ევროუქმეების წინ: აქ არავინ დაგინდობს

AutoSharing Option
წინ ბევრი საინტერესო თამაში გველის, თუმცა ლონდონურ და მილანურ შეხვედრებს განსაკუთრებით გამოვარჩევთ, სადაც გრანდები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ძალზე საინტერესო სამწვრთნელო დუელებიც გველის.

ევროუქმეების წინ ტოპლიგებში 6 კლუბი რჩება უქულოდ (მხოლოდ ინგლისში არაა ასეთი). სხვებთან ერთად აქ ასეთ სახელებს ნახავთ: "ვალენსია", "შალკე", "ვერდერი"...

პრემიერლიგა: დანდობის გარეშე
დღეს "სტემფორდ ბრიჯზე" ორი გიჟმაჟი, ანტონიო კონტე და იურგენ კლოპი შეებმებიან ერთმანეთს.

იტალიელისა და გერმანელი სპეციალისტების დაპირისპირება უაღრესად საინტერესოა ტაქტიკური კუთხით და ეს დამატებით ინტრიგას სძენს "ჩელსისა" და "ლივერპულის" ისედაც საინტერესო დუელს. თანაც გუნდებს ძალიან მნიშვნელოვან
მომენტში უწევთ ერთმანეთთან შებმა, მომენტში, როდესაც ორივეს მოგება სჭირდება და როდესაც შეიძლება რაღაც-რაღაცები გამოიკვეთოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 4 ტურია გასული.

თუ ლონდონელები ვერ იმარჯვებენ, ალბათ, ლიდერი "სიტი" კიდევ უფრო წინ გაექცევათ. ხოლო თუ "ლივერპული" ვერ იმარჯვებს, უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენა გაიზრდება და ამა თუ იმ გუნდის სკეპტიკოსებსა თუ ფანებს სალაპარაკო და გასარჩევი ბევრი ექნებათ. თუმცა, როგორც არ უნდა შევფუთოთ სიტუაცია, ფრე ცხადია უფრო მისაღები მაინც სტუმარი მერსისაიდელებისთვის იქნება, თანაც გამოვა, რომ პირველ 5 ტურში "ლივერპულს" უკვე "მოშორებული" ეყოლება "არსენალი", "ტოტენჰემი", "ლესტერი" და "ჩელსი"...

კონტეს რამდენიმე დღით ჯონ ტერი გამოაკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბრუნებული დავიდ ლუისი ალბათ, ძირითად შემადგენლობაში უნდა ვნახოთ. ესპანელები, პედრო და ფაბრეგასი სავარაუდოდ, ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან და ალბათ, არც მიში ბაჩუაი იქნება ძირითადში, მაგრამ ბელგიელი ცოტა მეტ დროს კი იმსახურებს. მთავარი კი ის იქნება, როგორ ითამაშებს ედენ აზარი და რამდენად გამოუვათ მერსისაიდელებს დიეგო კოშტას შეჩერება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

ესპანელის შეჩერება ადვილი არ იქნება, რადგან "ლივერპულის" დაცვაში გარკვეული პრობლემებია და "კლოპომ" ჯერ სიტუაცია ვერ დაალაგა.

სამაგიეროდ, ახლა არც "ჩელსიშია" ამ მხრივ საქმე იდელაურად და გერმანელს თავისი კოზირებიც აქვს - კარგ ფორმაშია ბრაზილიელი რობერტო ფირმინო. ადამ ლალანა და ჯორჯინიო ვეინალდუმიც არ გამოიყურებიან ცუდად.

მატარებელივით დაქრის სადიო მანე. აბა, ვინ, რას დაუწუნებს დანიელ სტარიჯს ან ფილიპე კოუტინიოს. უბრალოდ, ეს უკანასკნელი შეიძლება ცოტა გადაღლილია და წინა შეხვედრაში კლოპმა იგი შეცვლაზე ათამაშა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა მატჩი "ლივერპულმა" ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო "ლესტერს" და თუ გავიხსენებთ გამოთქმას "გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიანო" - ალბათ, სტარიჯი ამჯერადაც ძირითადში იქნება, კოუტინიო კი მოგვიანებით გამოვა, რადგან ყველას ერთად ენფილდელთა თავკაცი ვერ დააყენებს, მაგრამ სხვაგავარადაც რომ მოხდეს, ეს "ჩელსის" საფიქრალს არ შეუმცირებს.

მატჩის განსჯა მარტინ ატკინსონს მიანდეს და ესეც მნიშვნელოვანი იქნება, თუ, რას იზამენ არბიტრები. "სუონსისთან" თამაშის მერე "ჩელსის" ბანაკში დიდი უკმაყოფილება იყო აშკარა შეცდომებისდა გამო, განსაკუთრებით ნათელი კეჰილზე უხეშობა გახლდათ, რომელიც არ დაფიქსირდა და ასე გაიტანა "სუონსიმ" მეორე გოლი. ამ სეზონში იყო ეპიზოდები, როდესაც "ლივერპულიც" დაზარალდა არბიტრების ხარვეზების გამო. მოკლედ, ატკინსონს მძიმე საღამო ექნება.

ამ კლუბების ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან 6 ძირითად დროში ფრედ დასრულდა (ერთხელ "ჩელსიმ" დამატებით დროში მოიგო), აქედან 4-ჯერ ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. ერთი მატჩი "ლივერპულმა" მოიგო და 3-ჯერ "ლურჯებმა" იმარჯვეს (პლუს ის ერთი მოგება დამატებით დროში).
ვთქვათ ისიც, რომ "ჩელსის" მარკო ვან გინკელი, კურტ ზუმა და ჯონ ტერი არ ეყოლება. ლივერპულელები კი ემრე ჯანსა და ოლუვასეი ოჯოს ვერ დაიხმარენ.

კლუბებს ერთი საერთოც აქვთ - არც ერთი არ არის ევროტურნირზე და ბოლომდე პრემიერლიგაში დაიხარჯებიან. ასე რომ, დანდობა არ იქნება...

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-1-41): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა - კანტე - მატიჩი, ვილიანი, ოსკარი, აზარი - დიეგო კოშტა
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ლალანა - მანე, ფირმინო, სტარიჯი

* * *
ერთპიროვნული ლიდერი "მანჩესტერ სიტი" "ბორნმუთს" მასპინძლობს და დიდი შანსია, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა უდანაკარგო სვლა განაგრძოს. ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" "უოტფორდს" სტუმრობს. არსენ ვენგერის "არსენალი" კი სეზონის სენსაციურად დამწყებ "ჰალ სიტის" სტუმრად ეთამაშება. მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" "მონაკოს" ჯავრის "სანდერლენდზე" ამოყრა შეუძლია, მით უფრო, რომ დევიდ მოეისის გუნდს აშკარა კრიზისი აქვს.

ლა ლიგა: დაუმოკლეს
ლა ლიგაში ისეთი გამორჩეული თამაში, როგორიც ლონდონური დაპირისპირებაა, ამ ტურში არ არის. მართალია, ქაღალდზე "ბილბაო"-"ვალენსიას" წყვილი კარგად გამოიყურება, მაგრამ შეხედეთ სატურნირო ცხრილს ორივე ეს ტრადიციული გუნდი აუტსაიდერთა შორისაა. "ვალენსიას" მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან "ღამურების" თამაშის ხარისხიც კატასტროფულია.

ერთპიროვნული ლიდერი "რეალი" ბარსელონაში მიდის, ოღონდ, "ესპანიოლთან" სათამაშოდ. ეს მატჩი ბევრ რამეს გაახსენებს მარკო ასენსიოს, რომელიც გასულ სეზონში სწორედ "ესპანიოლის" მაისურით აგორებდა ბურთს.

ცნობილი BBC აღდგა და ისევ დაიშალა - გარეთ ბეილმა მცირე ტრავმა მიიღო და ის "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ასე რომ, წინ რონალდოსა და ბენზემას დუეტს ვინმე უნდა შეუწყვილდეს - ალბათ, ლუკას ვასკესი. არ არის გამორიცხული, რომ ალვარო მორატამ სასტარტო შემადგენლობიდან ბენზემა ამოაგდოს. "კორნელია ელ პრატზე" ზიდანი ლუკა მოდრიჩს ან ტონი კროოს დაასვენებს (ან ორივეს), რათა თამაშის საშუალება ასენსიოს და მატიო კოვაჩიჩს მიეცეთ.

თუ "რეალი" ბარსელონას ესტუმრება, "ბარსელონა" მადრიდში მიდის და ლა ლიგის ეგიდით პირველად ეთამაშება "ლეგანსს". ამ გუნდს გაუმართლდა, რომ "ალავესთან" მარცხის ჯავრი "ბარსას" ვარსკვლავებმა მთლიანად "სელტიკზე" იყარეს. მადრიდში გამგზავრების წინ "ბარსას" ბაზა პაუ გასოლმა მოინახულა. პაუს ანდრეს ინიესტამ თავისი მაისურა აჩუქა, მაგრამ, ალბათ, "სან ანტონიოს" ახალწვეულს ის არ ჩაეტევა.

მადრიდის "ატლეტიკომ" და დიეგო სიმეონემ უცნაური ხელშეკრულება დადეს - არგენტინელ მწვრთნელთან კონტრაქტი 2 წლით დამოკლდა. კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ მალე "ჩოლო" სხვაგან წავა. მანამდე კი მისი "ატლეტიკო" ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს, რომელმაც სეზონი ყოჩაღად დაიწყო.

ბუნდესლიგა: იოლი გასეირნებები
გერმანიაში გრანდებს იოლი მატჩები ელით - "ბაიერნი" "ინგოლშტადტს" მასპინძლონს, "დორტმუნდი" კი - "დარმშტადტს". მიუნხენელები და დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის სტარტზე პირნათელები წარდგნენ ფანების წინაშე, მათ მეტოქეები გაანადგურეს და ახლა შინაურ პირველობაზე გადაერთვებიან.

ამ ტურში ჯერაც უდანაკარგო "ჰერტა" ბერლინში "შალკეს" მასპინძლობს, რომელიც ჯერ ქულებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ურიგოდ არ თამაშობს.

სერია A: არგენტინული საქმე
მილანში დიდი მატჩი უნდა იყოს - ფრანკ დე ბურის "ინტერი" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს. თეორიულად, "ინტერს" ბევრად ნაკლები შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ გუნდში ქაოსია - რობერტო მანჩინი სეზონის დაწყებამდე კვირით ადრე მოხსნეს, დე ბური კი იტალიურ ფეხბურთში ჯერ "მწვანეა".

ამას დავუმატოთ ისიც, რომ "ინტერს" ერთი დღით ნაკლები მოუწია დასვენება ევრობატალიების შემდეგ. დე ბურს "იუვენტუსთან" თამაშის წინ ტაქტიკური თავსატეხი ელის, რადგან 46 წლის ჰოლანდიელი ჯერაც ძიებაშია.

მაურო იკარდი "ინტერის" მთავარი იმედია და ის თითქმის ისეთივე პროდუქტიულია, როგორც გონსალო იგუაინი "იუვენტუსიდან". "იუვეს" კიდევ ერთი არგენტინელი ჰყავს შეტევაში - პაულო დიბალა. მოკლედ, ტურის ცენტრალური მატჩის ბედ-იღბალს დიდწილად, არგენტინელი ვარსკვლავები გადაწყვეტენ.

"იუვენტუსი" დიდებული გუნდია, ჩემპიონი და ფავორიტი, მაგრამ ჩვენც გავძლიერდით, დავიმატეთ ბრწყინვალე ფეხბურთელები", - ამბობს ოპტიმისტი იკარდი.

ტურში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩია - "ფიორენტინა" "რომას" მასპინძლობს.

ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური
პარასკევი. 16 სექტემბერი
ჩელსი-ლივერპული 23:00

შაბათი. 17 სექტემბერი
ჰალი-არსენალი 18:00
ლესტერი-ბარნლი 18:00
სიტი-ბორნმუთი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 18:00
ევერტონი-მიდლსბრო 20:30

კვირა. 18 სექტემბერი
უოტფორდი-მანჩესტერი 15:00
კრ. პალასი-სტოკი 17:15
საუთჰემპტონი-სუონსი 17:15
ტოტენჰემი-სანდერლენდი 19:30

ბომბარდირები: 4 - მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი).

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური
პარასკევი. 16 სექტემბერი
ბეტისი-გრანადა 22:45

შაბათი. 17 სექტემბერი
ლეგანესი-ბარსელონა 15:00
ატლეტიკო-სპორტინგი 18:15
ეიბარი-სევილია 20:30
ლას პალმასი-მალაგა 22:45

კვირა. 18 სექტემბერი
ოსასუნა-სელტა 14:00
ბილბაო-ვალენსია 18:15
ვილიარეალი-სოსიედადი 20:30
ესპანიოლი-რეალი 22:45

ორშაბათი. 19 სექტემბერი
ალავესი-დეპორტივო 22:45

ბომბარდირები: 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი); 3 - ჟერარდ მორენო (ესპანიოლი), ლუის სუარესი (ბარსელონა).

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
პარასკევი. 16 სექტემბერი
კიოლნი-ფრაიბურგი 22:30

შაბათი. 17 სექტემბერი
ბაიერნი-ინგოლშტადტი 17:30
დორტმუნდი-დარმშტადტი 17:30
ჰამბურგი-ლაიპციგი 17:30
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 17:30
აინტრახტი-ლევერკუზენი 17:30
გლადბახი-ვერდერი 20:30

კვირა. 18 სექტემბერი
აუგსბურგი-მაინცი 17:30
ჰერტა-შალკე 19:30

ბომბარდირები: 4 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი); 3 - მარკ უთი (ჰოფენჰაიმი).

იტალია. სერია A. IV ტური
პარასკევი. 16 სექტემბერი
სამპდორია-მილანი 22:45

შაბათი. 17 სექტემბერი
ლაციო-პესკარა 20:00
ნაპოლი-ბოლონია 22:45

კვირა. 18 სექტემბერი
უდინეზე-კიევო 14:30
კალიარი-ატალანტა 17:00
კროტონე-პალერმო 17:00
სასუოლო-ჯენოა 17:00
ტორინო-ემპოლი 17:00
ინტერი-იუვენტუსი 20:00
ფიორენტინა-რომა 22:45

ბომბარდირები: 4 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ფრანკ კესიე (ატალანტა).

საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური
პარასკევი. 16 სექტემბერი
კაენი-პსჟ 22:45

შაბათი. 17 სექტემბერი
მონაკო-რენი 19:00
ნანსი-ნანტი 22:00
ლორიანი-ლილი 22:00
ბორდო-ანჟერი 22:00
დიჟონი-მეცი 22:00
ტულუზი-გენგამი 22:00

კვირა. 18 სექტემბერი
მონპელიე-ნიცა 17:00
სტ. ეტიენი-ბასტია 19:00
მარსელი-ლიონი 22:45

ბომბარდირები: 6 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - მევლუთ ერდინჩი (მეცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ასეთი წინა მიმოხილვები. გააგრძელეთ და უფრო განავრცეთ.
ჯემალ
16 სექტემბერი 2016 21:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული