ფრანგულ "ეკიპთან" ინტერვიუში მან მარიო ბალოტელისთან ცნობილ კონფლიქტზე ილაპარაკა.
2013 წელს მთელმა დუნიამ იხილა ამ დაპირისპირების ამსახველი ფოტოები, როცა ქერინგტონში, "მანჩესტერ სიტის" ბაზაზე, მანჩინი და ბალოტელი ვარჯიშის დროს ერთმანეთს წაეკიდნენ და რომ არა სამწვრთნელო სტაფის დროული ჩარევა, გაწევ-გამოწევა უთუოდ სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდებოდა.
"ვარჯიშის დაწყების წინ ფეხბურთელები სპეციალურად გავაფრთხილე, რომ თავი აერიდებინათ გაელ კლიშისთან მჭიდრო კონტაქტისთვის, რადგან მას ახალი მოშუშებული ჰქონდა ტრავმა და სრულ დატვირთვაზე გადადიოდა. მაგრამ დაიწყო ვარჯიში და უცებ
ძალიან გავცხარდი, მივირბინე ადგილზე და მარიოს მაისურში ვტაცე ხელი, რათა აქეთ გამომეყვანა, მაგრამ ის იმდენად ძლიერია ფიზიკურად, ადგილიდან ძლივს დავძარი... მერე ფოტოები გამოქვეყნდა პრესაში, სადაც ისე ჩანს, თითქოს ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ, მაგრამ ასე არ ყოფილა".
შემდეგ მანჩინი იხსენებს, რომ ბალოტელის კონფლიქტი ჰქონდა თანაგუნდელებთანაც:
"მისი საქციელი ხშირად გუნდში სიტუაციას ძაბავდა, აშკარა იყო დაპირისპირება ბალოტელისა და მის ზოგიერთ თანაგუნდელს შორის. ვიცოდი, რომ მას იტალიაში დაბრუნება სურდა, რადგან პრემიერლიგა მისთვის უჩვეულო გარემო აღმოჩნდა და ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა, თუ ერთ-ორ გაბრწყინებას არ ჩავთვლით. რეალურად, მან პრემიერლიგაში თავი ვერაფრით გამოიჩინა".
ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტიში" პოტენციალი ვერ გამოავლინა და "მილანში" გადავიდა, მერე იყო "ლივერპული", სადაც იურგენ კლოპთან საერთო ენა ვერ გამონახა. ახლა კი ის ფრანგულ "ნიცაშია" და როგორც ამბობენ, თავიდან იბადება - ულამაზეს ფრანგულ რივიერაზე მან საკუთარ თავში ახალი ძალა იპოვა.
მისი ტალანტი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, მაგრამ საქმისადმი დამოკიდებულება, მუდმივი კონფლიქტი მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან, ბოლომდე "გახსნის" საშუალებას არ აძლევდა.
"სუპერმარიომ" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მერე არ უთამაშია 2014 წლის მუნდიალზე, ისევე, როგორც ახლახან გამართულ ევროპის პირველობაზე.
შემდეგ მანჩინი აგრძელებს: "მარიო იტალიის ნაკრებში რომ აღარ თამაშობს, ეს მხოლოდ მისი ბრალია. წარმოუდგენელია, ქვეყანას ასეთი ძლიერი, მაღალი დონის ცენტრფორვარდი ჰყავდეს და ვერ იყენებდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოტენციალითა და სხვა ყველანაირი მონაცემით, იტალიას ბოლო წლებში ასეთი თავდამსხმელი არ ჰყოლია. იმედი მაქვს, ახლა მაინც ესმის, რომ რადიკალურად უნდა შეცვალოს საქმისადმი დამოკიდებულება და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. ეს არც ისე ძნელია, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა მოერიოს".
მანჩინი იხსენებს, როგორ იმედებს ამყარებდა ბალოტელიზე, როცა ის "მანჩესტერ სიტიში" მიიწვია:
"ყველას გახსოვთ ის გენიალური მატჩი, როცა "იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 6:1 მოვუგეთ. ამ თამაშის შემდეგ მარიოს "ფენომენი" ვუწოდე. იმ დღეს მოედანზე ვხედავდი ფეხბურთელს, რომელიც თითქოს ყველაზე უფროსი იყო ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის, სხვები კი პატარა ბიჭებივით დარბოდნენ მის გარშემო. ძალიან მინდოდა, რომ ის ყოველთვის ასეთი ყოფილიყო.
ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რადგან ბალოტელიმ თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება დაამტკიცა. ძალიან მინდა, რომ ასეთივე ვნახო "ნიცაშიც".
მარიო ბალოტელი სკანდალებში
* "ქერინგტონის" ბაზასთან ახლოს ავარიაში მოჰყვა საკუთარი Audi R8-ს მართვისას. როცა შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, ბალოტელის ჯიბეში აღმოაჩნდა ნაღდი ფული 5 000 ფუნტის ოდენობით...* დაჯარიმდა 100 000 ფუნტით "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ხელშუბის სროლის გამო...
* მისი ბინა თითქმის მთლიანად დაიწვა ფანჯრიდან გაშვებული ფოიერვერკის დროს. ზარალმა 400 000 ფუნტი შეადგინა...
* დააკავეს მის 17 წლის ძმასთან ერთად ბრეშაში, ქალების სატუსაღოს სიახლოვეს საეჭვო სეირნობისას...
* 2013 წელს დააჯარიმა "მილანმა" ფლორენციისკენ მიმავალ მატარებელში სიგარეტის მოწევის გამო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თავისი გაჭირვება არ ეყოფა,კიდევ ასეთი უაზრობებით რომ არ დაამძიმოთ?!
მგონი აზრზე მოსვლას აპირებს და შეეშვით,რა!