ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი შესაძლოა, დონით ჩამორჩება დანარჩენ ტოპ-ლიგებს, მაგრამ იქ შესანიშნავი ფორვარდები თამაშობენ, როგორებიც ედინსონ კავანი, ალექსანდრ ლაკაზეტი და მარიო ბალოტელი არიან.

გონსალო იგუაინს ყოველი მეორე დარტყმით გოლი გააქვს, მაგრამ მასზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვს "ბარსელონას" ფეხბურთელს, რომელიც არც მესია, არც ნეიმარი და არც სუარესი...

დაუმარცხებლები და მოუგებლები
* ტოპ-5 ლიგაში ჯერაც დაუმარცხებლები არიან (6 კლუბი): "ტოტენჰემი", "რეალი", "ბაიერნი", "ლაიპციგი", "ჰოფენჰაიმი" და "ნიცა".

* ტოპ-5 ლიგაში ჯერაც მოუგებლები არიან (4 კლუბი): "სანდერლენდი", "გრანადა", "ინგოლშტადტი" და "ჰამბურგი".

პრემიერლიგა: მოურინიოზე ორჯერ უკეთესი
* ფილიპე კოუტინიომ
(ლივერპული) მეექვსედ შეძლო ერთ თამაშში ორი საგოლე პასის გაკეთება. რაც ბრაზილიელი პრემიერლიგაშია, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონატში.

* 2016 წელს მერვედ მოხდა, რომ "ლივერპულმა" 4 და მეტი გოლი გაიტანა თამაშში.

* "კრისტალ პალასისა" და "ლივერპულის" მატჩის პირველ ტაიმში ხუთი გოლი გავიდა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩს (მანჩესტერი) 6 ტურია გოლი ვერ გაუტანია. ბოლოს ასეთი რამ მას "ინტერში" 2007 წლის დეკემბერში მოუვიდა.

* ანდერ ერერა (მანჩესტერი) პრემიერლიგაში თამაშისას პირველად გააძევეს, თუმცა ბასკს ხუთი წითელი ბარათი აქვს მიღებული ლა ლიგაში.

* ვინსენტ იანსენს (ტოტენჰემი) ჯერ მხოლოდ პენალტებით გააქვს გოლები (3).

* გასტონ რამირესმა (მიდლსბრო) 2014 წლის მერე პრემიერლიგაში პირველად გაიტანა.

* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან სამჯერ შეასრულა დუბლი.

* კლაუდიო რანიერი (ლესტერი) ჯერ არასოდეს დამარცხებულა პრემიერლიგაში "ტოტენჰემთან" - 7 მოგება და 3 ფრე.

* ოლივიე ჟირუმ (არსენალი) "სანდერლენდთან" მატჩში პირველი ორი შეხებით გოლები გაიტანა!

* ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში "არსენალს" 2004 წლის მერე პირველად გაუტანა.

* ჯონ ოშიმ (სანდერლენდი) პრემიერლიგის მატჩებში სასტარტოში 350-ედ ითამაშა, ერთით მეტჯერ, ვიდრე როი კინმა.

* 10 ტურის მერე "ჩელსის" ზუსტად ორჯერ მეტი ქულა აქვს, ვიდრე გასულ სეზონში 10 სასტარტო ტურის მერე. შეგახსენებთ, რომ შარშან "ჩელსის" ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა, წლეულს კი - ანტონიო კონტე.

* დიეგო კოშტამ (ჩელსი) პრემიერლიგაში მე-40 გოლი გაიტანა (64 მატჩში).

* რომელუ ლუკაკუმ "ევერტონის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. კლუბში მეტი გოლი მხოლოდ დანკან ფერგიუსონსა (60) და ტიმ კეჰილს (56) აქვთ გატანილი.

* რომელუ ლუკაკუმ ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაუტანა "ვესტ ჰემს".

* დიმიტრი პაიემ (ვესტ ჰემი) ამ სეზონში 30 საგოლე შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს, ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.

* ედენ აზარს (ჩელსი) 10 ტურში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (5), ვიდრე მთელ გასულ სეზონში (4).

ლა ლიგა: როცა გრიზმანს ვერ გააქვს...
* "ლეგანესს" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს შინ - 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულა. "ლოგრონიესსაც" კი, რომელმაც პირველი გამარჯვება მე-8 საშინაო მატჩში იზეიმა, ამ დროისთვის მეტი ქულა ჰქონდა მოგროვებული.

* ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი) მადრიდელებს ერჩის. კარიერაში 16 საგარეო გოლიდან 56% მადრიდულ კლუბებს გაუტანა.

* ამიერიდან კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის ყველა გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

* დანიელ ვასმა (სელტა) 2013 წლიდან მოყოლებული, მე-7 გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.

* ბოლოს ვიგოს "სელტამ" პრიმერას საგარეო მატჩის I ტაიმში სამი გოლი 1996 წელს გაიტანა.

* ლა ლიგაში ამ სეზონში ყველაზე ხშირად "ბეტისის" კარში არტყამენ - 170 დარტყმა, აქედან 67 ზუსტი.

* პაბლო პიატიმ (ესპანიოლი) 5 საგოლე პასი გააკეთა ამ სეზონში. ის კრამარიჩთან ერთად ფორვარდებში ლიდერია ევროპის ტოპ-5 ლიგაში.

* "ვილიარეალმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

* ბრუნო სორიანომ (ვილიარეალი) ამ სეზონში სამიდან სამივე პენალტი გაიტანა.

* ევროპის მოწინავე ლიგებში მათ შორის, ვისაც სულ მცირე, 3 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე კარგი შედეგი რაფინიას (ბარსელონა) აქვს. მისი დარტყმულების 83% გოლია.

* "გრანადას" წინააღმდეგ სამუელ უმტიტიმ (ბარსელონა) 115 პასი გააკეთა, რაც მცველისთვის საუკეთესო შედეგია ამ სეზონში.

* მადრიდის "ატლეტიკომ" შინ ევროპის ტოპ-ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ამ სეზონში - 18.

* ევროპის ტოპ-ლიგებში ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი (ყველა ტურნირში) ამ სეზონში იანიკ ფერეირა-კარასკომ გაიტანა - 7.

* ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) "ვისენტე კალდერონზე" პირველად შეძლო ერთ თამაშში 2 საგოლე პასის გაკეთება.

* სანდრო რამირესმა (მალაგა) პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.

* კრიშტიანო რონალდომ ბოლო 8 პენალტიდან მხოლოდ 4 გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ჰეთ თრიკი აქვს გატანილი - 38, მეორე ადგილზეა ლიონელ მესი - 36.

* დეივერსონი (ალავესი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც "რეალსაც" გაუტანა და "ბარსელონასაც".

* ლა ლიგაში ამ სეზონში კარში ზუსტად ყველაზე ხშირად "რეალი" ურტყამს - 78-ჯერ.

* კევინ პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) ლა ლიგაში უკვე გაიტანა 4 გოლი, ზუსტად იმდენივე, რამდენიც მან ბუნდესლიგაში და სერია A-ში ერთად გაიტანა.

ბუნდესლიგა: ტონი პოლსტერის შემდეგ
* "აინტრახტმა" პირველ 9 ტურში მხოლოდ 8 გოლი გაუშვა. ბოლოს ასეთი შედეგი ფრანკფურტელებს 1992/93 წლებში ჰქონდათ, როცა ბუნდესლიგა მე-3 ადგილზე დაასრულეს.

* ანტონი მოდესტე "კიოლნის" პირველი ფეხბურთელია 1997 წლის მერე, ვინც ჰეთ თრიკი შეასრულა - მაშინ ტონი პოლსტერმა გაიტანა.

* "ჰამბურგს" 596 წუთია, ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია.

* "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში. ეს კლუბის 2008 წლის რეკორდის გამეორებაა.

* 2006 წლის მერე "დორტმუნდმა" პირველ ტაიმში პირველად ვერ შეძლო კარში დარტყმა.

სერია A: "კროტონეს" პირველი
* მილანის "ინტერმა" 11 მატჩში მე-5 მარცხი იგემა. გასულ სეზონში მეხუთე მარცხი "ინტერს" 22-ე ტურში შეემთხვა.

* "კროტონემ" სერია A-ში პირველი თამაში მოიგო.

* ჩირო იმობილემ (ლაციო) ზედიზედ 5 ტურში გაიტანა. მისი რეკორდია ზედიზედ 6-ტურიანი გოლების სერია (2014).

* ჯაკომო ბონავენტურამდე "მილანის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც უშუალოდ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მარიო ბალოტელი იყო (2015).

* ბერგამოს "ატალანტა" შესანიშნავ ფორმაშია, გუნდმა ბოლო 6 ტურიდან 5 მოიგო და სულ ორი გოლი გაუშვა.

* ამ სეზონში გონსალო იგუაინის (იუვენტუსი) 14 დარტყმიდან 7 გავიდა.

ლიგა 1: ლაკაზეტის მეასე
* მაქსიმე ლოპესი 110-ჯერ შეეხო ბურთს "ბორდოსთან" თამაშში, რაც ამ სეზონში "მარსელის" ფეხბურთელისთვის საუკეთესო შედეგია.

* "მარსელმა" მეოთხედ დაასრულა მატჩი უგოლო ფრით - 0:0, ეს ყველაზე მაღალი შედეგია ლიგა 1-ში.

* პირველ 11 ტურში "ნიცამ" პირველად შეძლო 29 ქულის მოგროვება.

* "ალიანც რივიერაზე" მარიო ბალოტელიმ 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

* როგორც იქნა, "სენტ ეტიენმა" პირველ ტაიმში გაიტანა, 898 წუთის უგოლობის შემდეგ.

* ედინსონ კავანის (პსჟ) ბოლო 42 დარტყმა - 10 გოლი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის (ექს პსჟ) ბოლო 42 დარტყმა - 0 გოლი.

* ალექსანდრ ლაკაზეტმა "ლიონის" მაისურით უკვე 100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული