* პირველ ნახევარფინალურ მატჩში "კაშიმა ანტლერსმა" 3:0 დაამარცხა "ატლეტიკო ნასიონალი" და ფინალში გავიდა.
იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ტურნირის მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალი" პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაებმება საქმეში.
* * *
მოკლედ ვთქვათ, რა მოხდა დღემდე ამ ტურნირზე - 1/8-ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, იაპონურმა "კაშიმამ" ზელანდიურ "ოკლენდ სიტის" 2:1 მოუგო. მეოთხედფინალში კი ორი შეხვედრა ვიხილეთ
ასე ჩამოყალიბდა ორი ნახევარფინალური წყვილი - ევროპის კონტინენტის გამარჯვებული "რეალი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იზეიმა, პირდაპირ ნახევარფინალშია დაშვებული. ასეთივე პატივი ერგო სამხრეთ ამერიკის "ჩემპიონს" - ანუ ლიბერტადორესის თასის მომგებ კოლუმბიურ "ატლეტიკო ნასიონალს".
"რეალს" მეტოქედ "ამერიკა" ერგო, ხოლო მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება მასპინძელ "კაშიმასა" და "ატლეტიკოს" შორის გუშინ გაიმართა და მასპინძელთა დიდებული გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ გუნდში სასტარტოში 11-ვე ფეხბურთელი ადგილობრივი იყო და შეცვლაზეც მხოლოდ იაპონელები შევიდნენ. 33-ე წუთზე კოლუმბიელთა კარში პენალტი დაინიშნა (თუ რა მოხდა ამ დროს, ზემოთ დავწერეთ), რომელიც შომა დოიმ გოლად აქცია.
მატჩის ბედი 83-ე წუთზე გადაწყდა, როცა იუსუში ენდომ ორამდე გაზარდა იაპონელთა უპირატესობა. ორ წუთში კი ანგარიშს წერტილი იუმა სუზუკიმ დაუსვა. რუედას გუნდმა კი ვერაფერი ხეირიანი ვერ შექმნა და მესამე ადგილისთვის მოუწევს თამაში. თუ ვისთან, ეს დღეს გაირკვევა.
* * *
დღეს, ჩვენი დროით 14:30-ზე, ზინედინ ზიდანის გუნდი არგენტინელი ლა ვოლპეს მექსიკურ "ამერიკას" ხვდება. "რეალი" ტურნირის უპირობო ფავორიტია. გავიხსენოთ ისიც, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ათი გათამაშებიდან 9 ევროპულმა კლუბმა მოიგო. ორი წლის წინათ "რეალმა" ტრიუმფით გაიარა ამ ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი, ექვსი გოლი გაიტანა და არც ერთი მიიღო, თუმცა ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ "ამერიკასთან" გუნდების შანსები 50/50-ზეა.
"არ ვართ ფავორიტები და არც ამ სახის ზეწოლას ვგრძნობთ. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ "რეალი" იოლად მოიგებს, მაგრამ ასე არ იქნება. მე შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. "ამერიკა" ძალიან კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ბევრ პრობლემას შეგვიქმნის მეტოქე, თუმცა იმავეს გავაკეთებთ ჩვენც მათთვის".
რიკარდო ლა ვოლპე (ამერიკა): "ზიდანი ფენომენალური ფეხბურთელი იყო. ახლა მას საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. ის კარგად მიხვდა კაზემიროს მნიშვნელობას, რომლის ჩართვამაც მოდრიჩსა და კროოსს მეტი შეტევის საშუალება მისცა. ახლა ეს "რეალი" უკვე "ბარსელონას" მსგავსი შემტევი გუნდია".
ფინალში "რეალს" არ ეყოლება სერხიო რამოსი, კაპიტანმა ტრავმა მიიღო. სხვა მხრივ კი, ზიდანი საუკეთესო შემადგენლობის გამოყვანას გეგმავს. ითამაშებს "ოქროს ბურთის" მეოთხედ მომპოვებული კრიშტიანო რონალდოც. შეგახსენებთ, რომ "რეალს" 35-მატჩია, არ წაუგია.
მოკლედ, დღეს გაირკვევა ფინალში "კაშიმა ანტლერსის" მომავალი მეტოქის ვინაობა...
ხუთშაბათი. 15 დეკემბერი
ამერიკა-რეალი 14:30
სავარაუდო შემადგენლობები
ამერიკა (5-3-2): მუნიოსი - გოლცი, აგილარი, ალვარესი, სამუდიო, ვალდესი - მარტინესი, სილვა, მორონესი - რომერო, კინტერო
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ვასკესი, ბენზემა, რონალდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"