ალ-ხელაიფი ახალ წინადადებას ამზადებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მორიგი შეთავაზება 222 მილიონ ევროს უტოლდება. მისი იდეაა, პსჟ ისეთ ევროპულ გრანდად აქციოს, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რომ იქნება. ის ფიქრობს, რომ ნეიმარის პროექტში ჩადებული თანხა თავის
არადა, ამ ზაფხულს "საუკუნის გარიგება" თითქოს, არ იყო შორს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო ამტკიცებდა, რომ ნეიმარს პარიზისკენ მიუწევდა გული, სადაც მეგობრები - მარკინიოსი, ლუკას მოურა და ტიაგო სილვა ელოდნენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ნეიმარმა, ერთი ხანობა, შეაჩერა მოლაპარაკებები "ბარსელონას" მესვეურებთან, კონტრაქტის 2021 წლამდე გაგრძელების თაობაზე. ამას გარდა, მას ხელფასის სახით წლიურად 25 მილიონ ევროსაც ჰპირდებოდნენ...
"ბარსელონაში" კი ამტკიცებდნენ, რომ კონტრაქტი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ იანვარში, უბრალოდ, ადმინისტრაციული წინაღობების გამო ივლისამდე ვერ მოხერხდა მისი გაფორმება.
თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ნეიმარის მამამ და აგენტმა ვაგნერ რიბეირომ ხელოვნურად შემოაგდეს პსჟ-ის თემა, რათა "ბარსელონა" უფრო მსუყე კონტრაქტზე წამოსულიყო. საბოლოოდ, კატალონიელთა ვარსკვლავმა უარი თქვა პსჟ-ის შეთავაზებაზე და, შესაბამისად, წლიურ 40 მილიონ ევროზე, "კამპ ნოუზე" დარჩენის სანაცვლოდ.
მაგრამ ამ ზაფხულის პერიპეტიები იყო მხოლოდ სტარტი ალ-ხელაიფის გეგმისა, რომელიც თავიდან უნდა ამუშავდეს მომავალი სეზონის წინ. შესაძლოა, ამითიც იყო გამოწვეული პარიზული გრანდის პასიურობა ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. გაჩნდა ეჭვი, რომ ალ-ხელაიფი სალაროს მომავალი კამპანიისთვის გაუფრთხილდა...
სხვათა შორის, აპრილში პსჟ-ის ყოფილი მწვრთნელი ლორან ბლანი ამბობდა, რომ მეგავარსკვლავის შეძენა გუნდს დაამსგავსებდა თავკომბალას, საპირისპიროდ იმისა, რასაც თავად ცდილობდა "პარკ დე პრენსზე" მუშაობის პერიოდში...
ასეა თუ ისე, პსჟ-ის მესვეურებმა, თუ მართლაც აპირებენ ნეიმარის ყიდვას, მომავალი ზაფხულისთვის 222 მილიონი ევრო უნდა გაამზადონ. სწორედ ეს არის ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 2018 წლისთვის 250 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა "ბარსაში" იმედი აქვთ, რომ ნეიმარს კონტრაქტის ბოლომდე შეინარჩუნებენ.
არადა, დაგეგმილია "კამპ ნოუს" მოდერნიზება, რასაც 600 მილიონი ევრო დასჭირდება და ნეიმარში აღებული თანხა მესამედით მაინც შეეხიდებოდა კლუბის სალაროს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ეს შეიძლება გახდეს კიდეც გადამწყვეტი ფაქტორი "ბარსელონას" ხელმძღვანელთა ინტერესების განსაზღვრაში.
მოკლედ, ვნახოთ. მომავალ ზაფხულამდე ჯერ კიდევ არის დრო და არ არის გამორიცხული, ბევრი რამ შეიცვალოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"