2016 წლის გოლეადორები: ლეო მესის 51/51

AutoSharing Option
* სიაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუძლია წლის ბოლომდე ცვლილების შეტანა, რადგან სერხიო აგუერო დისკვალიფიცირებულია.
* მხოლოდ ლიონელ მესიმ მოახერხა წელიწადში 50-გოლიანი ზღვარის გადალახვა.
* ყველაზე მეტი წარმომადგენელი არგენტინას ჰყავს - 3, შემდეგ მოდის ურუგვაი - 2.
* ტოპ-ათეულში ყველაზე ახალგაზრდა ლაკაზეტსა და ყველაზე ასაკოვან იბრაჰიმოვიჩს შორის სხვაობა 10 წელიწადია.
* 2016 წელს მესიმ 5 ჰეთ თრიკი და 7 დუბლი შეასრულა.

მართალია, ინგლისურ პრემიერლიგაში ახალ წლამდე კიდევ ორი ტური ესწრება, მაგრამ ტოპ-5 ევროპული ლიგის 2016 წლის გოლეადორთა ცხრილს ეს მნიშვნელოვნად ვეღარ
შეცვლის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ ბომბარდირებს, რომელთაც ამ ხუთ ქვეყანაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ყველა ოფიციალურ საკლუბო მატჩში.

2016 წელს (დღემდე) ევროპის ტოპ-5 ლიგაში (ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა, იტალიის სერია A, საფრანგეთის ლიგა 1), 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, 5928 ადამიანმა გაიტანა გოლი. მათ შორის არის ლევან მჭედლიძის სამი გოლიც იტალიის ჩემპიონატში.

წლის ტოპ-ათეულში 5 გოლეადორი სამხრეთ ამერიკიდანაა, 4 - ევროპიდან, ხოლო ერთი აფრიკიდან.

აღსანიშნავია, რომ ათეულში არც ერთი ინგლისელი, ესპანელი, გერმანელი ან იტალიელი ფეხბურთელი არ არის, ტოპ-5 ლიგიდან მხოლოდ საფრანგეთს ჰყავს წარმომადგენელი.

ესპანელთაგან საუკეთესო 35 წლის ვეტერანი ფორვარდი არიც ადურისია. ბასკმა 28 გოლი გაიტანა წლეულს და ის მე-11 ადგილზე გავიდა.

როგორც სიიდან ნახავთ, ძირითადად გამოცდილი ფორვარდები ყოჩაღობენ - ტოპ-10-ის საშუალო ასაკი 29 წელია. მაღალი კლასის ფეხბურთელები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ასაკს მაღალ დონეზე თამაშისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - 2013 წელსაც მთავარ გოლეადორთა ეს ხუთეული იყო - მაშინ კრიშტიანო რონალდომ 69 გოლი გაიტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა - 47, ლიონელ მესიმ - 45, ლუის სუარესმა - 42, ხოლო ედინსონ კავანიმ - 41. საოცარი დამთხვევაა.

წლევანდელ მოწინავე ათეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ფორვარდები, როგორებიც ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), მაურო იკარდი (ინტერი) და ნეიმარი (ბარსელონა) არიან.

ვნახოთ, ვინ მოხვდა წლის საუკეთესო 10 გოლეადორს შორის...

10. ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)
29 გოლი. 37 მატჩი
25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ლიონში დაიბადა და მთელი კარიერაც "ლიონში" გაატარა, პრემიერლიგაში რომელიმე მოწინავე გუნდში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია. არადა, ლაკაზეტს გარკვეული თამაშები ტრავმის გამო გაუცდა, თორემ მეტის მიღწევაც შეეძლო.

8-9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
31 გოლი. 41 მატჩი
ერთადერთი აფრიკელი ფორვარდი ტოპ-ათეულში. 27 წლის საფრანგეთში დაბადებული ობამეიანგი გაზაფხულზე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2017 წელს "დორტმუნდს" ძალიან უნდა გაუჭირდეს ობამეიანგის შენარჩუნება და მას, დიდი ალბათობით, რომელიმე ევროპულ გრანდში ვიხილავთ. ყველამ იცის, რომ მისი შეძენა მადრიდის "რეალს" სურს.

8-9. სერხიო აგუერო (სიტი)
31 გოლი. 41 მატჩი
გასულ სეზონში კუნი მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა პრემიერლიგის ბომბარდირ ჰარი კეინს. 28 წლის არგენტინელი პეპ გვარდიოლას ხელში კიდევ უფრო კარგად ათამაშდა, თუმცა ბოლოს დააღალატა გუნდი, როცა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დავიდ ლუისთან უხეშობისთვის. მანამდე კი კუნმა "სიტის" მაისურით 150-ე გოლი გაიტანა.

7. გონსალო იგუაინი (ნაპოლი/იუვენტუსი)
33 გოლი. 42 მატჩი
ზაფხულში გონსალოს ტრანსფერს "ნაპოლიდან" ტურინის "იუვენტუსში" დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ახლა 29 წლის პიპიტა ნეაპოლში პერსონა ნონ გრატაა. მანამდე ის იტალიის ჩემპიონატის კაპოკანონიერე გახდა 36 გოლით, რითაც ლიგის რეკორდიც გაიმეორა. ოქტომბერში "ნაპოლის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც მთელი ნეაპოლი საბოლოოდ გადაიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლის აღნიშვნა არც უფიქრია.

5-6. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
34 გოლი. 45 მატჩი
13 დეკემბერს 28 წლის პოლონელმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და ბავარიელი ფანებიც დაამშვიდა, ის 2021 წლამდე რჩება "ალიანც არენაზე". გასულ სეზონში ის ბოლო სამ წელში მეორედ გახდა ბუნდესლიგის ტორაგერკანონე. ის გახდა პირველი უცხოელი, ვინც სეზონში 30 ან მეტი გოლი გაიტანა.

5-6. ედინსონ კავანი (პსჟ)
34 გოლი. 43 მატჩი
29 წლის ურუგვაელს ხელ-ფეხი მას მერე გაეხსნა, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და პარიზული გრანდის პირველი ვიოლინო გახდა. ის მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, ვინც პსჟ-ში ასი გოლის გატანა მოახერხა. კავანიმ ამ სეზონში ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა, რაც ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია (2 გოლით უსწრებს ობამეიანგს).

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)
39 გოლი. 42 მატჩი
შვედს კიდევ შეუძლია, მონაგარს ცოტა მოუმატოს და სამეულში შევიდეს. ამ შემთხვევაში ეს მართლაც ფანტასტიკური მიღწევა იქნება 35 წლის ფორვარდისთვის. გასულ სეზონში ის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც. სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ასაკში ზლატანს გაუჭირდებოდა პრემიერლიგის მწვერვალების დაპყრობა, მაგრამ შვედი ჟოზე მოურინიოს გუნდში ჯერჯერობით, საწინააღმდეგოს ამტკიცებს. შვედმა განსაკუთრებით ბოლოს მოუმატა.

3. კრიშტიანო რონალდო (რეალი)
42 გოლი. 44 მატჩი
ეს წელი ტრიუმფული გამოდგა კრიშტიანოსთვის (გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2016-ზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე), რაც ბოლოს 31 წლის ფეხბურთელის მიერ კარიერაში მე-4 "ოქროს ბურთის" მიღებით დასრულდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ის არ არის საუკეთესო მეგოლე ევროპაში. მეტიც, რონალდოს კონკურენტებმა საკმაოდ გაასწრეს. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი დიდწილად, ისიცაა, რომ კრიშტიანოს წლევანდელი სეზონის დასაწყისი ევრო 2016-ის ფინალში მიღებული ტრავმის გამო გაუცდა.

2. ლუის სუარესი (ბარსელონა)
48 გოლი. 49 მატჩი
ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ ჩემპიონატებში გატანილი გოლები რომ ავიღოთ, 2016 წლის მთავარი გოლეადორი 29 წლის ურუგვაელია. თუმცა ამ შემთხვევაში მას ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ გოლით ჩამორჩება და დაწევის კარგი შანსიც აქვს. სუარესი ამჟამად ლა ლიგის თანაბომბარდირია (მესისთან ერთად) 12-12 გოლით. რონალდო იქაც მესამეა.

1. ლიონელ მესი (ბარსელონა)
51 გოლი. 51 მატჩი
შესაძლოა, კრიშტიანომ დამსახურებით მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, მაგრამ 2016 წელს საუკეთესო ფორვარდი სწორედ მესია - მან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ევროპის ტოპ-5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის და თანაც, 29 წლის არგენტინელი ერთადერთია, რომელიც 50-გოლიან ზღვარს გადასცდა. მას საშუალოდ გოლი გააქვს მატჩში, ტოპ-10-ში ეს მაჩვენებელიც საუკეთესოა.

მესის 51 გოლი
2015/16 სეზონი 20 გოლი
2016/17 სეზონი 12 გოლი
2015/16 თასი 5 გოლი
2016 სუპერთასი 1 გოლი
2015/16 ჩ. ლიგა 3 გოლი
2016/17 ჩ. ლიგა 10 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რონალდოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე ქონდა 49 გოლი, და ფინალოს მერე 52 გაუხდა!!!
0
ბარსას ფანის დაწერილი :დ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული