მუნდიალი 40, 48 გუნდით... სადამდე, ჯანი?

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თავგამოდებით იცავს მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოების გეგმას. მოგეხსენებათ, სწორედ მისი იდეაა, 2026 წლიდან მუნდიალებზე 40-მა ან 48 გუნდმა ითამაშოს.

მკითხველს ემახსოვრება - თავის დროზე, როცა ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის 32-მდე გაზრდამ კამათი გამოიწვია, არ არის გასაკვირი, რომ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა ამ ახალ გეგმას. მთავარი არგუმენტი გასაგებია - რაოდენობის ზრდა გამოიწვევს ხარისხის დაცემას.

ცოტა ხნის წინ გაიმართა ფიფას ახალი საბჭოს (რომელმაც დისკრედიტირებული აღმასკომი შეცვალა) სხდომა, რომელზეც ინფანტინომ წარმოადინა პროექტი - "ფიფა 2.0", სამომავლო მიზნებითა და გეგმებით. მათ
შორისაა მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის ზრდაც.

"40 გუნდი იქნება თუ 48, ახლა ეს არ იყო მთავარი, არამედ ის, რომ დისკუსიისთვის პოზიტიური გარემო შეიქმნა. მე არ მგონია, რომ გუნდების რაოდენობის ზრდა ხარისხს გააუარესებს და ამ მოსაზრებას ბევრი ეთანხმება. ყველამ ვნახეთ, რომ ბოლო მუნდიალზე კოსტა რიკამ ჯგუფში ჩატოვა თვით ინგლისი და იტალია. ასე რომ, ფეხბურთის დონე მთელ მსოფლიოში იზრდება და ეს არის ფაქტი. 48-გუნდიან ფორმატში გათვალისწინებულია, რომ 16 ნაკრები იქნება განთესილი, ხოლო 32 ითამაშებს პლეიოფებს", - ამბობს ინფანტინო.

წმინდა სპორტულის გარდა, ის შეეხო ფინანსურ საკითხსაც. ფიფას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გუნდების რაოდენობის ზრდა უფრო მეტ შანსსა და შემოსავალს მისცემს იმ ქვეყნებს, რომელთათვისაც ადრე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მხოლოდ ოცნების საგანი იყო.

ინფანტინომ კონკრეტული ციფრიც დაასახელა - თუკი ახლა თითოეული ასოციაცია ოთხწლიან ციკლში 400 ათას დოლარს იღებს, ახალი პროექტით 1,25 მილიონს მიიღებს.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყანა (ან ქვეყნები) სრულიად გამჭვირვალედ შეირჩევა. ამავე დროს, ფიფა ყველანაირად მხარს დაუჭერს თანამასპინძლობის წინადადებებსაც, რადგან ერთი ქვეყნისთვის 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება, შესაძლოა, დაუძლეველი ტვირთი აღმოჩნდეს.

ინფანტინოს თქმით, "ფიფა 2.0" არის არა ფარატინა ქაღალდების დასტა, როგორც ეს ადრე იყო, არამედ, მომავლის რეალური ხედვა:

"ეს პროექტი არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, ეს არის მოძრაობა უკეთესი მმართველობისკენ, შემოსავლების უკეთესი კონტროლისკენ და გამჭვირვალობისკენ", - ამბობს ინფანტინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მატერიალიზმმა ჩაყლაპა ყველაფერი, სამწუხაროდ...
რაიხმანი
12:38 19-10-2016
0
ვირთხების სიხარბე. ჩამოხსენით ამას (ისევე როგორც მსოფლიოს მმართველთ) ნიღაბი და შეგრჩებათ "რეპტილოიდი"
sandr
17:24 18-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული