ფეხბურთი 2016: რონალდოს, "სამეფო კლუბისა" და სენსაციების წელიწადი

AutoSharing Option
წელიწადი ლიონელ მესის დიდებით დაიწყო და კრიშტიანო რონალდოს სრული ტრიუმფით დასრულდა. 2016 წელს ბევრი საინტერესო მოხდა მსოფლიო ფეხბურთში, იყო უამრავი სიხარული, იყო ტრაგედიებიც.

საოცარი წელი იყო იმ მხრივ, რომ აუტსაიდერებმა დიდი კვალი დატოვეს - პრემიერლიგა "ლესტერ სიტიმ" მოიგო, ევროპის ჩემპიონატი - პორტუგალიის ნაკრებმა; იმავე ტურნირზე ისლანდიამ გაგვაოცა, ხოლო ბუნდესლიგაში "ლაიპციგმა" გაიბრწყინა...

იანვარი
ლიონელ მესიმ ფეხბურთის ისტორიაში პირველმა მიიღო მეხუთე ოქროს ბურთი. მას 2015 წელს დიდებული თამაში და ხუთი ტიტული დაუფასდა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ მოქიშპე კრიშტიანო რონალდოზე ნაკლები გოლი
გაიტანა, ეს ტიტული ალალად დაიმსახურა. აი, 2016 წლის განმავლობაში ლეომ დიდებულად კი ითამაშა, მაგრამ მას ფორტუნამ ზურგი აქცია...

Sportall.Ge

თებერვალი
მსოფლიო ფეხბურთში ახალი ხანა დაიწყო. იოზეფ ბლატერის ტახტზე შვეიცარიელი ჯანი ინფანტინო აირჩიეს, რომელიც აქამდე უეფას გენერალური მდივანი იყო. ასე რომ, ველოდოთ მალე მუნდიალის 40 ან სულაც 48 გუნდამდე გაზრდას, ინფანტინო ამის დიდი მხარდამჭერია.

Sportall.Ge

მარტი
მსოფლიო ფეხბურთმა ლეგენდა დაკარგა - ბარსელონაში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი. ის 69 წლის იყო. "მფრინავი ჰოლანდიელი" ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი იყო და ტიკი-ტაკას ერთ-ერთი შემქმნელი.

Sportall.Ge

აპრილი
ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამაშების დრო მოვიდა და მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" მეოთხედფინალიდან მადრიდის "ატლეტიკომ" გააძევა! ასე რომ, ვერც "ბარსამ" შეძლო ზედიზედ ორჯერ ლიგის მოგება. "კამპ ნოუზე" მოგების მიუხედავად, "ბარსას" მადრიდში ფეხი არ გაანძრევინეს დიეგო სიმეონეს ბიჭებმა. ნახევარფინალში "ატლეტიკომ" კიდევ უფრო მძლავრი "ბაიერნი" ჩამოიცილა გზიდან და ფინალში გავიდა.

Sportall.Ge

მაისი
500/1 - ასე იღებდნენ სეზონის წინ ფსონებს "ლესტერ სიტის" ჩემპიონობაზე და ალბათ, მხოლოდ "მელიების" თავგადაკლული ფანები თუ ჩამოვიდოდნენ ფსონს მათს მოგებაზე. კლაუდიო რანიერიმ და მისმა ბიჭებმა კი სასწაული მოახდინეს და "ლესტერი" პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით რიად მაჰრეზისა და ჯეიმი ვარდის ტანდემს გამოვყოფთ. ალჟირელი სულაც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Sportall.Ge

"სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული დერბი ვიხილეთ, რომელიც 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ხუანფრანმა ვერ გაიტანა და შემდეგ კრიშტიანო რონალდოს დარტყმამ "სამეფო კლუბს" რეკორდული, მე-11 თასი მოუტანა.

Sportall.Ge

ივნისი
აშშ-ში კოპა ამერიკა სენტენარიო გაიმართა, რომელიც ჩილეს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც 82 ათასი მაყურებლის თვალწინ ჩილემ 4:2 მოიგო. მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი ნაკრებიდან წასვლის შესახებ სკანდალური განცხადებაც გააკეთა.

Sportall.Ge

საბედნიეროდ, ორიოდ თვეში ლეოს წყენამ გადაუარა და ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა. ჩილეს ნაკრების ლიდერმა ალექსის სანჩესმა ტურნირის ოქროს ბურთი მოიგო.

საფრანგეთში ევრო 2016 დაიწყო, პლეი ოფის პირველივე წრეში გავარდა მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, რომელსაც იტალიამ 2:0 მოუგო.

ივლისი
საფრანგეთში ევრო 2016 დრამატული ფინალით დასრულდა. ფინალის აუტსაიდერი პორტუგალია ფავორიტ მასპინძლებს ეთამაშებოდა. "სტად დე ფრანსზე" ყველაფერი მას მერე შეიცვალა, რაც პორტუგალიამ ტრავმის გამო ლიდერი კრიშტიანო რონალდო დაკარგა. ატირებული რონალდო მოედნიდან გაიყვანეს, ხოლო პორტუგალიამ მის გარეშე შეძლო სასწაულის მოხდენა და ედერის გოლით ევროპის ჩემპიონობის მოგება.

ყველას სიმპათია დაიმსახურა ისლანდიის ნაკრებმა, რომლისთვისაც ფინალურ ეტაპზე გასვლაც დიდი წარმატება იყო. საფრანგეთში კი კუნძულელებმა სასწაული მოახდინეს და მეოთხედფინალამდე უწიეს, გზად კი ინგლისის ნაკრები ჩამოიცილეს. კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია უელსის ნაკრებმა გარეთ ბეილთან ერთად - ნახევარფინალში ითამაშა.

Sportall.Ge

აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი
ევროპის მოწინავე ლიგებში ახალი სეზონი გახურდა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს პრემიერლიგა, ვარსკვლავებით დახუნძლულ ლიგაში, ერთბაშად რამდენიმე ტოპ-მწვრთნელი შეიყარა და მათი დუელები მუდამ ყურადღების ცენტრშია.

ტოპ-5 ლიგებში სენსაციურად დაიწყო ბუნდესლიგის დებიუტანტმა "ლაიპციგმა", რომელმაც მხოლოდ წლის ბოლოს დაუთმო ლიდერობა მიუნხენის "ბაიერნს".

დაიწყო 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში; გახურდა ევროთასები...

Sportall.Ge

ნოემბერი
თვის ბოლოს საფეხბურთო სამყაროს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, კოპა სუდამერიკანას ფინალი ვერ გაიმართა, რადგან ფინალისტი, ბრაზილიური "შაპეკოენსე" კოლუმბიის მთებში დაიღუპა. თვითმფრინავის ავიაკატასტროფას "შაპეკოენსეს" 19 ფეხბურთელი შეეწირა, ცოცხალი მხოლოდ სამი მათგანი გადარჩა.

Sportall.Ge

დეკემბერი
"ფრანს ფუტბოლმა" წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დაასახელა, რომელმაც ოქროს ბურთი კარიერაში მეოთხედ მოიგო და ამ მხრივ, პორტუგალიელი მხოლოდ მესის ჩამორჩება. სწორედ მესის აჯობა მან წლეულს.

რონალდომ ამის მერე "რეალთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და ამ ტურნირის ოქროს ბურთიც დაისაკუთრა. ფინალში ზინედინ ზიდანის გუნდმა დამატებით დროში 4:2 მოუგო "კაშიმა ანტლერსს", ხოლო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამასთან ერთად რონალდო მესისგან განსხვავებით დიდი ქველმოქმედია.10 მილიონი საბავშო ფონდში აქვს ჩარიცხული.თვითმფრინავით დაღუპული ბრაზილიელების ოჯახებისთვის 3 მილიონი გადარიცხა.მოკლედ მაგარი კაცია მესისგან განსხვავებით.
მხოლოდ ფაქტები
11:46 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული