება საფეხბურთო სამყაროში ლამის ყველაზე გავლენიან აგენტად.
ბოლო დღეებია, რაიოლა ლაპარაკის იშტაზეა მოსული და ინტერვიუებს აქეთ-იქით არიგებს. ამას წინათ იურგენ კლოპი გააკრიტიკა ბალოტელის გამო, ახლა კიდევ ესპანურ "ელ პარტისადოს" ელაპარაკა და ხოსეპ
შესაძლოა, გვარდიოლაზე შეტევა შაბათის მანჩესტერულ დერბისაც უკავშირდებოდეს. ეტყობა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსებს დაუტკბა (არადა, თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონი სათოფეზე არ იკარებდა) და გვარდიოლას განქიქებით, როგორც იტყვიან, დერბის წინ კოჭი გაუგორა.
რაიოლა აქცენტს პეპის სათამაშო ფილოსოფიაზე აკეთებს: "გვარდიოლა? მე არასოდეს მომწონდა მისი ფეხბურთი. ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდი მწვრთნელია, მაგრამ მისი გუნდების თამაშს რომ ვუყურებ, მეძინება ხოლმე".
სამაგიეროდ, რაიოლა თბილი სიტყვებით იხსენიებს "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომელთანაც ფრიად საქმიანი ურთიერთობა ჰქონია. იქვე, ის დანანებით ამბობს ბალოტელიზე - ზლატანის ნებისყოფა რომ ჰქონდეს, მსოფლიოში პირველი იქნებოდაო...
რაიოლას ჰკითხეს ბოლო დროს ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს "მილანის" თინეიჯერ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას "რეალი" ყიდულობს:
"თუ დონარუმა ასეთი ტემპით გააგრძელებს ზრდას, მალე მსოფლიოში პირველი მეკარე გახდება. მაგრამ რაც შეეხება "რეალში" მის შესაძლო გადასვლას, ეს ტყუილია, ახლა მადრიდში მისით ნამდვილად არ არიან დაინტერესებულები... პოგბა? თავის ამპლუაში ის ნამდვილად საუკეთესოა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა არის იმ გუნდში, სადაც ძალიან უნდოდა ყოფნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"