ეს საინტერესოა: როცა ფეხბურთი ჯაბნის სიბერეს...

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოტი 40 წლისაა და ის ძველებური გატაცებით თამაშობს ფეხბურთს. დღევანდელი ჩვენი წერილი ეძღვნება იმ ლეგენდებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს ვერაფერი დააკლო ასაკმა. როგორც ძველი ღვინოა კარგი, ისე კარგი იყო ამ ტიტანების ცქერა მინდორზე, თუნდაც - სოლიდურ ასაკში.

ალესანდრო კოსტაკურტა
იტალიის შვიდგზის ჩემპიონი. "მილანის" ლეგენდა, რომელიც ამ კლუბის შემადგენლობაში ხუთჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს. იტალიის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. მხოლოდ 41 წლის ასაკში გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა. ბოლო შეხვედრა ჩაატარა 2007 წელს, "უდინეზეს" წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში გაიტანა გოლი და ეს იყო იტალიის
ჩემპიონატში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელის მიერ გატანილი ბურთი.

პაოლო მალდინი
"მილანისა" და იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა. "მილანის" შემადგენლობაში მალდინიმ 627 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. შვიდი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ხუთი თასი - პაოლოს მართლაც დიდებული კოლექცია აქვს. იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები. ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. "მილანში" ბოლოს 2009 წელს ითამაშა. მისმა გუნდმა იმ მატჩში 2:0 მოუგო "ფიორენტინას. მაშინ მალდინი 40 წლის იყო.

ხავიერ ძანეტი
"ინტერის" ლეგენდა. "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ კლუბთან სიცოცხლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი." - ასეთი განცხადება გამოქვეყნდა "ნერაძურის" საიტზე მიმდინარე წლის აპრილში. "ინტერთან" ერთად ძანეტიმ მოიგო ხუთი სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა. ბუცები ლურსმანზე 2014 წლის მაისში ჩამოკიდა. უკანასკნელ მატჩში "კიევოს" წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა "ინტერს".

ალესანდრო დელ პიერო
"იუვენტუსში" გატარებული ორი ათეული სეზონის განმავლობაში 513 მატჩი ჩაატარა და 208 გოლი შეაგდო. მოიგო ბევრი ტიტული - მათ შორის სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი... იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. "იუვე" 2012 წლის შემოდგომაზე დატოვა და გადავიდა ავსტრალიურ "სიდნეიში". მერე იყო ინდოეთი, სადაც 2014 წელს, 40 წლისამ დაასრულა კარიერა.

ედვინ ვან დერ სარი
130 მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. გარდა ამისა, ითამაშა ისეთ ტოპკლუბებში, როგორებიც არიან "აიაქსი", "იუვენტუსი" და "მანჩესტერი". ჩემპიონთა ლიგა მოიგო ჰოლანდიურ და ინგლისურ გრანდებთან ერთად. ოთხჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ამდენჯერვე ინგლისის. მართალია, "მანჩესტერში" უკვე ასაკოვანი მივიდა, მაგრამ დიდებული დრო გაატარა ამ გუნდში.

სხვადასხვა ტურნირზე "წითელი ეშმაკების" ღირსება 266 მატჩში დაიცვა. ვან დერ სარმა საფეხბურთო კარიერა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც "იუნაიტედმა" 1:3 წააგო "ბარსელონასთან". საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მარტში ერთი შეხვედრა ჩაატარა სამოყვარულო გუნდში.

რაიან გიგზი
მთელი 29 სეზონი გაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში", მერე კი ამ კლუბის გაწვრთნაც მოასწრო. მხოლოდ პრემიერლიგაში არარიგითმა რაიანმა 672 მატჩი ჩაატარა. "იუნაიტედთან" ერთად ცამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ბოლო მატჩი "წითელ ეშმაკებში" 2014 წლის მაისში ითამაშა. მაშინ ის გუნდის მოთამაშე - მწვრთნელი იყო და საკუთარი თავი შეცვლაზე შეუშვა. "ჰალთან" შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა.

იენს ლემანი
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და უეფას თასის მფლობელი. ასევე მოიგო ინგლისური, იტალიური და გერმანული ოქროები. ფეხბურთიდან 2010 წელს, 40 წლისა წავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უარი ვერ უთხრა "არსენალის" თხოვნას, რომელსაც მეკარე სჭირდებოდა და დაბრუნდა. ბოლო მატჩი 41 წლისამ ითამაშა "ბლეკპულის" წინააღმდეგ. ის შეხვედრა "არსენალმა" 3:1 მოიგო.

დიდა
გასულ წელს ჯერ კიდევ ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც დატოვა "მილანი", სადაც 200 მატჩი ჩაატარა იტალიის უპირველეს საფეხბურთო ლიგაში, სამშობლოში დაბრუნდა. ითამაშა რამდენიმე იქაურ კლუბში. 2015 წელს დიდა უკვე 41 წლის იყო და "ინტერნასიონალის" სათადარიგო მეკარის როლით კმაყოფილდებოდა.

რივალდო
ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მფლობელი ფეხბურთში ძალიან დიდხანს დარჩა. 40 წლისა ბრაზილიელი ვარსკვლავი ანგოლაში მოიყარა, სადაც "კაბუსპორის" რიგებში ასპარეზობდა. "ბარსელონასა" და "მილანის" ექსვარსკვლავს ძალიან იზიდავს ეგზოტიკა, 43 წლისამ რამდენიმე მატჩი ითამაშა "მოგი მირიმში", ბრაზილიურ კლუბში, რომლის პრეზიდენტიც თავად არის. შეაგდო გოლი, დუბლი კი მისმა შვილმა, რივალდინიომ მიითვალა.

რომარიო
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე მხოლოდ 2007 წელს ჩამოკიდა. ევროპული კარიერის შემდეგ ითამაშა ბრაზილიაში, ყატარში, ავსტრალიაში...

39 წლისა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა. ბოლო მატჩი 41 წლის ასაკში ჩაატარა "ვასკო და გამაში", რის შემდეგაც პოლიტიკაში წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული