პრემიერლიგა: "დეზები" და ნავსი
ზედიზედ 6 მოგება, თანაც გოლგაუშვებლად და პირველ ადგილზე დამსახურებულად გადასვლა ნიშნავს იმას, რომ "ჩელსის" საქმე ძალიან კარგად მიდის და ანტონიო კონტე ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ჩვეულად დაფარფატებს ედენ აზარი, თავისებურად ჟინიანი და პროდუქტიულია დიეგო კოშტა, ძალიან მოუმატა პედრომ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, "ლურჯები" დიდებულ ფორმაში არიან და ახლა მათი შეჩერება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, "სტემფორდ ბრიჯზე". იქ "ტოტენჰემს" შორეული 1990 წლის მერე არ მოუგია და საერთოდაც, 2010 წლის მერე "ჩელსი" არ დაუმარცხებია - 3 წაგება, 4 ფრე. მაურისიო პოჩეტინო ისურვებს, რომ ნავსი გატეხოს, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. თანაც გუნდი ახლა ხასიათზე ვერ არის ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს გამო.
"ტოტენჰემი" პრემიერლიგაში ისევ წაუგებელია, მაგრამ ზედმეტად მეტი ფრე კლუბს ამ წუთისთვის ოთხეულს მიღმა ტოვებს. შესაძლოა, "დეზებისთვის" კარგიც იყოს, რომ ბოლოს და ბოლოს, დამარცხდნენ, ეს ტვირთი და ერთგვარი "კომპლექსი", რომელსაც "არ წავაგოთ" ეწოდება, მოიხსნან და უფრო თამამად, ლაღად, რისკიანად ათამაშდნენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად პოჩეტინოს, ალბათ, ის სურს, რომ ეს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან და პირველადგილოსან "ჩელსისთან" მოხდეს.
თანაც ლიგაზე წარუმატებლობის მერე დერბიში მარცხი ორმაგი დარტყმა იქნება, ხოლო პოჩეტინო ის კაცია, ფსიქოლოგიურ მომენტებს დიდ ყურადღებას რომ ანიჭებს. მან მისვლის დღიდან იმაზე დაიწყო ლაპარაკი, "ტოტენჰემს" კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "გამარჯვებულის მენტალიტეტი" არ აქვს და ის უნდა დავამკვიდროთო და ახლაც ამას გაუსვა ხაზი, ჯერ ეს მენტალიტეტი ბოლომდე ვერ დავამკვიდრეთ, თავდაჯერება გვაკლიაო.
ერიკ ლამელა ჯერჯერობით, ლაზარეთში რჩება და იგი გუნდს ძალიან აკლია. შეტევაში ერთფეროვანი და ცოტა უფანტაზიო თამაში აშკარად გვხვდება თვალში. კონტეს შემადგენლობა კი საბრძოლოა. იტალიელი ჯერჯერობით, ისევ ერიდება ჩემპიონობაზე საუბარს და თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებს. "კონტისიმე" გაიძახის, იანვარს დაველოდოთ და მერე ვნახოთ, სად ვიქნებითო.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ "ტოტენჰემი" ევროპალიგაზე გადასვლის შემთხვევაში, საშინაო მატჩებს ალბათ, "უემბლიზე" აღარ ჩაატარებს. ამ წამოწყებამ გუნდს კარგი არაფერი მოუტანა და "დეზები" ჯგუფში ჩარჩნენ. როგორც ამბობენ, თავად ფეხბურთელებმა მოითხოვეს, რომ ევროსარბიელზე კლუბი მშობლიურ "უაით ჰართ ლეინს" დაუბრუნდეს.
ტურის დანარჩენი მატჩებიდან კი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირება შეგვიძლია გამოვარჩიოთ. ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, სლავენ ბილიჩი მოხსნის პირასაა, "ჩაქუჩები" გასავარდნი ზონის მიჯნაზე არიან, ჟოზე მოურინიო კი ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
აღსანიშნავია "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" დაპირისპირებაც, რონალდ კუმანი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ "სენტ მერიზე" ბრუნდება. ამასობაში "არსენალი" "ბორნმუთთან" საშინაო მატჩში ეცდება 3 ქულის ჩაჯიბვას, ხოლო "სიტის" "ბარნლისთან" აქვს გასვლა.
ლა ლიგა: ბეილის გარეშე უნდა ისწავლონ
როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთში მთავარი მატჩი ერთი კვირის მერეა, ახლა კი გამოვყოფდით "სევილიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირებას, რომ არა ერთი დეტალი - "ღამურები" საშინელ დღეში არიან და ისედაც უხერხულ მეტოქესთან აშკარად აუტსაიდერად მოჩანან. მით უმეტეს, რომ "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" დაამარცხეს და ამის გამო ხორხე სამპაოლის გუნდი ძალიან გამწარებულია. ლიდერი "რეალი" ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში შესაძლოა, ზინედინ ზიდანის გუნდს არ გაუჭირდეს გარეთ ბეილის გარეშე ფონს გასვლა, მაგრამ მომდევნო 4 თვის განმავლობაში ფრანგმა თავკაცმა რაღაც უნდა მოიფიქროს, თანაც, ბეილის გარეშე თამაშის ფორმულა სასწრაფოდ არის საჭირო - დეკემბრის დასაწყისში "სამეფო კლუბი" "კამპ ნოუს" სტუმრობს.
რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ვარანი, დანილო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო - ვასკესი, ბენზემა, რონალდო.
ლეო მესი და კომპანია "ანოეტას" სტუმრობს, სადაც თამაში მუდამ ჭირს, მით უფრო, როცა "რეალ სოსიედადი" ფორმაშია.
ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია - მესი, სუარესი, ნეიმარი.
ბუნდესლიგა: არის თუ არა ეს კრიზისი
როსტოვში დაუგეგმავი მარცხის შემდეგ (2:3) კარლო ანჩელოტის გუნდი ბუნდესლიგას უბრუნდება, სადაც უჩვეულო როლშია - ლიდერის მდევრის. მედიაში აქა-იქ გაისმის ხმები, ხომ არ არის "რეკორდმაისტერის" ბოლოდროინდელ თამაშში კრიზისის ნიშნები? ამის გასაგებად "ლევერკუზენთან" დაპირისპირება არ იქნება ურიგო ვარიანტი. "ბაიერნს" მეკარე ნოიერი უბრუნდება, რომლის ტრავმაც არ იყო სერიოზული, მაგრამ იგი როსტოვის ყინვას აარიდეს. ანჩელოტის მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება დაცვაში: ბოატენგი და წინ კომანი. "ლევერკუზენის" რიგებში გამოვარჩევთ ბელარაბის არყოფნას.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია - "ბაიერნს" სამი მატჩია, ვერ მოუგია. ამიტომაც იტალიელი თავკაცისთვის "ლევერკუზენთანაც" ვერმოგება დიდი დარტყმა იქნება. ამის მერე ყოველი კრიტიკა და ყოველი სიტყვა მიუნხენელთა კრიზისზე "ლეგალიზებული" იქნება.
"ლევერკუზენი" მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, თუმცა გუნდს აშკარად აქვს მეტის პოტენციალი. რაც მთავარია, ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე ამოცანა გადაწყვიტა, მერვედფინალში გავიდა და თებერვლამდე მთლიანად ბუნდესლიგაზეა კონცენტრირებული. ეს ამ გუნდების 78-ე დაპირისპირება იქნება, "ბაიერნმა" "ფარმაცევტებს" 45-ჯერ მოუგო და 17-ჯერ დამარცხდა.
სავარაუდო შემადგენლობა
ბაიერნი (4-1-2-2-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო - კიმიხი, ალკანტარა - მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი
ლევერკუზენი (4-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თა, თოფრაქი, ვენდელი - კამპლი, არანგისი - ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - ხ. ერნანდესი, ფოლანდი.
მოულოდნელი ლიდერი "ლაიპციგი" "ფრაიბურგს" სტუმრობს, ხოლო თომას ტუხელის "დორტმუნდი" ფრანკფურტში ჩადის "აინტრახტთან" სათამაშოდ.
სერია A: ვიზიტი გენუაში
სერია A-ს მე-14 ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გენუაში შედგება, სადაც "ჯენოას" "იუვენტუსი" ესტუმრება. ტურინული გრანდი 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს და შეეცდება, რომ პოზიცია კიდევ უფრო გაიმყაროს. მოახლოებულ პაექრობას "იუვე" შესანიშნავ განწყობაზე ხვდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, პლეი ოფის საგზური გაინაღდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიკავებს.გენუაში "იუვე" დიდი დანაკლისით ჩადის - გუნდს კვლავ აკლია არგენტინული ტანდემი გონსალო იგუაინის და პაულო დიბალას შემადგენლობით. დაშავებულია კიდევ ერთი ფორვარდი, მარკო პიაცა. შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ორი თავდამსხმელი იქნება: მარიო მანჯუკიჩი და 16 წლის მოიზე კინი. ეს უკანასკნელი ალბათ თადარიგში დარჩება, მანჯუკიჩს კი შეტევაში ხუან კუადრადო შეუწყვილდება. კოლუმბიელს უფრო ფლანგიდან ან სიღრმიდან უყვარს თამაში, მაგრამ ამჯერად, მწვრთნელს ის ფორვარდის პოზიციაზე სჭირდება.
"სევილიასთან" ალეგრიმ 4-3-3 სქემა გამოიყენა, ამჯერად კი 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება. თავდამსხმელებზე უკვე გითხარით, ნახევარდაცვა კი, სავარაუდოდ, შემდეგი ხუთეულით დაკომპლექტდება: შტეფან ლიხტშტაინერი, ერნანესი, მირალემ პიანიჩი, სამი ხედირა და ალექს სანდრო, დაცვაში კი დანიელე რუგანის, ლეონარდო ბონუჩის და გამოჯანმრთელებულ ჯორჯო კიელინის ვიხილავთ.
დანაკლისი "ჯენოასაც" აქვს: პავოლეტის და ბრივიოს ტრავმა აქვთ, ორბანი და ველოზო კი დისკვალიფიცირებულნი არიან. გენუური გუნდი ცხრილის შუაგულშია გაჭედილი, დასაკარგი არაფერი აქვს და შეეცდება, რომ ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართოს.
"სევილიასთან" მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ "ჯენოასთან" პაექრობაზეც ისაუბრა: "ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავედით და ჩვენთვის მთავარი ეს იყო. სერია A-ში კონკურენტებს შვიდი ქულით გავუსწარით, მაგრამ წინ კიდევ უამრავი ტურია და მოდუნების უფლება არ გვაქვს.
თითოეულ შეხვედრაში სამი ქულა გვჭირდება და ეს ფეხბურთელებს კარგად აქვთ გააზრებული. რთულია იგუაინის და დიბალას გარეშე თამაში, მაგრამ "იუვენტუსი" დიდი გუნდია და ჩვენ არასდროს უნდა ჩავვარდეთ გამოუვალ მდგომარეობაში".
"მილანს" და "ტორინოს" წამყვანი თავდამსხმელები დააკლდებათ. ანდრეა ბელოტის გრიპი აქვს და ბოლო ინფორმაციით, "ტორინოს" "კიევოსთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, 22 წლის ფორვარდის ადგილს მაქსი ლოპესი დაიკავებს. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ბელოტი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ არა შეუცვლელი.
"მილანს" კარლოს ბაკა ვერ დაეხმარება, რომელმაც "ინტერთან" პაექრობაში კუნთი გაიჭიმა და ერთი კვირით უქმობა მოუწევს. ტრავმა მსუბუქია, მაგრამ არა იმდენად, რომ "ემპოლისთან" მოახლოებულ პაექრობაში ითამაშოს. 30 წლის კოლუმბიელის ადგილს თავდასხმაში ჯანლუკა ლაპადულა დაიკავებს.
ლიგა 1: საინტერესო ტური
ვფიქრობთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უქმეები სწორედ საფრანგეთში იქნება. კრიზისიდან გამოსული "ლიონი", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსიც გაუჩნდა, "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს. დღეისათვის ასეა - ეს მეოთხე და მესამე გუნდების დაპირისპირებაა საფრანგეთში, მაგრამ "ნიცასა" და "მონაკოს" ფანები არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ კვირა საღამოს ერთმანეთის წინაშე საფრანგეთის ორი უძლიერესი გუნდი წარდგება. "ლიონის" წაუგებელი სერია (ყველა შეჯიბრში) უკვე 5 თამაშია გრძელდება, პსჟ-ის კი - 10. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს აგვისტოს შეხვდნენ, პარიზელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. გოლები პასტორემ, ლუკასმა, ბენ არფამ და კურზავამ გაიტანეს, წაგებულთაგან კი თავი ტოლისომ გამოიჩინა.
საფრანგეთში საინტერესო მატჩების სია ამით არ ამოიწურება, შაბათს სამხრეთული დერბია "ლუი მეორეზე", "მონაკო" "მარსელს" მასპინძლობს. მართალია, დღეს "მარსელი" მხოლოდ მე-11 ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირებას ეს ვერაფერს დააკლებს. "მონაკოს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ყველა შეჯიბრში), თანაც, გუნდმა ბოლო 5 შეხვედრა მოიგო, ბოლოს "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩატოვა, თავად კი მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
ლიდერზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, "ნიცა" კორსიკულ "ბასტიას" იღებს და კარგი შანსი აქვს, სულ მცირე, არ დაკარგოს პირველობა ჩემპიონატში.
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური
შაბათი. 26 ნოემბერი
ბარნლი-სიტი 16:30
ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ლესტერი-მიდლსბრო 19:00
ლივერპული-სანდერლენდი 19:00
სუონსი-კრისტალ პალასი 19:00
ჩელსი-ტოტენჰემი 21:30
კვირა. 27 ნოემბერი
უოტფორდი-სტოკი 16:00
არსენალი-ბორნმუთი 18:15
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 20:30
საუთჰემპტონი-ევერტონი 20:30
ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი); 7- რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).
დისკვალიფიკაცია: ჯა ჯეჯე, პარედესი, არლაუსკისი (უოტფორდი), დრინკვოტერი (ლესტერი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური
პარასკევი. 25 ნოემბერი
ეიბარი-ბეტისი 23:45
შაბათი. 26 ნოემბერი
მალაგა-დეპორტივო 16:00
რეალი-სპორტინგი 19:15
ესპანიოლი-ლეგანესი 21:30
სევილია-ვალენსია 23:45
კვირა. 27 ნოემბერი
ვილიარეალი-ალავესი 15:00
ოსასუნა-ატლეტიკო 19:15
სელტა-გრანადა 21:30
სოსიედადი-ბარსელონა 23:45
ორშაბათი. 28 ნოემბერი
ლას პალმასი-ბილბაო 23:45
ბომბარდირები: 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
დისკვალიფიკაცია: პერესი (ესპანიოლი), ლ. კასტელიანო (სპორტინგი), პ. ერნანდესი, ს. ალვარესი, მალიო (სელტა), ალექსისი (ალავესი), ხუან კარლოსი, დ. ლორენტე (მალაგა).
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური
პარასკევი. 25 ნოემბერი
ფრაიბურგი-ლაიპციგი 23:30
შაბათი. 26 ნოემბერი
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 18:30
კიოლნი-აუგსბურგი 18:30
ჰამბურგი-ვერდერი 18:30
ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 18:30
აინტრახტი-დორტმუნდი 18:30
ბაიერნი-ლევერკუზენი 21:30
კვირა. 27 ნოემბერი
შალკე-დარმშტადტი 18:30
ჰერტა-მაინცი 20:30
ბომბარდირები: 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
დისკვალიფიკაცია: ლეველსი (ინგოლშტადტი), ვუდი (ჰამბურგი), ბელი (მაინცი).
იტალია. სერია A. XIV ტური
შაბათი. 26 ნოემბერი
ტორინო-კიევო 21:00
ემპოლი-მილანი 23:45
კვირა. 27 ნოემბერი
პალერმო-ლაციო 15:30
ბოლონია-ატალანტა 18:00
კალიარი-უდინეზე 18:00
კროტონე-სამპდორია 18:00
ჯენოა-იუვენტუსი 18:00
რომა-პესკარა 23:45
ორშაბათი. 28 ნოემბერი
ნაპოლი-სასუოლო 22:00
ინტერი-ფიორენტინა 00:00
ბომბარდირები: 10 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 9 - ჩირო იმობილე (ტორინო); 8 - მოჰამედ სალაჰი (რომა); 7 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ილია ნესტეროვსკი (პალერმო).
დისკვალიფიკაცია: დესენა (კალიარი), მილიჩევიჩი (პესკარა), ველოზო, ორბანი (ჯენოა).
საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
პარასკევი. 25 ნოემბერი
რენი-ტულუზი 23:45
შაბათი. 26 ნოემბერი
მონაკო-მარსელი 20:10
ბორდო-დიჟონი 23:00
მონპელიე-ნანსი 23:00
ნანტი-ლილი 23:00
კაენი-გენგამი 23:00
მეცი-ლორიანი 23:00
კვირა. 27 ნოემბერი
ანჟერი-სენტ ეტიენი 18:00
ნიცა-ბასტია 20:00
ლიონი-პსჟ 23:45
ბომბარდირები: 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), ალესან პლეა (ნიცა).
დისკვალიფიკაცია: ტომასი, ნ'დოი (ანჟერი), სანკჰარე (ლილი), მესლუბი (ლორიანი), ლეკა (ბასტია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"