იცნობდეთ, ეს არის ნამდვილი ზლატან იბრაჰიმოვიჩი

AutoSharing Option
ვფიქრობთ, ჩვენს დღევანდელ წერილს მკითხველის ინტერესი იმთავითვე გარანტირებული აქვს. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეხება. მოვყვეთ გამორჩეულ ფაქტებს გამორჩეულ ფეხბურთელზე.

შვედეთის მოქალაქეობა კი აქვს, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფესვები სკანდინავიური სულაც არ არის. მამამისი შეფიკი ბოსნიელია, დედა კი - ხორვატი. მამა მუსულმანია, დედა - ქრისტიანი.

"იბრას" სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარდა. "ყველაზე იოლად მათემატიკას ვსწავლობდი. ერთი, ორი, სამი და... ამოცანა გამოყვანილია." - ამბობს ზლატანი.

იბრაჰიმოვიჩის ბავშვობის კერპია "კიჭა" რონალდო. ბიჭი თვალებ
დაჭყეტილი უყურებდა მის ფინტებს, მერე კი გადიოდა ქუჩაში და ცდილობდა, ასევე მოეტყუებინა მეგობრები.

ბავშვობაში ზლატანს ხშირად სჯიდნენ ცუდი ხასიათის გამო. ერთხელ, ბავშვთა გუნდ "ბალკანში" ასპარეზობისას "იბრამ" რაღაც დააშავა და ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა მწვრთნელმა. პირველი ტაიმის შემდეგ მისი გუნდი 0:4 აგებდა. მწვრთნელი იძულებული გახდა, ზლატანი მინდორზე შეეშვა და... მისმა გუნდმა 8:4 იმარჯვა.

ზლატანს რთული ბავშვობა ჰქონდა. ის გამუდმებით ჩხუბობდდა ქუჩაში და ხშირად ველოსიპედებსაც იპარავდა. ეს მას იმიტომ სჭირდებოდა, რომ არასოდეს ჰქონდა ტრანსპორტის ფული. ერთხელ ველოსიპედი "მალმიოს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელსაც კი მოპარა.

ზლატანის თამაშის თავისებური მანერის ახსნა იოლია - დიდი ხანია, ის შავ ქამარს ფლობს ტაეკვონდოში.

სინჯებზე არ დავდივარ
ახალგაზრდა "იბრა" თავისუფლად შეიძლებოდა, "არსენალის" ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ ის გააბრაზა არსენ ვენგერის დამოკიდებულებამ - ფრანგმა დაიჟინა, რომ შვედი ორი კვირის განმავლობაში უნდა გაესინჯა."მე სინჯებზე" არ დავდივარ" - თქვა ზლატანმა და "აიაქსთან" მოაწერა ხელი კონტრაქტს.

ზლატანი პირველ სერიოზულ შარში ჰოლანდიაში გაეხვია. პირველი ტაიმის მერე "აიაქსი" 0:2 აგებდა "ეინდჰოვენთან". "იბრა" თანაგუნდელს, ეგვიპტელ მიდოს წაეკიდა. მოშუღარებმა საქმეში მაკრატელიც კი ჩართეს. სისხლი არ დაღვრილა.

შვედეთის ნაკრებში ახალმისულ "იბრას" ხშირად აკრიტიკებდნენ. ერთხელ ის ნორვეგიელმა ფორვარდმა, ჯონ კარეუმაც გააკრიტიკა. "ვინ არის კარეუ? რასაც ის ბურთით აკეთებს, მე ფორთოხლით გავაკეთებ." - თქვა მაშინ შვედმა.

ზლატანმა კარგად დაიწყო "იუვენტუსში" და მალე მოიგო სკუდეტო, მაგრამ მერე აფეთქდა "კალჩოპოლის" სკანდალი და "იუვე" იტალიის რანგით მეორე ლიგაში დააქვეითეს, შვედმა იქ თამაში არ ისურვა და "ინტერს" მიაკითხა.

"ინტერში" იბრას გამოჩენა და ჟოზე მოურინიოს მისვლა შვედის მეუღლე ელენ სერგერთან ერთი იყო. "მიაქციე ყურადღება, რომ მან დროზე ჭამოს, კარგად გამოიძინოს და იყოს ბედნიერი." - უთხრა სერგერს მოურინიომ.

"რას აჩუქებთ ცოლს დაბადების დღეზე"? - ჰკითხეს ჩვენი წერილის გმირს. "არაფერს. მას ზლატანი ჰყავს." - იყო პასუხი.

ღმერთი...
ზლატანს საკუთარ თავზე უდიდესი წარმოდგენა აქვს. "უცნაურ პოზაში დგახართ. თქვენ გეი ხართ?" - ჰკითხა ესპანელმა ჟურნალისტმა ქალმა მას "ბარსელონაში" თამაშის დროს და ჟერარდ პიკესთან ერთად გადაღებული სურათი აჩვენა. "მოდი საღამოს ჩემთან სახლში და შენი დაც წამოიყვანე. გაჩვენებ, როგორი გეი ვარ." - უპასუხა ზლატანმა.

ცნობილია, რომ ზლატანი ბედნიერი ვერ იყო "ბარსელონაში". "მათ იყიდეს "ფერარი" და მაინც "ფიატით" დადიან" - უთხრა მან თავის აგენტს, მინო რაიოლას.

იბრაჰომოვიჩი ძვირადღირებული ავტოების ფანია. მის გარაჟში უამრავი ასეთი მანქანაა.

"გვარდიოლა კარგი მწვრთნელია, მაგრამ ის მშიშარაა და არ არის ვაჟკაცი. მან "ბარსელონაში" მე შემწირა ლიონელ მესის და არ ეყო ვაჟკაცობა, ჩემთვის ეთქვა ამის შესახებ. ყოველთვის მესის სიტყვა იყო პირველი. გვარდიოლა კი კუთხეში იჯდა და სკოლის მოსწავლესავით დუმდა." - ასე ახასიათებს ზლატანი პეპს.

"მე შემიძლია, კოლა ვიყიდო ისე, რომ სკამიდან არც კი ავდგე" - ამ სიტყვებით დასცინა იბრაჰიმოვიჩმა მესის. ზლატანს ლეო არაერთხელ გაუკრიტიკებია, მაგრამ ფაქტია, რომ "ოქროს ბურთის" ლაურეატის გამოსავლენ გამოკითხვაში ის ხშირად ასახელებდა მესის პირველ ადგილზე.

"ბარსადან" "მილანში" გადასული ზლატანი ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ გააკრიტიკა. "საკიმ დუმილი უნდა ისწავლოს. თუ რამე აქვს ჩემთვის სათქმელი, ტელევიზია რაში სჭირდება? პირდაპირ მითხრას." - თქვა შვედმა.

ზლატანს თავისუფალ დროს უყვარს კომპიუტერით ფეხბურთის თამაში და "ნაიარევი სახის" ყურება.

2012 წელს ზლატანს მაგრად აკრიტიკებდნენ ინგლისურ პრესაში. ის კი ჩავიდა "უემბლიზე" და გოლების წვიმა დაატეხა თავს ინგლისის ნაკრებს. მათ შორის იყო მოედნის ცენტრიდან გატანილი მაკრატელა.

ზლატანი მონაწილეობდა კომპანიაში, რომლის მიზანიც იყო მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა. მან სხეულზე დაიტანა 50 ადამიანის სახელი, რომელიც მაშინ შიმშილით იტანჯებოდა.

"ტატუ ჩემთვის ნარკოტიკივით არის. სულ ახალი და ახალი მინდება." - ამბობს "იბრა". მას არაერთი ტატუ აქვს. მათ შორის ერთ-ერთია "მხოლოდ ღმერთი განმსჯის მე".

შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებების საპლეიოფო მატჩის წინ ზლატანმა ჟურნალისტს უთხრა:

"მხოლოდ ღმერთმა იცის, რაშეიძლება მოხდეს ამ მატჩებში". "ძნელია, მას ვკითხოთ" - სარკაზმით თქვა ჟურნალისტმა. "სრულებითაც არა. შენ მას ესაუბრები." - იყო პასუხი.

ეკლესია საცხოვრებლად გადააკეთა
"იბრა" ჩასახლდა სტოკჰოლმის ცენტრში ნაყიდ ეკლესიაში, მოგვიანებით კი ეკლესია საცხოვრებელ აპარტამენტად გადააკეთა.

2014 წელს შვედეთის მეფე და დედოფალი საფრანგეთს ეწვივნენ. ქვეყნის პრესიდენტთან და ზლატანთან ერთად, ვინც მაშინ "სენ-ჟერმენში" თამაშობდა, დაიგეგმა ექსკურსია "პარკ დე პრენსზე". ბოლო წამს შვედმა იუარა - "ლილთან" შეხვედრისათვის ვემზადებიო.

ზლატანმა ოთხი არასრული სეზონი გაატარა "პარი სენ-ჟერმენში" და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 122 მატჩში 113 გოლი შეაგდო.
ბოლო ფრანგულ სეზონში კარიერის რეკორდი დაამყარა - 50 გოლი გაიტანა.
ზლატანი მესამე ფეხბურთელია, ვინც ევროპის შვიდ სხვადასხვა კლუბში გაიტანა.

მან მოიგო ყველა ჩემპიონატი, რომელშიც კი ითამაშა. ინგლისის ჩემპიონობა, "იუნაიტედის" დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, უნდა გაუჭირდეს. არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

"მანჩესტერში" წასვლის წინ მან ასე შეაფასა საფრანგეთში გატარებული პერიოდი: "მე მეტი გავაკეთე საფრანგეთისათვის, ვიდრე ფრანსუა ოლანდმა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული