მათთან კამათი არ შეიძლება - მსოფლიოს საუკეთესო მსაჯები

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა რეიტინგი. ფაქტია: ფეხბურთში არბიტრი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ალბათ არც იმაში შეგვედავება ვინმე, რომ ჩვენი პლანეტის საუკეთესო მსაჯები ერთ წერილს მაინც იმსახურებენ. მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

10. ნესტორ პიტანა, არგენტინა
სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მსაჯი. მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე კარგად იმსაჯა. სწორედ მას ანდეს უპრინციპულესი მეოთხედფინალის განსჯა, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არის ყოფილი მსახიობი და ეს ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვაში ძალიან ეხმარება.

9. დამირ
სკომინა, სლოვენია
დამირ სკომინა საფეხბურთო მსოფლიომ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე გაიცნო და მას შემდეგ სულ ერთ-ერთ მთავარ სამსაჯო როლშია. ევროპის გასულ ჩემპიონატზე ორი სენსაციური შეხვედრა იმსაჯა - ისლანდია - ინგლისი და უელსი - ბელგია.

8. მარტინ ატკინსონი, ინგლისი
პრემიერლიგის აღიარებული ვეტერანი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის მატჩებს 2005 წლიდან სჯის. 2010 წელს სათადარიგო არბიტრი იყო ჰოვარდ ვების მსაჯთა ბრიგადაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა განსაჯა. წლეულს პირველად ერგო დიდ ტურნირზე მსაჯობის პატივი - ჩემპიონატის შეხვედრები განსაჯა.

7. ფელიქს ბრიხი, გერმანია
2004 წლიდან ემსახურება ბუნდესლიგის მატჩებს. იმსაჯა 2014 წლის ევროპალიგის ფინალი "სევილიასა" და "ბენფიკას" შორის. მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალის არბიტრი იყო "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის. თამაშის დროს მან ვერ შეამჩნია, როგორ ჩაარტყა სუარესმა კისერში ხუანფრანს, მატჩის შემდეგ კი "ბარსელონას" წარმომადგენლების პრეტენზიის მოსმენაც მოუხდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გერმანელს "ატლეტიკოს" რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა.

6. ბიორნ კუიპერსი, ჰოლანდია
ჰოლანდიელი მსაჯის კარიერის მწვერვალია ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. მოგეხსენებათ, ის დრამატული შეხვედრა "სამეფო კლუბის" გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე წელი მისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. იმსაჯა ჰოლანდიის თასის ფინალი და იყო ევროპის ჩემპიონატზე.

5. ჯუნეით ჩაქირი, თურქეთი
მსაჯი, რომელზეც ჯერ კიდევ გაბრაზებულია სერ ალექს ფერგიუსონი. სწორედ ჩაქირიმ გააგდო ნანი მინდვრიდან შოტლანდიელი ლეგენდის ბოლო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე. უეფა ხშირად ანდობს თურქ არბიტრს მნიშვნელოვან შეხვედრებს. მაგალითად, სწორედ მან განსაჯა წლეულს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. ევროპის ჩემპიონატზე გრანდთა მეოთხედფინალი ანდეს - იტალია-ესპანეთი.

4. იონას ერიქსონი, შვედეთი
არბიტრი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფრით მოისყიდი. რამდენიმე წლის წინ 10 მილიონ დოლარად გაყიდა წილი ერთ-ერთ შვედურ კომპანიაში. წლეულს მოემსახურა ევროპის ჩემპიონატს.

3. ვიკტორ კაშაი, უნგრეთი
2011 წელს იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო არბიტრად დასახელდა. იმუშავა წლევანდელ ევროფორუმზე. ცოტა ხნის წინ განსაჯა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩები. სწორედ ამ ტურნირზე გახდა პირველი მსაჯი ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დანიშნა თერთმეტმეტრიანი. ეს მოხდა "კაშიმა ანტლერზისა" და "ატლეტიკო ნასიონალის" შეხვედრაში.

2. ნიკოლა რიცოლი, იტალია
ევროპის ჩემპიონატზე ალბათ ყველაზე სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს გერმანელთა კარში თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მისცა. ამის მიუხედავად, რიცოლი ტურნირის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. ჩემპიონთა ლიგაზეც გამორჩეულია და იტალიის ჩემპიონატშიც.

1. მარკ კლატენბურგი, ინგლისი
2016 წელი მისთვის კარიერის პიკი იყო. იმსაჯა ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ტატუც კი გაიკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიელი მსაჯები უკონკურენტოები არიან, ყველაზე მაგრები
ლევან
12:26 31-12-2016
0
ყველაზე ხშირად კლატენბურგის, ნიკოლა რიცოლის და ჯუნეთ ჩექირის ნამსაჯი თამაშები „ტყდება“ ხოლმე.
ქომაგი
17:19 31-12-2016
0

სიახლეები პოპულარული