დიდი გუნდები: მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ნაკრებები

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ახსოვს დიდი გუნდები, რომლებსაც ვერავინ ვერასოდეს დაივიწყებს. ჩვენი წერილი სწორედ მათზეა. ამ ნაკრებებმა გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.

ინგლისი 1966-68
ამ გუნდს ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავდა. მაგალითად, მეკარის პოზიციაზე იყო გორდონ ბენქსი, დაცვაში ლიდერობდა ბობი მური, ნახევარდაცვაში კი ბობი ჩარტონი. შემტეევმა ჯეფრი ჰერსტმა კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ოქროს ასოები ჩაწერა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში.

ის დღემდე რჩება ერთადერთ ფეხბურთელად, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ თრიკი შეასრულა. ამ გუნდმა მოიგო ინგლისის ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი, დაამარცხა რა ფინალში გერმანიის
ნაკრები.

ბრაზილია 1998-2002
რონალდო, კაფუ, რობერტო კარლოსი, დუნგა, რონალდინიო, კაკა - აღარც ჯკი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ იმ ვარსკვლავებიდან, ამ დროს ბრაზილიის ნაკრებში რომ ბრწყინავდნენ. 2002 წელს ეს გუნდი ჩემპიონი გახდა იაპონია-კორეაში.

ბევრი მიიჩნევდა, რომ იგივე მოხდებოდა ოთხი წლით ადრე საფრანგეთში, რონალდო ფინალში ჯანმრთელი რომ ყოფილიყო. ტრიომ, რომელსაც ფეხბურთის სპეციალისტები სამ რ-ს უწოდებდნენ (რონალდო, რივალდო, რონალდინიო) არაერთხელ დადგა დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი. ამ გუნდის პიკი იყო 2002 წელს, იოკოჰამაში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიამ რონალდოს დუბლით მოუგო გერმანიას.

ჰოლანდია 1974-1978
ამ გუნდს ყველა მსოფლიოს ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, ჰოლანდიის ამ ნაკრებმა წარუშლელი კვალი გაავლო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. "ტოტალური ფეხბურთი", რომელმაც მთლიანად შეცვალა სპორტის ეს სახეობა, პირველად სწორედ ჰოლანდიელებმა შესთავაზეს მსოფლიოს.

მთავარი მწვრთნელი რინუს მიხელსი დღემდე ითვლება უდიდეს ტაქტიკოსად, მთავარი ვარსკვლავი იოჰან კრუიფი კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

გერმანია 1972-1974
მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰოლანდია ვერ ავიდა საფეხბურთო ოლიმპზე, იყო გერმანიის დიდებული გუნდი. თუ ჰოლანდიას ჰყავდა კრუიფი, გერმანიას ჰყავდა ფრანც ბეკენბაუერი, ლეგენდარული კაპიტანი. ამ გუნდმა სრულიად კანონზომიერად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. მისი ნაწილი იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ბომბარდირი, გერდ მიულერი.

საფრანგეთი 1998-2000
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების თამაშის ცქერა ერთი დიდი სიამოვნება იყო. ფეხბურთელებით მდიდარ საფრანგეთს ალბათ კარგა ხნის განმავლობაში არ ეყოლება ერთად ამდენი ვარსკვლავი.

გენიალურ ზინედინ ზიდანს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდში თამაშობდნენ ისეთი გენიალური ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ლორან ბლანი, დიდიე დეშამი, პატრიკ ვიეირა, ტიერი ანრი, დავიდ ტრეზეგე და სხვები. ამ გუნდმა საშინაო მუნდიალის მოგება არ იკმარა და ევროპული ოქროთიც დაიმშვენა მკერდი.

იტალია 1934-1938
1930 წელს, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ იტალიელთა დიდი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იტალიელთა ლეგენდარული დამრიგებელი ვიტორიო პოცო დღემდე რჩება ერთადერთ მწვრთნელად, ვინც ორჯერ მოიგო მუნდიალი. 2-3-2-3 - ასეთი განლაგება დაამკვიდრა პოცომ ფეხბურთში. ის აგებული იყო ზემტკიცე დაცვასა და ფეხბურთელების ურთიერთდაზღვევაზე.

ბრაზილია 1970
ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გუნდია საუკეთესო მსოფლიო ფეხბურთის მდიდარ ისტორიაში. პელე, კარლოს ალბერტო, ჟაირზინიო, რიველინო, ჟერსონი და სხვები დიდებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ გუნდის მწვრთნელი იყო მარიო ზაგალო, ვინც მერე მწვრთნელის რანგში კიდევ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი,მანამდე კი ფეხბურთელად ყოფნისას იზეიმა ეს ტრიუმფი.

ესპანეთი 2008-2012
არ დარჩენილა დიდი ტურნირი, რომელიც ამ მართლაც და დიდ გუნდს არ მოეგოს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების დაუვიწყარი თამაში ჯერაც ჩვენს თვალწინაა. ესპანეთის ის ნაკრები მართლაც ძალიან მდიდარი იყო განუმეორებელი ვარსკვლავებით. ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც იყვნენ და არიან კასილიასი, სერხიო რამოსი, ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და სხვები. იმ წლებში ესპანეთი მთელ მსოფლიოში დაუმარცხებელი საფეხბურთო ძალა იყო.

უნგრეთი 1949-1956
რა დასანანია, რომ ეს დიდებული გუნდი, რომელსაც განუმეორებელი ფერენც პუშკაში უძღოდა წინ, ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1954 წლის მუნდიალის ფინალში ყველა ამის მოლოდინში იყო, თუმცა უნგრეთმა წააგო ფინალი გერმანიასთან, რასაც არავინ ელოდა. ფერენც პუშკაშთან ერთად ამ გუნდის დიდი კაცი იყო შანდორ კოჩიში. უიღბლო - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ მსოფლიო ფეხსბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, რომელმაც მთავარი ფინალი წააგო გერმანიასთან.

ბრაზილია 1958-1962
ბრაზილიის ეს ნაკრები ორჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. არ არსებობდა მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთში ძალა, რომელიც ბრაზილიას შეაჩერებდა. "მსოფლიო ფეხბურთს არასოდეს ეყოლება ასეთი გუნდი. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ამ გუნდის ნაწილნი ვიყავით. ასეთი რამ ფეხბურთში აღარ განმეორდება." - არ შეიძლება, პელეს სიტყვებს არ დავეთანხმოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
პელეს ვეთანხმები. 1982 წლის ბრაზილია განუმეორებელი იყო.
ილია
12:48 21-11-2016
0
82 წლის ბრაზილიამ ჩემპიონობა ვერ მოიგო მაგრამ მათი ყურება ნამდვილი ულამაზესი სპექტაკლი იყო.
pele
10:28 21-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული