ევროუქმეების წინ: გჯერა, ესე იგი, ხედავ - "ენფილდზე" ტიტულოვანთა ჯახია

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო სანაკრებო პაუზის შემდეგ არანაკლებ საინტერესო ევროუქმეები გველის. პირველი კარგი ჯახი უკვე პარასკევსაა, როცა "სიგნალ პარკი" "დორტმუნდისა" და "ჰერტას" დაპირისპირებას მასპინძლობს.

ყველაფერი კი დიდებული შეხვედრით უნდა დასრულდეს წესით - "ენფილდზე" "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.

პრემიერლიგა: იოჰან კრუიფის დერბი
ტურის მშვენება ორშაბათს "ენფილდზეა" - "ლივერპული" "იუნაიტედის" წინააღმდეგ. ქვეყნის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ჯახი, იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება!

"ლივერპული" 16 ქულით მეოთხეა და "იუნაიტედს", რომელიც მე-6 პოზიციაზეა, სამი ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ეს ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ჯახია. კლოპს
შუა ხაზში უჭირს, სადაც საეჭვოა ადამ ლალანასა და ჯინი ვეინალდუმის თამაში. ჟოზე მოურინიომ კვლავ არ იცის, ეყოლება თუ არა ჰენრიხ მხითარიანი და ლუკ შოი, აი, ფილ ჯონსის თამაში კი ისევ გამორიცხულია.

"ლივერპულის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამ თამაშზე გუნდს სხვანაირი მაისურები ეცმევა, სადაც სპონსორის ნაცვლად იქნება ფრაზა - Seeing is believing - გუნდი უსინათლობასთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთვება. ეს გუნდები ერთმანეთს 197-ედ (!) ხვდებიან, აქედან 90 შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართა და ეს 91-ე იქნება.

მართლაც დიდი მოლოდინია ინგლისში და მთელ ევროპაშიც პრემიერლიგის ორი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელის დუელისგან. კლოპი და ჟოზე სულ რამდენიმე მეტრში დადგებიან ერთმანეთთან და დარწმუნებულნი იყავით, 90 წუთის განმავლობაში არანაკლებ სპექტაკლს შემოგთავაზებენ, ვიდრე მათი გუნდები მოედანზე.

ინგლისური მედია თანხმდება, რომ უეინ რუნი ისევ თამაშგარეში დარჩება და ის "ლივერპულთან" მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. მოკლედ, რუნი ჟოზემ და გარეთ საუთგეიტმა ლამის ერთდროულად "ჩააჩოჩეს".

ბოლო 8 წელიწადში პირველად, ამ შეხვედრას სატელევიზიო "ლაივ-შოუში" რაიან გიგზი, გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი ერთად გაარჩევენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, ლოვრენი, მატიპი, მილნერი - ჯანი, კოუტინიო, ჰენდერსონი - მანე, სტარიჯი, ფირმინო
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, შოუ - პოგბა, ანდერი - რაშფორდი, მატა, მარსიალი - იბრაჰიმოვიჩი.

Sportall.Ge

***
პრემიერლიგაში, ზოგადად, საინტერესო ტური გველის - "ეტიჰადზე" ერთმანეთის წინააღმდეგ იოჰან კრუიფის ორი მოწაფე დადგება - ხოსეპ გვარდიოლა "სიტის" გამოიყვანს, ხოლო რონალდ კუმანი - "ევერტონს". ორივე გუნდი კარგად თამაშობს. ასე რომ, ამ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

პეპი გაახარა სერხიო აგუერომ, არგენტინელის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მშობლიური კონტინენტიდან დაბრუნებულმა კუნმა უკვე სრულფასოვნად ივარჯიშა. "პეპის გუნდებმა ბევრი რამ გადაიღეს "ბარსელონასა" და ჰოლანდიური ფეხბურთისგან", - აცხადებს კუმანი, რომელმაც დაამატა, რომ ძალიან კარგად ახსენდება ის დრო, როცა გვარდიოლა და ის ერთად თამაშობდნენ "ბარსაში".

"ვესტ ბრომვიჩის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ნასერ ჩადლი თავის ყოფილ გუნდს, "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ბელგიელი 13 მილიონ გირვანქად გადავიდა ამ ზაფხულს ლონდონიდან ბირმინგემულ კლუბში. "ტოტენჰემში" ჯერ ვერ ესწრება ჰარი კეინის დაბრუნება, 2-3 დღეში ის ვარჯიშს განაახლებს. "სუონსიში" დებიუტი აქვს ამერიკელ თავკაც ბობ ბრედლის, გამომცდელი კი სერიოზულია - არსენ ვენგერი. ლონდონში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თამაშია, ანტონიო კონტეს იტალიური დერბი აქვს კლაუდიო რანიერისთან, "ჩელსი" კი ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" მასპინძლობს. კონტეს ოჯახური მიზეზით ბრაზილიელი ვილიანი დააკლდება (დედა გარდაეცვალა).

ლა ლიგა: ლეო? OK!
ესპანეთში ბევრი კარგი დაპირისპირებაა, მაგრამ ყველაზე ტრადიციულს გამოვყოფთ - ახლა ლა ლიგაში 5 ბასკური გუნდია (ნავარული "ოსასუნას" ჩათვლით), მაგრამ ნამდვილი ბასკური დერბი "ბილბაოსა" და "რეალ სოსიედადის" ჯახია. სწორედ ეს ელის კვირას ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარს. თან, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ახლა ორივე გუნდი ცხრილის ზედა ნაწილშია. ზედ ბასკური დერბის წინ "ატლეტიკმა" კონტრაქტი გაუგრძელა მიკელ სუსაეტას, რომლის საბაზრო ფასი ამიერიდან 45 მილიონი ევროა.

Sportall.Ge

ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" "დეპორტივოს" ეთამაშება. ის, რაც თქვა ნეიმარმა თქვა, ნამდვილად გაუკვირდებათ არგენტინის ნაკრების ფანებს - ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ბრუნდება, რომ ის კარგ ფორმაშიცაა. ანუ მას "დეპორტივოსთან" თამაში შეუძლია. არადა, "ლა პულგამ" ორი სანაკრებო მატჩი გამოტოვა, ბევრის აზრით, სულ ტყუილად. თუ ითამაშებს, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზინედინ ზიდანის "რეალი" "ბეტისს" სტუმრობს. გუნდს ბოლოდროინდელი მცირე კრიზისი აქვს გადასალახავი, ისევე, როგორც კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც დროა, ნაკრებში კარგი თამაში კლუბშიც გადმოიტანოს და გოლების გატანა დაიწყოს.

ჩემპიონატის ლიდერი, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ბოლოადგილოსან "გრანადას" მასპინძლობს, ხოლო ხიხონში ჩეზარე პრანდელის ნათლობა შედგება "ღამურებში". ვნახოთ, როგორი იქნება იტალიელის დებიუტი.

ბუნდესლიგა: პიერი თუ ვედადი?
ტური ეგრევე ცენტრალური მატჩით იწყება - პარასკევს მესამე და მეორეადგილოსნები თამაშობენ - "დორტმუნდი" "ჰერტას" წინააღმდეგ. უნდა გამოჩნდეს, რამდენად საფუძვლიანია ბერლინელთა ამბიციები ამ სეზონში, მათ ჩემპიონატი დიდებულად დაიწყეს. გველის გოლეადორთა დუელიც - აქეთ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, იქით - ვედად იბიშევიჩი.

ბოლო მატჩებში ტუხელის გუნდის უპირატესობა აშკარაა "ჰერტაზე", 6 დაპირისპირებიდან 4 "ბორუსიამ" მოიგო, "ჰერტამ" კი - მხოლოდ ერთი.

ლიდერი "ბაიერნი", რომელსაც პირველად წინა ტურში დაუცდა ფეხი (ფრე შინ "კიოლნთან"), ფრანკფურტს სტუმრობს, სადაც "აინტრახტთან" მძიმე მატჩი ელის.

Sportall.Ge

სერია A: მზის დერბი
შაბათს "დერბი დელ სოლე" ("მზის დერბი") გველის - "ნაპოლი" არკადიუშ მილიკის გარეშე მასპინძლობს "რომას", რომელსაც ედინ ჯეკო ეყოლება. ამ შეხვედრაში "იუვენტუსის" მთავარი კონკურენტის ვინაობა წყდება.

ამ შეხვედრაზე გუშინ უკვე ბევრი ვილაპარაკეთ. ვიტყვით, რომ "ნაპოლის" აქვს იმის რესურსი, რომ მილიკის არყოფნა გუნდს არ დაეტყოს და თუ მიროსლავ კლოზეს მართლა დაიმატებს, კიდევ უკეთესი სამხრეთელთათვის.

ჩემპიონი "უდინეზეს" მასპინძლობს. არის შანსი, რომ "იუვენტუსის" რიგებში კლაუდიო მარკიზიო ვიხილოთ, რომელსაც ზუსტად 6 თვე გაუცდა მძიმე ტრავმის გამო.

ლიგა 1: ბალოტელი ლიონს შეუტევს
საფრანგეთში ძალიან კარგი ტურია. უკვე პარასკევს ყოჩაღი "ტულუზი" ლიდერის მდევარ "მონაკოს" მასპინძლობს, ხოლო ლიდერი "ნიცა" მარიო ბალოტელითურთ "ლიონის" მასპინძელი იქნება. იტალიელი ბელჰანდასთან წყვილში შეუტევს "ლიონს", რომელსაც კლავ არ ეყოლება (დიდი ალბათობით) საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტი.

შაბათს უკვე პსჟ-ც ჩაებმება საკლუბო ორომტრიალში.

ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური
შაბათი. 15 ოქტომბერი
ჩელსი-ლესტერი 15:30
ბორნმუთი-ჰალი 18:00
არსენალი-სუონსი 18:00
სიტი-ევერტონი 18:00
სტოკი-სანდერლენდი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 18:00
კრ. პალასი-ვესტ ჰემი 20:30

კვირა. 16 ოქტომბერი
მიდლსბრო-უოტფორდი 16:30
საუთჰემპტონი-ბარნლი 19:00

ორშაბათი. 17 ოქტომბერი
ლივერპული-მანჩესტერი 23:00

ბომბარდირები: 6 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 5 - სერხიო აგუერო (სიტი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).

დისკვალიფიკაცია: გრეი (ბარნლი), ჯა ჯეჯე (უოტფორდი), პარედესი (უოტფორდი), არლაუსკისი (უოტფორდი).

ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტური
პარასკევი. 14 ოქტომბერი
ლას პალმასი-ესპანიოლი 22:45

შაბათი. 15 ოქტომბერი
ლეგანესი-სევილია 15:00
ბარსელონა-დეპორტივო 18:15
ატლეტიკო-გრანადა 20:30
ბეტისი-რეალი 22:45

კვირა. 16 ოქტომბერი
ალავესი-მალაგა 14:00
ბილბაო-სოსიედადი 18:15
სპორტინგი-ვალენსია 20:30
ვილიარეალი-სელტა 22:45

ორშაბათი. 17 ოქტომბერი
ეიბარი-ოსასუნა 22:45

ბომბარდირები: 6 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 5 - ლუის სუარესი (ბარსელონა).

დისკვალიფიკაცია: ბალენზიაგა (ბილბაო), კონე (მალაგა), სირიგუ (სევილია)

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური
პარასკევი. 14 ოქტომბერი
დორტმუნდი-ჰერტა 22:30

შაბათი. 15 ოქტომბერი
გლადბახი-ჰამბურგი 17:30
კიოლნი-ინგოლშტადტი 17:30
აუგსბურგი-შალკე 17:30
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 17:30
აინტრახტი-ბაიერნი 17:30
ვერდერი-ლევერკუზენი 20:30

კვირა. 16 ოქტომბერი
მაინცი-დარმშტადტი 17:30
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 19:30

ბომბარდირები: 5 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ანტონი მოდესტე (კიოლნი).

დისკვალიფიკაცია: ჰალიმი (მაინცი), როდრიგესი (მაინცი).

იტალია. სერია A. VIII ტური
შაბათი. 15 ოქტომბერი
ნაპოლი-რომა 17:00
პესკარა-სამპდორია 20:00
იუვენტუსი-უდინეზე 22:45

კვირა. 16 ოქტომბერი
ფიორენტინა-ატალანტა 14:30
ჯენოა-ემპოლი 17:00
ინტერი-კალიარი 17:00
ლაციო-ბოლონია 17:00
სასუოლო-კროტონე 17:00
კიევო-მილანი 22:45

ორშაბათი. 17 ოქტომბერი
პალერმო-ტორინო 22:45

ბომბარდირები: 6 - კარლოს ბაკა (მილანი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 5 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).

დისკვალიფიკაცია: ჯემაილი (ბოლონია), გასტალდელო (ბოლონია), პანდევი (ჯენოა), ჯენტილეტი (ჯენოა), გაცი (პალერმო), ძამპანო (პესკარა).

საფრანგეთი. ლიგა 1. IX ტური
პარასკევი. 14 ოქტომბერი
ტულუზი-მონაკო 21:00
ნიცა-ლიონი 22:45

შაბათი. 15 ოქტომბერი
ნანსი-პსჟ 19:00
ლორიანი-ნანტი 22:00
მონპელიე-კაენი 22:00
ბასტია-ანჟერი 22:00
გენგამი-ლილი 22:00

კვირა. 16 ოქტომბერი
რენი-ბორდო 17:00
სტ. ეტიენი-დიჟონი 19:00
მარსელი-მეცი 22:45

ბომბარდირები: 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მევლუთ ერდინჩი (მეცი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

დისკვალიფიკაცია: ჟანო (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული