ტრანსფერ ONLINE: 5 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:10. "უოტფორდს" სურს, "მილანისგან" კეისუკე ჰონდა ინათხოვროს. ამ ინფორმაციას "ფუტბოლ იტალია" ავრცელებს. ინგლისური გუნდის მწვრთნელ ვალტერ მაძარის კონკურენცია მოუწევს MLS-სა და ჩინურ კლუბებთან, თუმცა მისი უპირატესობა ის არის, რომ თავად ჰონდას ევროპაში სურს თამაში.

12:15. "სქაი სპორტი" წერს, რომ "ვესტ ჰემმა" ოფიციალური წინადადებით მიმართა "სანდერლენდს" ჯერმეინ დეფოსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, "ჩაქუჩებს" ვეტერანი ფორვარდის ფასი აინტერესებთ, დანარჩენიც მერე გამოჩნდება...

12:23. "ზენიტის" იტალიელი მცველი დომენიკო კრიშიტო "მარსელს" აინტერესებს. გარიგების სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

12:30. "საუთჰემპტონმა", შესაძლოა, "ნაპოლის" ფორვარდი მანოლო გაბიადინი იყიდოს.
საამისოდ, "წმინდანებს" 22 მილიონი ევროს მობილიზება დასჭირდებათ.

12:45. "არსენალმა" რიკარდო პერეირას ყიდვა მოინდომა. "პორტუს" 23 წლის მცველი "მეთოფეებს" 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

12:55. სადაცაა, პიტერ კრაუჩი "სტოკ სიტისთან" კონტრაქტს გააგრძელებს.

13:03. "ბრიუგემ" დაადასტურა მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდ კარლოს სტრანდბერგის შეძენა. კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა.

13:36. "სანმა" დაწერა, რომ "გალათასარაი" მზადაა, 10 მილიონი ევრო გადაუხადოს "მიდლსბროს" დანიელ სანჩეს აიალაში.

13:46. "ფუტბოლ იტალიამ" ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "მილანს" "ლაციოსგან" ბალდე კეიტას იჯარით აყვანა ნდომებია. 21 წლის სენეგალელი გარემარბი 30 მილიონი ევრო ღირს.

13:54. "ჩელსი" "მონაკოს" ტიემუ ბაკაიოკოს დათმობას სთხოვს. "დეილი მეილის" ცნობით, 22 წლის ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედიც" აკვირდება.

14:13. მეკარე ტომას მეხიასი "მიდლსბროდან" ესპანური სეგუნდა დივიზიონის კლუბ "რაიო ვალეკანოში" გადაბარგდა.

14:40. "სანი" დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ კოლაროვი "მანჩესტერ სიტიში" ბოლო თვეებს ითვლის. პეპ გვარდიოლა სერბს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.

14:51. "ივნინგ სტანდარდმა" გვაუწყა, რომ ჯონ ობი მიკელი ჩინურ "ტიანცზინს" მოურიგდა. ნიგერიელის ყოველკვირეული ჯამაგირი 180 ათასი ევრო იქნება.

15:03. "მიდლსბრომ" კონტრაქტი გაუფორმა ფინური "ილვესის" ფორვარდ მიკაელ სოისალოს. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

15:07. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 23 წლის მეკარე სემ ჯონსტონი სეზონის ბოლომდე "ასტონ ვილაში" გაანათხოვრა.

15:31. ჩინურმა "შანხაი შენჰუამ", რომელმაც ახლახან კონტრაქტი გაუფორმა კარლოს ტევესს, ხოლო მწვრთნელად გუსტავო პოიეტი დაიქირავა, "უოტფორდიდან" ოდიონ იგალოსაც უხმო.

15:35. "ჰალ სიტის" ახალ მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტი მარკო სილვა დაინიშნა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

15:43. პაულო დიბალას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი "იუვენტუსს" არ დატოვებს, პირიქით - "ბებერი ქალბატონი" მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს.

16:08. "იუვენტუსი" "ლიონის" ნახევარმცველ კორენტენ ტოლისოთი დაინტერესდა. ამ ეტაპზე ფრანგული კლუბის უფროსობა კატეგორიულია - ტოლისო იანვარში არ გაიყიდება, ზაფხულში კი... მისი ფასი 40 მილიონი ევრო იქნებაო, წერს "ფუტბოლ იტალია".

16:10. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, მილან ბადელი "ფიორენტინადან" "რომაში" გადადის. დედაქალაქელებს ეს სიამოვნება 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

16:13. "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპს იანვრის ტრანსფერებისთვის 50 მილიონი ევრო გამოუყვეს. "დეილი მეილი" და "ბილდი" კი წერენ, რომ გერმანელი სპეციალისტის სამიზნეში არიან იულიან ბრანდტი ("ლევერკუზენი") და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი").

16:35. "დეილი მეილის" ცნობით, "მილანი" "ევერტონს" ჟერარ დეულოფეუს იჯარაზე ელაპარაკება. ლივერპულური კლუბი, ჯერჯერობით, ფეხს ითრევს.

17:05. ჩინური "ტიანცზინის" მწვრთნელი პაოლო კანავარო ევროპაში გაფრინდა, რათა ორი ფორვარდის ტრანსფერი მოაგვაროს. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, ლაპარაკია ნიკოლა კალინიჩსა ("ფიორენტინა") და კარლოს ბაკაზე ("მილანი"). ამ უკანასკნელს კიდევ ორი ჩინური კლუბი - "გუანჯოუ" და "შანხაი შენჰუა" - უტრიალებს.

17:30. ბუნდესლიგის აღმოჩენა "ლაიპციგი" ჩემპიონშიპის ბინადარ "ნოტინგემისგან" 19 წლის მეტ კეშის ყიდვას ცდილობს.

18:05. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მემფის დეპაი "ნიცას" აინტერესებს. ადგილობრივი ფრანგული გაზეთი წერს, რომ გარიგება ითვალისწინებს ჯერ იჯარას, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ - გამოსყიდვას 10 მილიონ ევროდ.

18:29. "არსენალის" ფეხბურთელებს შორის პანიკააო, წერს "დეილი მეილი". საქმე ის არის, რომ "ბორნმუთთან" მატჩის შედეგით (3:3) განრისხებულმა ალექსის სანჩესმა, თურმე, ცოფები ჰყარა გასახდელში და გუნდიდან წასვლით დაიმუქრა...

18:39. ბაკარი საკომ "კრისტალ პალასიდან" ქვედალიგელ "ბირმინგემში" ფაქტობრივად მოგვარებული ტრანსფერი ჩაშალა და "არწივების" ძირითადში დამკვიდრებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული