ერთი ჩამწყობის ისტორია - როგორ გაიყვანა სინგაპურელმა თაღლითმა ნიგერია მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
შეიძლება, გსმენიათ უილსონ რაჯ პერუვალზე - უამრავი გარიგებული მატჩის ორგანიზატორ სინგაპურელზე, ამ საქმეებისთვის სამგზის ნასამართლევზე, რომელმაც დაწერა წიგნი თავის შავ-ბნელ ისტორიებზე...

დამწყები თაღლითებისთვის ეს კარგი სახელმძღვანელოც შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, იქნებ, პრევენციისთვის უფრო გამოდგეს და სპეცსამსახურებმა კიდევ გაააქტიურონ ბრძოლა საფეხბურთო მაქინაციების წინააღმდეგ...

...როცა 2011 წელს ის ფინეთის პოლიციამ დააკავა, მობილურ ტელეფონსა და ლეპტოპში აღმოაჩნდა 80-მდე ქვეყნის საფეხბურთო ჩინოსნებისა და ფეხბურთელების კონტაქტები თუ ელფოსტის მის
ამართები.

გარიგებების დიდოსტატი პერუვალი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებსაც გაურიგდა და პირი მოაღო. სანამ ის ამ ისტორიებს დაფქვავდა, ფიფას უსაფრთხოების სამსახური ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ცხოვრობდა, აი მერე კი, ფიფას კაბინეტებში შუქი გვიან ღამემდე არ ჩამქრალა...

გადაფურცლავ მის წიგნს და აღმოაჩენ, რომ ფიფას რეიტინგის პირველ ასეულს ქვემოთ ფეხბურთი, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა უცოდველები არც პირველ ასეულში არიან. თავის წიგნში, რომლის სახელწოდებაა "გარიგების მეფეები", პერუმალი იხსენებს, როგორ გაემგზავრა ინგლისში ახალი ბაზრის ასათვისებლად.

მაშინ მისი ერთ-ერთი სამიზნე "ჩელსის" ყოფილი მეკარე დმიტრი ხარინი იყო. პერუვალმა და მისმა თანამზრახველმა მარტივ ხერხს მიმართეს - რუს ფეხბურთელს ბაზის შესასვლელთან დახვდნენ და თავი გულშემატკივრებად გააცნეს, ფოტოები გადაიღეს და სთხოვეს - იქნებ, მანქანით ქალაქის ცენტრამდე გაგვიყვანოო. გზაში პერუმალმა 60 ათასი დოლარი შესთავაზა ხარინს, როგორმე ისე მოეხერხებინა, რომ "ჩელსის" უახლოესი მატჩი წაეგო. მეკარემ უარი თქვა...

- მან აგვიხსნა, რომ "ჩელსისთან" ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და რომ არ სურდა ფულის გულისთვის კარიერის დანგრევა, - იხსენებს პერუვალი ინტერვიუში.

- თქვენ ჩაუჯექით მანქანაში უცნობ ადამიანს და პირდაპირ ფული შესთავაზეთ. როგორ შეიძლება ასეთი რამ?!
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმოდა, რომ ვრისკავდით. რა გარანტია გვქონდა, რომ მაშინვე პოლიციას არ აცნობებდა? არანაირი! როგორც კი მან მანქანიდან ჩამოგვსვა, პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერეთ, რათა იქაურობას რაც შეიძლებოდა სწრაფად გავცლოდით...

იქვე, პერუვალი იხსენებს ხარინის მონაყოლ ამბავსაც - თურმე, რუსი მეკარისთვის მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის დროსაც შეუთავაზებიათ თამაშის დათმობა და მაშინაც უარით გაუსტუმრებია თაღლითები.

- ვფიქრობ, სრულიად დასაშვებია ეს მომხარიყო თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატზე, - ამბობს ჩვენი წერილის გმირი, - არანაირი მიზეზი არ მაქვს, მის სიტყვებში ეჭვი შევიტანო. ამგვარი გარიგებები დიდ ტურნირებზეც ხდება.

- რა შეიცვალა ბოლო 20 წელიწადში?
- ძალიან ბევრი რამ. მაშინ არ არსებობდა სისტემები BetRadar და FederBet, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში ნახოთ, რომელ თამაშებზე რა თანხა იდება. აქედან ადვილია საეჭვო თამაშებზე დაკვირვება. დღეს ამ სფეროში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და, შესაბამისად, კონტროლის მექანიზმიც გაცილებით ეფექტურია.

- ანუ, გამოდის, რომ დღეს გარიგებული მატჩები ნაკლებია?
- ნაკლებია თუნდაც იმიტომ, რომ ეს საშიში გახდა. ბევრი ვეღარ რისკავს...

- გვითხარით სამი რამ, რაც აუციელებელია იმისთვის, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ მოისპოს...
- უნდა დაიხუროს ყველა ის ლეგალური და არალეგალური საბუკმეიკერო კანტორა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში მუშაობს. ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გარიგებული მატჩების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს.

* * *
ბავშვობაში პერუვალი სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ ადრეულ ასაკშივე გაიფუჭა ბიოგრაფია. ის დებდა ფსონებს გარკვეულ მატჩებზე და ძალიან ბრაზდებოდა ხშირი წაგების გამო. ამიტომაც გადაწყვიტა, თავად ყოფილიყო გარიგების ორგანიზატორი და ამ გზით ეშოვნა ფული.

ის გაწევრიანდა დიდ სინგაპურულ სინდიკატში, რომელსაც ვინმე დან ტანი ხელმძღვანელობდა. ინტერნეტის განვითარებამ მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოვა. გაჩნდა საშუალება არამარტო სინგაპურის ჩემპიონატის მატჩებით, არამედ, თვით მსოფლიო ფეხბურთით მანიპულირების.

- ჩაწყობილი თამაშები: როგორ მოქმედებს აზიური მაფია
- ახალი სკანდალის ახალი დეტალები: სინგაპურელი მაფიოზი და კონკრეტული მატჩები...

ონლაინ-რეჟიმმა შესაძლებელი გახადა ფსონების დადება არამხოლოდ შედეგებზე, არამედ სხვადასხვა პოზიციებზე - კუთხურები იქნება ეს, ჯარიმები, თამაშის დაწყება თუ ათასი რამ...

პერუვალმა აღწერა შემთხვევა, როგორ გადაუხადა ფული პეკინის ოლიმპიადის საფეხბურთო ნახევარფინალში მონაწილე ნიგერიელებს იმისთვის, რომ არგენტინასთან მატჩი მათ დაეწყოთ. მერე მან ამ პოზიციაზე დიდი ფული დადო და თამაშს ჩაუჯდა. აქ იყო ერთ-ერთი კრიტიკული მომენტი მის ისტორიაში - მატჩის დაწყების წინ არბიტრმა მონეტა ააგდო და არგენტინელთა კაპიტან ხუან რომან რიკელმეს მიუთითა - პირველი დარტყმა თქვენიაო. ის იყო, რიკელმეს ეს თანაგუნდელებისთვის უნდა ეცნობებინა, რომ ნიგერიელთა კაპიტნის ხმა გაიგონა, მიუბრუნდა, მოუსმინა და... უთხრა - არ არის პრობლემა, თქვენ დაიწყეთო!..

კითხვა პერუვალს:

- ანუ, ყველა გარიგებული მატჩის მიზანი ფსონებზე ფულის მოგებაა?
- არ არის აუცილებელი. ტოპ-ლიგების კლუბების პრეზიდენტებს უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. მათ, უბრალოდ, შეუძლიათ, გარიგდნენ ერთმანეთში, თუ რომელიმე კლუბს კონკრეტულ მომენტში ქულები სჭირდება და აქ არანაირი ფინანსური მიზეზი არ არსებობს.

- მოდი, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მე ვარ ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მეორე კლუბის პრეზიდენტი მთავაზობს, ჩემმა გუნდმა წააგოს თამაში. დავუშვათ მე დავთანხმდი. როგორი უნდა იყოს ჩემი შემდგომი ნაბიჯი? როგორ უნდა მოველაპარაკო გუნდს?
- ჩემი გამოცდილებით ვიცი: 100 პროცენტით რომ იყოთ დარწმუნებული დადებით შედეგში, უნდა მოელაპარაკოთ ოთხ ფეხბურთელს. ამათგან ორი - აუცილებლად ცენტრალური მცველი უნდა იყოს. ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იყო მათთან მუშაობა და არა - მეკარეებთან. რა თქმა უნდა, აუცილებელია თქვენს მიზნებზე იცოდეს მწვრთნელმაც.

- ვისთან უფრო ადვილია მოლაპარაკება - ფეხბურთელებთან თუ მსაჯებთან?
- ამაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ გიპასუხებთ, რადგან ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია, იცოდეთ როგორია იმ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, ვისთანაც გსურთ მოლაპარაკება.

* * *
თავის წიგნში პერუვალი წერს, რომ ცდილობდა, შორს დაეჭირა თავი აღმოსავლეთევროპული ბაზრისგან და ძირითადად აფრიკელებზე ემუშავა. თუმცა მას ყველგან ბევრი პარტნიორი ჰყავდა და თუ მსუყე ლუკმა ჩაუვარდებოდა ხელში, უარს არც ამაზე ამბობდა. მისი ინფორმაციით, ადრე ყველაზე მარტივად ბელარუსის ქვედა ლიგების მატჩები ეწყობოდა, თუმცა დღეს...

- დღეს იქაური ფეხბურთი გაცილებით სუფთაა, - ამბობს პერუვალი, - მე ვაკვირდები ფსონებს და ისინი ძალიან სტაბილურია. სწორედ აქედან ვასკვნი, რომ ბელარუსში ახლა აღარ ხდება ისეთი გარიგებები, როგორიც ადრე იყო.

- თუნდაც ბელარუსის პირობებში რა თანხის მოგება შეიძლება ერთი გარიგებული მატჩით?
- ასეთ ტურნირებზე ბევრ ფულს ვერ გააკეთებ, მით უმეტეს ახლა, როცა საბუკმეიკერო კანტორები ყველაფერს აკონტროლებენ. ვფიქრობ, ერთ მატჩზე იქ დაახლოებით 100 ათასი დოლარის შოვნა შეიძლება.

- თქვით, რომ აღმოსავლეთევროპულ ბაზარს არ ეკარებოდით. რა გქონდათ მხედველობაში?
- ძალადობა. იქ ამ მხრივ ძალიან საშიშია. აზიელები გაცილებით მშვიდები არიან და მათთან უფრო თავისუფლად შეიძლება მუშაობა.

* * *
პერუვალს არ დაუთვლია, რამდენი გარიგებული მატჩი ყოფილა მის "კარიერაში". თქვენ წარმოიდგინეთ, მისი წიგნის საიტზე არის სპეციალური განყოფილება იმ თამაშების "ჰაილაითებით", რომელიც მის მიერ იყო ორგანიზებული. ხანდახან ის თურმე მწვრთნელებსაც აძლევდა მითითებებს... სათადარიგოთა სკამიდან. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან 90-იან წლებში ნაკლებად კონტროლდებოდა ის, თუ ვინ იჯდა სათადარიგოებს შორის...

პოლიციამ მასზე პირველად სწორედ 90-იან წლებში შეიტყო. 1995 წელს მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ქრთამის შეთავაზების მცდელობის გამო.

როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია 2009 წელს, როცა ნიგერიის ნაკრები... მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. მან დაურეკა მოზამბიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და შესთავაზა 100 ათასი დოლარი იმაში, რომ ამ ქვეყნის ნაკრებს როგორმე ფრედ ეთამაშა ტუნისთან პარალელურ მატჩში. მოზამბიკელებმა იბრძოლეს და მართლაც დააკარგვინეს ქულები მათზე ძლიერ მეტოქეს, რამაც ნიგერიას მუნდიალისკენ გაუხსნა გზა.

როგორც პერუვალი ამტკიცებს, მაშინ ნიგერიელებისგან ერთი ცენტიც არ აუღია. სამაგიეროდ, იქაურ ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა, ნიგერიის ნაკრებისთვის წინასამუნდიალო შეკრებისა და ამხანაგური მატჩების ორგანიზების უფლება მიეღო. რა ძნელი მისახვედრია, რომ სწორედ ამ ამხანაგურ მატჩებში იშოვნიდა პერუვალი "ჯიბის ფულს".

ცხადია, მას ჰქონია ჩავარდნებიც. პირველი ასეთი შემთხვევა 1997 წელს მოხდა. მან 100 ათასი დოლარი გადაუხადა ზიმბაბვეს ნაკრების ფეხბურთელებს ბოსნიასთან 0:4 წაგებისთვის. საიდან სადაო და, გაურკვეველი მიზეზების გამო ეს მატჩი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდა და 2:2 დასრულდა. პერუვალმა ამ ფაქტს "უბედური შემთხვევა" უწოდა.

- საინტერესოა, რამდენი იშოვნეთ ამ ბიზნესში?
- ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია გავიხსენო, რომ ერთ დღეს ხელთ მქონდა 5 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით. ეს იყო მაქსიმუმი.

* * *
მეორედ ის 1999 წელს დაიჭირეს და 26-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციამ გაარკვია, რომ პერუვალმა ერთ-ერთი სინგაპურელი მსაჯი მოისყიდა. 2000 წელს ის ვერ მოურიგდა მავან ფეხბურთელს, რის გამოც ჰოკეის ჯოხით ზედ მატჩის დაწყების წინ სცემა. ამის გამო ძალიან კი ნანობს, მაგრამ ზოგადად, თავისი განვლილი გზის შეფასებისას, დანაშაულის კვალს ვერ ხედავს - მიიჩნევს რა, რომ ერთადერთი, ვინც მის გამო დაზარალდა, საბუკმეიკერო კანტორებია.

- ცხოვრება თავგადასვლებისთვისაა შექმნილი, - ამბობს ის, - ეს თავგადასავლები კი არასოდეს მომკლებია. სიამოვნებას ვიღებდი იმისგან, რასაც ვაკეთებდი. მეორე ცხოვრება რომ მქონდეს, რომელიმე თრილერში მოხვედრას ვისურვებდი.

- ახლა რით ხართ დაკავებული?
- არაფრით. უმუშევარი ვარ და ძალიან გამიხარდება თუ რაიმე სამსახურს შემომთავაზებთ...

- გარიგებული მატჩები - "საოცრებები", რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის ქვედა ლიგებში ხდება
- როგორ ხდება საქართველოში გარიგებული მატჩის ამოცნობა - სფფ-ის მოქმედების პრინციპი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ნიგერია გაიყვანა იქნებ ჩვენც გაგვიყვანოს იქნებ გვეშველოს რამე :დდდ
ვაკო
22:27 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული