კრიშტიანო რონალდომ 2016 წლის "ოქროს ბურთი" მოიპოვა

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-4 ოქროს ბურთი მოიგო.
* მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) გავიდა, მესამეზე - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი).
* რონალდოს 4 ოქროს ბურთიდან 2 "ფრანს ფუტბოლის" ვერსიითაა მიღებული, ორიც "ფრანს ფუტბოლისა" და ფიფას ერთობლივი ვერსიით.
* ყველაზე მეტჯერ ოქროს ბურთი ლიონელ მესის აქვს მოგებული (5).
* წინა ექვსი წლის განმავლობაში პრიზს "ფრანს ფუტბოლი" და ფიფა ერთობლივად გადასცემდნენ.
* ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს იანვარში დაასახელებს. ნომინანტი სამია: რონალდო, მესი, გრიზმანი.
* რონალდომ წლეულს მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, უეფას
სუპერთასი, ევრო 2016.

გუშინ "ფრანს ფუტბოლის" ჯილდო, Ballon d'Or (ოქროს ბურთი) მადრიდის "რეალის" 31 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მოიპოვა. ეს რონალდოს მე-4 ოქროს ბურთია, მეტი მხოლოდ ლეო მესის აქვს...

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" ერთად ასახელებდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ფრანგული გამოცემა კვლავ დამოუკიდებლად აჯილდოვებს საუკეთესოს - "ფრანს ფუტბოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის თანამშრომლობა დასრულებულია და ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს იანვარში დაასახელებს.

კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა დააფასა. რა თქმა უნდა, ახლაც მისი ლამის ერთადერთი კონკურენტი ლიონელ მესი იყო. მესი საბოლოოდ, მე-2 ადგილზე გავიდა და პირველობა დაუთმო ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მომგებ რონალდოს. მეოთხე ოქროს ბურთიც ფუნშალში, კუნძულ მადეირაზე კრიშტიანოს მუზეუმში დაიდებს ადგილს.

კრიშტიანომ პირველად ოქროს ბურთი 2008 წელს მოიგო, მაშინ ჯერ კიდევ არ თანამშრომლობდნენ "ფრანს ფუტბოლი" და ფიფა. ამის მერე ტიტული პორტუგალიელს წილად 2013 და 2014 წლებში შეხვდა (უკვე ერთობლივი ვერსიით). შემდეგ, მესიმ მოიგო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო.

ვინაიდან, კრიშტიანო ასაკში შევიდა, ბევრს აღარ ეგონა, რომ ის კიდევ შეძლებდა, ოქროს ბურთისთვის ბრძოლას, მაგრამ თავადაც იყოჩაღა და ისე მოხდა, რომ საკლუბო და სანაკრებო ასპარეზზე წლის ყველაზე პრესტიჟული ტიტულები მოიპოვა. ლეო მესის არგენტინის ნაკრებმა კი პენალტების სერიაში დათმო კოპა ამერიკას ფინალი, ხოლო "ბარსელონა" მხოლოდ ლა ლიგაში ტრიუმფით დაკმაყოფილდა.

მესამე ადგილზე ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი) გავიდა, აქვე ათეულს მთლიანად შემოგთავაზებთ: 4. ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი); 5. ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია); 6. გარეთ ბეილი (რეალი, უელსი); 7. რიად მაჰრეზი (ლესტერი, ალჟირი), 8. ჯეიმი ვარდი (ლესტერი, ინგლისი), 9-10. პეპე (რეალი, პორტუგალია), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია).

დაბოლოს, კრიშტიანო რონალდო ცერემონიალს არ დასწრებია, რადგან ის "რეალთან" ერთად იაპონიაში იმყოფება, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ემზადება. ისედაც, ცერემონიალი საკმაოდ მოკრძალებულად გაიმართა...

კრიშტიანომ გადაუსწრო იოჰან კრუიფს, მარკო ვან ბასტენსა და მიშელ პლატინის, რომელთაც ოქროს ბურთი სამ-სამჯერ აქვთ მოპოვებული.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ტიტულს ოთხჯერ მოვიგებდი. ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ასეთ პრიზს პირველად იღებ, ეს ძალიან დიდებული ემოციაა, მაგრამ, მერწმუნეთ, დღესაც ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც 2008 წელს მქონდა. საშუალება მაქვს და მინდა ყველა ჩემ თანაგუნდელს, როგორც პორტუგალიის ნაკრებში, ისე მადრიდის "რეალში" მადლობა გადავუხადო ამისთვის. ყველა მათგანს ეკუთვნის წვლილი ჩემს ამ ტრიუმფში. ამაყი ვიბარებ ამ ულამაზეს და საოცარ ოქროს ბურთს. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა იაპონიაში მყოფმა ტრიუმფატორმა.

2016 წელს კრიშტიანო რონალდომ კლუბისა და ქვეყნის სახელით 52 მატჩში 48 გოლი გაიტანა და ამ ციფრის 50-მდე აყვანა იაპონიაში შეუძლია.

ბოლო ათი გამარჯვებული
2007 კაკა
2008 რონალდო
2009 მესი
2010 მესი
2011 მესი
2012 მესი
2013 რონალდო
2014 რონალდო
2015 მესი
2016 რონალდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოდის, ოქროს ბურთი გუნდური ჯილდოა, აბა:რონალდო ჯობია მესის?
ბაქარი
01:40 13-12-2016
0
Orive magaria magram ronaldu mirchevnia.real madrid
ფშაველი
03:27 13-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული