შალვა სუთიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, სუთიაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად მაისურს უსახსოვრებს.

სუთიაშვილმა ირაკლი აფხაიძის მიერ დასმული შემდეგი კითხვა მოიწონა: "ხომ არ აპირებთ ნაკრების მორაგბეები რეგიონებში ვოიაჟს და მასტერკლასების ჩატარებას ახალბედა მორაგბეებისათვის?"

სუთიაშვილმა ჩვენი რუბრიკაც შეაფასა: "ძალიან საინტერესო რუბრიკაა. ბევრი მოულდონელი კითხვა იყო და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ათმაგად ვიგრძენი, თუ რამხელა ყურადღებას გვაქცევენ გულშემატკივრები, როგორ გვიყურებენ და როგორ სჯერათ ჩვენი. ვფიქრობ, საჭიროა ეს რუბრიკა და ყველა მოთამაშესთან
რომ მოხერხდეს ასეთ ფორმატში ურთიერთობა, კარგი იქნება".

მკითხველი:

- როგორი გრძნობაა "ბორჯღალოსნების" კაპიტნობა?
- რა თქმა უნდა, საამაყო. თავიდან დაუჯერებელი, მაგრამ როცა გაიაზრებ, დიდი პასუხისმგებლობა და შეზღუდვაა.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავთ ოკეანეთის ტურნეს წარმატებით დასრულებას. მადლობა ყველაფრისთვის. რაც შეეხება კითხვას: რა გრძნობაა შენთვის, როგორც მორაგბისთვის, როცა იცი, რომ მოედანზე შენი ყოფნა და ბრძოლა ვიღაცისთვის უზომო სიხარულია? ვინაიდან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ბორჯღალოსნები" ხართ ის ხალხი, ვინც სიხარულთან ერთად სიამაყის გრძნობასაც გვანიჭებთ! მადლობა.
- ნებისმიერ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ საბრძოლველად გავდივართ - თავს უკვე ვალდებულად ვგრძნობთ, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. პირველ რიგში ერთმანეთისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, გულშემატკივრებისთვის ვიბრძვით. გავიმეორებ: სიამაყის გრძნობა გვეუფლება და ბედნიერები ვართ, რომ ამის უფლება და შესაძლებლობა გვაქვს.

მკითხველი:
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა მორაგბეს. თქვენი აზრით, ბოლო ათწლეულში რა არის ქართული რაგბის წარმატების საიდუმლო, რომელმაც შესაძლოა, ფეხბურთშიც იმუშაოს?
- რაგბიში ყველაფერი პატარა ასაკიდან დაიწყო. არ ვიცი ფეხბურთზე რა და როგორ უნდა ვთქვა, რადგან არ ვიცნობ მის მდგომარეობას საქართველოში, მაგრამ ჩვენში რაგბი პროფესიონალურად იქცა და ამან განაპირობა წინსვლა.

მკითხველი:
- შალვა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. იმ სიამოვნებისთვის, რაც მოგვანიჭეთ ბოლო წლებში. თქვენი აზრით, როდის შევძლებთ ევროტურნირებზე ქართული გუნდის გაყვანას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოში მორაგბე ბიჭებს უფრო განვითარდნენ?
- დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც ჩვენ გვითმობთ. რაც შეეხება გუნდის გაყვანას: ჩვენ თამაში გვევალება, დანარჩენი კი ფედერაციაზეა დამოკიდებული. როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ეს, თვითონ გადაწყვეტენ, ჩვენ არ გვეხება.

მკითხველი:
- ახალ ზელანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ერთად აღნიშვნის საშუალება თუ გვექნება?
- კი, რა თქმა უნდა, საჭიროც იქნება.

მკითხველი:
- პირველ რიგში, სალამი და წარმატებები! ქართული რაგბის პროგრესი წლიდან წლამდე შესამჩნევია, თუმცა ამ გზაზე აუცილებელია საკლუბო და საბავშო რაგბისადმი მიდგომების გადახედვა. რამდენად ეთანხმებით, რომ გამოცდილმა ლეგიონერებმა კარიერის დასრულებამდე 1 წელი მაინც ქართულ კლუბებში იასპარეზონ? რამდენად წაადგება ეს ქართულ რაგბის და თუ იქნება ამ ინიციატივის მხარდამჭერი ნაკრების კაპიტანი - შალვა სუთიაშვილი?
- ბევრ მორაგბეს ვიცნობ, ვისი სურვილიცაა კარიერის ბოლო წლის გატარება საქართველოში, საკუთარ სახლში. თავად მე, ოცნებად მაქვს საქართველოში ბოლო სეზონის ჩატარება, რადგან სხვა გრძნობაა შენს სამშობლოში თამაში და შენი ოჯახის თანდასწრებით ყოველ კვირას მოედანზე გასვლა.

ინიციატორობას რაც შეეხება, არამგონია - პირადულია!

მკითხველი:
- თქვენი არჩევანი რომ ყოფილიყო, ისურვებდით თუ არა სხვა ქვეყნის სახელით (თუნდაც ახალი ზელანდიის), როგორც სათადარიგო მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონობას თუ მაინც საქართველოს ნაკრების კაპიტნობას აირჩევდით? და ასევე დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის და მეამაყება, რომ თქვენს გვერდით სურათის გადაღება შევძელი ერთ-ერთ არასარაგბო ქვეყანაში საქართველოს ნაკრების მორიგი გამარჯვების შემდეგ.
- რაგბის თამაში სამოყვარულო დონეზე დავიწყე და არასდროს მიფიქრია ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ქვეყნის სახელით გავდივარ მოედანზე, თანაც, რეალისტი ვარ - წარმოსახვაში ვერაფერს წარმოვიდგენ, მაგრამ მგონია, მაინც საქართველოს ავირჩევდი!

მკითხველი:
- როგორ შეგცვალათ რაგბის თამაშმა პიროვნულად?
- უფრო დამაწყნარა. მთელ აგრესიას მოედანზე ვტოვებ და ცხოვრებაში ხალხი უწყნარესს ადამიანად მხედავს.

მკითხველი:
- შალვა, პირველ რიგში შენ და სრულიად ბორჯღალოსნებს გილოცავთ "კუნძულების" ტურნეს წარმატებით ჩატარებას, ეგ 1 და სხვა მრავალი. ტელევიზორშიც კარგად ჩანდა, თუ რა რთულად გიწევდათ ადგილობრივი კლიმატური პირობებისთვის შეგუება. შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდით, თამაშიდან თამაშამდე უმატებდით და ამით უფრო მეტად არის დასაფასებელი მიღწეული გამარჯვებები. ალბათ ყველაზე მეტი ჯაფა შენ, როგორც კაპიტანს დაგადგა, რამდენადაც ერთ-ერთი მოვალეობა თანაგუნდელების შეგულიანებაც იქნებოდა. მაინტერესებს, როგორ აგულიანებდა კაპიტანი თამაშის მსვლელობისას თანაგუნდელებს, რათა ძალები მოეკრიბათ და მიეღწიათ შედეგისთვის, რამაც ქომაგები დიდად გაგვახარა?
- თამაშის მიმდევრობა ნამდვილად რთული იყო, რადგან ჩვენსა და იქაურობას შორის 12 საათი იყო განსხვავება და ისე მოხდა, რომ დღე და ღამე ერთმანეთში აგვერია. ამის გამო გაბრუებულები ვიყავით. თამაშსაც ეტყობოდა, რომ ნელ-ნელა ვეჩვეოდით იმ ყველაფერს და მიჩვევასთან ერთად უკეთესად ვთამაშობდით, მით უმეტეს იმ კლიმატში, რასაც არ ვართ მიჩვეულნი.

გუნდი ერთნაირად იხარჯება. ვინმეზე მეტად ვიხარჯები თუ ვინემზე ნაკლებად, ამას ვერასდროს განსაზღვრავ. ჩემი მოვალეობაა მივმართო ბიჭებს, შევაგულიანო და... არ ვიცი, უბრალოდ მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომ მათ არ სჭირდებათ ჩემი შეგულიანება, ჩემი შეხსენება თუ რატომ არიან მოედანზე და რა უნდა აკეთონ. ამით ბედნიერი ვარ, რადგან საფრანგეთშიც მიწევს კაპიტნობა და ამ კუთხით იქ სულ სხვა მიდგომა და გაბრაზებაა საჭირო წარმატებისთვის, ჩვენს ნაკრებში კი არასდროს დასჭირდებათ ეს მოთამაშეებს.

მკითხველი:
- გამარჯობა შალვა, შენი კაპიტნობით ნაკრებს არც ერთი თამაში არ წაუგია, რაც ძალიან კარგია, ოკეანეთში ტესტებით ნაკრები ახალ საფეხურზე ავიდა და როგორ ფიქრობ, არის ნაკრები მზად შემოდგომაზე შოტლანდიის დასამარცხებლად?
- რწმენასთან ერთად პრეტენზიებიც გაგვიჩნდა - ყველა თამაშში მოგება გვსურს. შანსები ყოველთვის არსებობს. არავის სჯეროდა, რომ ფიჯის დამარცხებას შევძლებდით, თუმცა მოვიგეთ... ფიჯი და შოტლანდია სხვადასხვა სტილის გუნდები არიან და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ შანსი არის და რაც მთავარია, შანსთან ერთად სურვილიც არის, ბოლო დროს კი ის, რაც გვსურს, გამოგვდის, საბედნიეროდ.

მკითხველი:
- შალვა, გამარჯობა, გილოცავთ წარმატებულ ტურნეს, მთელ საქართველოს ვულოცავ. მაგრად გვიყვარს მთელი სარაგბო საძმო და ეს თვითოეული თქვენგანის დამსახურებაა, გენაცვალეთ! ჩემი შეკითხვაა: კაპიტნისთვის, რომელია უფრო რთული: გამარჯვების თუ დამარცხების შემდეგი თამაშის თამაში?
- არ ვიცი (იცინის). არც ნაკრებში მაქვს წაგება, როგორც კაპიტანს და არც - საფრანგეთში.

მე პირადად, როგორც არაკაპიტანს, მითამაშია წაგებული თამაშის შემდეგ და ყოველთვის სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოგვიწიოს თამაშმა, რათა მოვიგოთ და ის წაგებული თამაში წარსულში დარჩეს.

ანუ, მარცხის შემდეგ...

მკითხველი:
- ჩემო კაპიტანო, მოგესალმები და პირველ რიგში, გილოცავ წარმატებულ სეზონს როგორც სანაკრებო დონეზე, ისე საკლუბოში, კერძოდ ელიტაში აღზევებას. შეკითხვა: როგორც ცნობილია მამათქვენი, ძველი მორაგბე ბატონი გოგი რეგულარულად ესწრება თქვენს თბილისურ თამაშებს. თამაშისას თუ იცით ხოლმე, სად ზის ბატონი გოგი და თუ გრძნობთ მის მზერას?
- ემოციური კითხვაა. არასდროს ვაკვირდებით ამას და მამაჩემიც არ მეუბნება, თუ სად იჯდება, მაგრამ ვიცი, რომ არამხოლოდ ქართულ თამაშებს უყურებს, არამედ უცხოუეთშიც, როცა კლუბთან ვარ, უყურებენ თამაშებს ეგეც და ჩემი სიძეც და საჭიროების შემთხვევაში, მაკრიტიკებენ...

მკითხველი:
- პირველ რიგში, უნდა გამოვხატო მადლიერება მთელი ქვეყნის სახელით ყველა "ბორჯღალოსანის" წინაშე. მადლობა ყველაფრისთვის: ბრძოლისთვის, ჟინისთვის და ქვეყნის ასეთი სიყვარულისთვის... "ექვს ერში" ყოფნის სურვილზე და დამსახურებებზე ბევრი ითქვა. ითქვა ისიც, რომ კომერციული ტურნირია ეს და მთავარი ფინანსური სიძლიერეა ქვეყნის და ნაკლებად მნიშვნელოვანია სარაგბო ძალა მათთვის. რაც შეეხება კითხვას. რა განსხვავებას ამჩნევთ თქვენს თავში, როცა თამაშობთ კლუბსა და ნაკრებში ?
- პირველ რიგში, "ექვს ერსზე" ვიტყვი. კი, კომერციულია, თანხებს საჭიროებს, მაგრამ 2019-წლამდე შემდგარია უკვე განრიგი, მანამდე კი მიდის საუბარი ჩვენს მიღებაზე და ჯერ არ ვიცით პასუხი. პასუხი, წესით, მომავალ ორ წელიწადში იქნება და ვნახოთ, რას გვეტყვიან.

კლუბსა და ნაკრებში თამაში კი სულ სხვადასხვა პასუხისმგებლობაა... უცხოეთში წასვლისას ოჯახის დატოვება გიწევს, მაგრამ როცა ნაკრებს თამაში უწევს, ჩამოდიხარ აქ და შენი გულშემატკივრის წინ თამაშობ , ხვდები, რომ რაღაცას აკეთებ... ანუ, იქ ვთამაშობთ და ვცხოვრობთ იმისთვის, რომ საჭირო დროს უმაღლეს დონეზე მზად ვიყოთ ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- გამარჯობა, პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებთ მთელ ნაკრებს. კითხვას რაც შეეხება: ვუყურე თქვენს თამაშს ფიჯისთან, სადაც ასეთ რთულ მეტოქეს ლელოს დადების საშუალებაც კი არ მიეცით. როგორ მოახერხეთ მთელი ნაკრების ასე ერთ მუშტად შეკვრა? მით უმეტეს, როცა გუნდის ლიდერები არ იმყოფებოდნენ შეკრებაზე?
- ნაკრებში რომ მოხვდები, უკვე ლიდერი ხარ, ასე ვიტყოდი. ერთ მუშტად შეკვრა ბუნებრივი მოვლენა იყო. მივხვდით, რომ იმ კუნძულზე ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა და ჩვენი ოჯახებისგან შორს ვიყავით. დღესა და საღამოს ერთად ვატარებდით... თურმე ბევრი რამ არ გვცოდნია ერთმანეთზე და ახლა გავიგეთ. გაერთიანდა გუნდი!

შედეგი კი მოთამაშეებისა და მწვრთნელის ერთობლივმა მუშაობამ გამოიწვია. დავიწყეთ სამოათი, ამას მიყვა ტონგა და ფიჯისთან უკვე ვიცოდით, როგორც უნდა დაგვეცვა თავი!

მკითხველი:
- მოგესალმებით! ტონგასთან მატჩში, როცა ანგარიშში უკან მყოფი ჩვენი ნაკრები უკანასკნელ იერიშზე იყო გადასული, მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ბევრს მხედველობიდან გამორჩა. დაიდო თუ არა გამარჯვების ლელო, გადაღლილობისგან გული წაგივიდათ და უგონოდ დაეცით მოედანზე. სამედიცინო თვალსაზრისით, სრულიად წარმოუდგენელია ადამიანმა აკონტროლოს ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტი სახეზეა - თქვენ ეს შეძელით! ვგულისხმობ იმას, რომ სანამ კაპიტანმა გამარჯვებული ნაკრები არ დაიგულა, არ მისცა თავს უფლება გული წასვლოდა. რას დაარქმევდით იმას, რამაც გაგაძლებინათ გამარჯვების ლელომდე, როცა ორგანიზმი ფაქტიურად თქვენ არ გემორჩილებოდათ?
- არა, ეს დაღლა ნაკლებად იყო. დაღლასაც კი არ დავარქმევ ამას... უბრალოდ, კუჭის თავში რომ გხვდება, სუნთქვა იკვრება ცოტა ხნით. მეც ეს ვიგრძენი და სადღაც 15 წამს გაგრძელდა ყველაფერი, რაც წამიერი იყო... ცუდი რამ მოხდა ჩემთვის, მაგრამ გამოვიკვლიეთ შემდეგ და ყველაფერი რიგზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძვით...

მკითხველი:
- შალვა, საამაყო გუნდის საამაყო წევრი ხარ და მადლობა, რომ გვაძლევ გულშემატკივრებს ამდენ ბედნიერ წუთს! დაასახელე 3 არგუმენტი, რატომაა რაგბი ჩვენი თამაში და რა როლი აქვს ამ თამაშში გულშემატკივარს?
- ბრძოლა, პატრიოტიზმი და ერთმანეთის სიყვარული. გულშემატკივარიც შედის აქ, მწვრთნელიც და ყველა, ვისთვისაც ვიბრძვით და ვისაც გვიხარია. ერთად ვვითარდებით!

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავთ "ოკეანეთის დაპყრობას" და მაინტერესებს, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები რაგბიში და რას ეტყოდით დამწყებ მორაგბეებს?
- ჩემი პირველი ნაბიჯი რაგბიში ცოტა არასპორტული იყო. მოყვარულის დონეზე მივედი. ჩემს დროს არც იყო პროფესიონალური რაგბი და 17 წლის ასაკში, როცა შევედი რაგბიზე და ვნახე, ჩემხელა ბიჭები სხვანაირად თამაშობდნენ, ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ, საკუთარ თავს უფრო მეტი მოვთხოვე: ერთი თვე მარტომ ვივარჯიშე...

ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არასდროს დაიზარონ და იშრომონ. შრომა აუცილებლად დაუფასდებათ, მოთმინებაა საჭირო. შეიძლება მომენტში გეგონოს, რომ რაღაც არ გამოგდის, მაგრამ გამოვა!

მკითხველი:
- გამარჯობა, შალვა! გილოცავთ ოკეანეთში მიღწეულ წარმატებას პირადად თქვენ, მთლიან ნაკრებს და შემდეგ სრულიად საქართველოს. მაყურებელი ტელე-ეკრანებიდან ხედავს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორ ტაიმს და როგორც ვამჩნევთ, ჩვენი ბიჭები საკმაოდ ძლიერ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენთ. მაინტერესებს, რამდენად ძლიერია საქართველოს ნაკრები მესამე ტაიმში?
- მესამე ტაიმი ცხოვრებაში გავქვს გავლილი - სუფრა და ქეიფი ქართველებს არ გვეშლება (იცინის). უკვე პროფესიონალი მოთამაშეები ვართ და თავშეკავებულებიც.

მკითხველი:
- უბრალოდ, მინდა იცოდეთ თითოეულმა მორაგბემ და ალბათ იცით კიდევაც, რომ მართლაც ასეთი გაჭირვების ფონზე თქვენი გამარჯვებები მალამოსავით ეცხობა გულზე ხალხს და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრი დარდი და ფიქრი გადამვიწყებია. თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმე ჩვენო ლომებო, აი, ყველაზე მაგარი ამაყი ქართველობით თქვენი თამაშისას ვარ. თქვენ ვერც წარმოიდგენთ ხალხს რა დონეზე უყვარხართ. თქვენი ნამღერი "საქართველოს გაუმარჯოს", თქვენი სიტყვები თამაშის დაწყებამდე... სისხლი მეყინება და ბმურძგლავს. თქვენ სამაგალითო ქართველები ხართ, ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის იმის აღსაწერად და დასაწერად, თუ რა მაგარი ბიჭები ხართ თქვენ და მართლა სულ სხვა თამაშია რაგბი და რაც მთავარია, ჩვენი თამაშია! მაინტერესებს, რომელი გამარჯვებაა თქვენთვის ყველაზე დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი?
- დიდი მადლობა! 2012 წელს "დინამო არენაზე" აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია ყველაზე დასამახსოვრებელი, სადაც იგივენაირად განვითარდა ყველაფერი, როგორც ტონგასთან, ვგულისხმობ ბოლო წუთზე დადებულ ლელოს. ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ემოციური კუთხით, როცა აგებ და ბოლო წუთზე მოიგებ, ყველაზე მაგარია...

მკითხველი:
- გილოცავთ შალვა მე-11 ადგილს! "ექვს ერში" მოხვედრას რამდენიმე წინაპირობა აქვს,. ბატონმა მილტონმაც თქვა, პირდაპირ თქვით, რა დაჯდება მანდ მოხვედრაო... ძირითადი ორი კომპონენტია - რაგბი და ეკონომიკა. თამაშით უკვე გავაოცეთ ზელანდიელებიც კი, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ "ექვს ერში" თამაშის ნება მივიღოთ? მოვითხოვოთ უფრო მეტი დაფინანსება თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება?
- პირველ რიგში, ინსფრასტრუქტურა. ეგ რომ იქნება, მერე სპონსორების მოძებნაც შეიძლება და იმ თანხების აღმოფხვრა, რასაც ეგ ტურნირი მოითხოვს. არ ვიცი რამხელა თანხებს მოითხოვს "ექვსი ერი", მაგრამ ნაკლებად მგონია კომერციული იყოს ის...

მკითხველი:

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რაგბი საქართველოში გადაიქცეს არამარტო სპორტად, არამედ ბიზნესადაც? ვგულისხმობ იმას, რომ რაგბის ყურება მოთხოვნადი გახდეს, მზად იყოს გულშემატკივარი საკლუბო დონეზე გადაიხადოს ფული, რათა მისი საყვარელი გუნდის მატჩს უყუროს. და რა პრაქტიკული გამოცდილება არსებობს წარმატებულ სარაგბო ქვეყნებში? თუნდაც საფრანგეთში ინგლისში და ასე შემდეგ?
- თავდაპირველად, სანახაობრივად უნდა იქცეს. უნდა იყოს კარგი მოედნები, გულშემატკივარს ელემენტარული კომფორტი უნდა ჰქონდეს სტადიონზე მისვლისას.

ამას მოყვება კარგი გადაღება, კარგი კომენტარები, რათა მოანდომონ ადამიანს რაგბის ყურება, შეძლონ მათი ემოციებში შეყვანა. თავის მხრივ, რაგბის შესაყვარებლად ხალხმა უნდა შეისწავლოს წესები. რაგბი ძნელი საყურებელია, როცა არ იცი წესები. აღსანიშნავია ისიც, რომ გადინება ხდება საქართველოდან, არადა უნდა იყოს იმხელა ფინანსები, რომ მოთამაშეები აქ დარჩნენ და აქ განავითარონ როგორც თავისი, ისე ჩემპიონატის დონე. რესურსი იმხელა გვაქვს, არ გვჭირდება უცხოელი მოთამაშეები და ქართველებისგან შეგვიძლია ძლიერი ჩემპიონატის ჩამოყალიბება.

მკითხველი:
12 ადგილით დაწინაურებული საქართველო 12 წელში... სიმბოლურად, თითო წელი - თითო ადგილი რეიტინგში. როგორც გუნდის კაპიტანი, სად ხედავ ჩვენს გუნდს კიდევ 12 წლის მერე?
- ძალიან მინდა, პირველ სამ გუნდში ვნახო ნაკრები 12 წლის შემდეგ. იქამდე მისვლა, სადაც ახლა ვართ, ასე თუ ისე მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უფრო გაჭირდება. ნოემბერში შანსი გვექნება ათეულში შესვლის. შენარჩუნება ამ ადგილის და მერე უკვე წინსვლაზე ფიქრი, გაჭირდება.

სამეულში ვხედავ, მაგრამ გაგვიჭირდება... და ეს არ უნდა დაბრალდეს მოთამაშეებს! გულშემატკივარმა სწორად უნდა გაიგოს, რომ ათეულში წინ წასვლა რთული იქნება.

მკითხველი:
- "ბორჯღალოსნების" და ასევე "უმცროსი ბორჯღალსნების" პროგრესი აშკარაა, თუმცა ამ პროგრესმა გრძელვადიან გეგმაში რომ ოპტიმალური შედეგი მოგვცეს, დროთა განმავლობაში საჭირო გახდება უფროსი თაობის სინქრონული ჩანაცვლება უმცროსი თაობის მორაგბეებით. რა სიტუაციაა ამ მხრივ, არის თუ არა საკმარისი რესურსი და რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად თქვენ და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი?
- უკვე ჩანს, რომ კარგი თაობა მოდის. ჩანაცვლება დაიწყო კიდეც ნელ-ნელა, თუნდაც ორი 20-წლამდელთა მოთამაშე გვყავს ეროვნულში და ორივე კარგად თამაშობს. ანუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებას ოკეანის ტურნეზე და ისტორიულ მე-11 ადგილს! მოგეხსენებათ, იტალიას ოკეანური ტურნე წაუგებლად არასდროს ჩაუმთავრებია და როგორც კაპიტანი კაპიტანს, რას უპასუხებით სერხიო პარისეს, რომლის თქმითაც საქართველოს ადგილი "ექვს ერში" არაა?
- პარისეს მგონი სხვა რამის თქმა სურდა და სხვა რამ გამოუვიდა. ისევ მოვუწოდებ, რომ ამ ლაპარაკს სჯობს ვითამაშოთ და მოედანზე გაირკვეს ყველაფერი. ადრეც ვთქვი და იგივეს ვიტყვი ახლა, რადგან სიტყვების სროლა არ მიყვარს: ვისაც ჩვენს ძალებში ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს, გვეთამაშოს. უბრალოდ, აქ გვირჩევნია, ჩვენი ხალხის წინ...

მკითხველი:
- ნაკრებში მოსახვედრად რამდენად რთული გზაა? და თქვენ როგორ მოხვდით ეროვნულში?
- რთულია. მე ერთი შანსი მომეცა "ჩილესთან", რომელიც ძალიან ცუდად გამოვიყენე და მას მერე ეროვნულში დიდი ხანია აღარ მითამაშია. შემდეგ საფრანგეთში წავედი და 2007 წლის მოსამზადებელ პერიოდზე მოვინდომე, ბევრი ვივარჯიშე ისევ და გამომიძახეს.

გზა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

მკითხველი:
- შალვა, რაგბიში მძიმედ ისჯება დისციპლინის დარღვევა. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობთ გუნდი არ დააღალატოთ და ჯარიმა ან ბარათი არ აიკიდოთ. საინტერესოა, მორაგბეები ცხოვრებაში როგორ იქცევით კრიტიკულ სიტუაციებში: ისეთივე თავშეკავებული ხართ, როგორც მოედანზე თუ...?
- მოედანზე თავშეკავებულები არ ვართ. უხეში წესები აქვს რაგბის და ე.წ "სულელურ ბარათს" იშვიათად ვიღებთ, მაგრამ მასეც ხდება ხოლმე - შეიძლება მსაჯმა სხვანაირად დაინახოს მომენტი და არაფრის გამო დაგსაჯოს.

სხვებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან წყნარი ვარ, აგრესია კი მოედანზე რჩება.

მკითხველი:
- გამარჯობა, პროფესიის გარდა რა არის რაგბი თქვენთვის? და როგორ ფიქრობთ, მიაღწევენ თუ არა ქართველი მორაგბე გოგოები ისეთივე წარმატებას ამ სფეროში, როგორსაც ბიჭებმა მიაღწიეს?
- რაგბი, პირველ რიგში, ჩემთვის არის ცხოვრება და შემდეგ უკვე - სპორტი. ჩემი ცხოვრების წესია ის. ოჯახშიც სულ რაგბია - 3-4 ბურთია სახლში და თამაშობენ...

გოგოებს შეუძლიათ... საქართველოში არ მინახავს გოგოების რაგბი, მაგრამ რასაც ვუყურებ უცხოეთში, კარგად თამაშობენ.

მკითხველი:
- თუ "ექვს ერში" შევედით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და რამდენიმე წლის მანძილზე გვექნება სულ მარცხი. ხომ არ თვლი, რომ ქართველი ხალხი რაგბიში გარჯვებას მიჩვეული გულს აიცრუებს ამ კაცურ და ულამაზეს სპორტზე ამით?
- არ მინდა, ასე მოხდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ნამდვილი გულშემატკივარი არ აიცრუებს იმედს, რადგან მან ეროვნული ნაკრების ყოველი ნაბიჯი  იცის, ხოლო ვინც ისე, როგორც სპექტაკლს უყურებს, რთული იქნება...

მკითხველი:
- როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა წევრმა მინდა მიპასუხოთ, თვლით თუ არა, რომ 9-15 პოზიციებზე გამართლებული იქნებოდა ახალგაზრდა 13-14 წლის ქართველი პერსპექტიული მორაგბეების რამდენიმე წლით გაშვება, თუნდაც რაიმე სახის გაცვლით პროგრამით სამხრეთულ, სარაგბო ქვეყნებში? თვლით თუ არა, რომ მოიტანდა ეს გარკვეული სახის შედეგს?
- ეს უკვე განხორციელდა დიდი ხნის წინ, მაგრამ მარტო იქ სწავლისა და სავარჯიშოდ წასვლით ვერ განვითარდება მოთამაშე თუ მას სათამაშო პრაქტიკა არ მიეცა. ეგ კი რთულია, რადგან არ აძლევენ ბიჭებს ამის დროს, მით უმეტეს, მაშინ, როცა სასწავლად ხარ გაგზავნილი. ურჩევნიათ, თავიანთი მოთამაშე გაზარდონ, თანაც ამ პოზიციებზე ბევრი მოთამაშეა ხოლმე.

მოთამაშე თამაშით უფრო ვითარდება, ვიდრე - ვარჯიშით!

მკითხველი:
- ბიჭებს გვაინტერესებს, კარგი მორაგბეები რამდენ ღვინოს სვამთ?
- არა, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა მორაგბეები ღვინოს ვსვამდით, ახლა სხვა ეტაპზე ვართ. საერთოდ, შეიძლება 1-2 ჭიქის დალევა, უბრალოდ იმ დონეზე ავიდა ჩვენი დატვირთვები, ვეღარ ვსვამთ.

მკითხველი:
- მოგესალმები, შალვა. გილოცავ წარმატებულ ოკეანეთის ტურნეს, ფეხბედნიერი კაპიტანი ხარ, შენი წინამძღოლობით გუნდს ჯერ არ წაუგია და გისურვებ ეს დიდხანს გაგრძელდეს! ხომ არ აპირებთ ნაკრების მორაგბეები რეგიონებში ვოიაჟს და მასტერკლასების ჩატარებას ახალბედა მორაგბეებისთვის? თქვენი წარმატებების შედეგად, ეს თამაში ზეპოპულარული გახდა საქართველოში და სხვადასხვა კუთხეებში თქვენი ჩასვლა, ბავშვებთან შეხვედრა და თუნდაც რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება მათთან, ვისთვისაც თქვენ ცოცხალ ლეგენდებად იქეცით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ დალოცვილი სპორტის სახეობის განვითარებას და სხვა თუ არაფერი, რამდენიმე ბედნიერ წუთს აჩუქებთ რეგიონის მოსახლეობას, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორიდან გიცნობენ...
- ამას შენიშვნადაც მივიღებ და ძალიან სწორიც არის, მაგრამ ჩვენ სხვა ცხოვრება გვაქვს. მაგალითად, მთელი წელი დასვენება არ გვქონდა. ახლა ჩამოვედით ორი კვირით და საკუთარი ცხოვრებაც გვაქვს, ოჯახები გვყავს, პრობლემები გვაქვს და ამას მიხედვა სჭირდება... ამიტომ დრო ნაკლებად გვრჩება.

იმედია, მოგვეცემა იმხელა დრო, რომ ამის საშუალება გვქონდეს. თუმცა კარგი იქნება, თუ მოხერხდება შეკრება, ჩამოიყვანენ აქ ბავშვს ან გუნდს, ჩააცვამენ ფორმებს და სტადიონზე მოიყვანენ. მინახავს არგენტინაში, რომ ასე მოქცეულან: სხვადასვხა რეგიონებიდან ჩაიყვანეს ბავშვები და ყველა სკოლას თავისი კუთხე ჰქონდა. ლამაზი სანახაობაც იყო და მოთამაშეებთან ურთიერთობაც შეეძლოთ შემდეგ - სტადიონზე ჩადიოდნენ, სურათებსაც და ავტოგრაფებსაც იღებდნენ. სასურველი იქნება აქაც მოხდეს ეს.

მკითხველი:
- გამარჯობა, შალვა, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება იმაში, რომ ქართველი ფორვარდები, შედარებით ჩვენებურ უკანახაზელებთან, უკეთესი წარმატებით თამაშობენ საერთაშორისო ასპარეზზე. მაინტერესებდა თქვენი აზრი ამ სხვაობის შესაძლო მიზეზებსა და იმ გზებზე, რითაც ფიქრობთ, რომ ქართულ სარაგბო სკოლას შეუძლია გააუმჯობესოს უკანახაზელების ზოგადი მომზადების დონე...
- უკანა ხაზი არ სჭირდებათ უბრალოდ, თორემ ბევრს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. წეღანაც ვთქვი, რომ უცხოეთში თამაშის შანსი ნაკლებად ეძლევათ ბიჭებს. როცა ნაკრებში თამაშობენ, თავს ცუდად არ წარმოაჩენენ, ამიტომ შიდა რაგბი უნდა განვითარდეს, ამის ხარჯზე კი გაიზრდებიან კარგი ბიჭები.

მკითხველი:
- გამარჯობა. მინდა მოგილოცოთ ისტორიული სარეიტინგო ადგილის დაკვება და, რა თქმა უნდა, მთელი გულით გისურვებთ კვლავაც წარმატებით გაგეგრძელებინოთ წინსვლა. ჩემი კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში: თუ შეგიძლიათ 10 ბალიანი სისტემით შეაფასეთ რაგბის როლი თქვენს ცხოვრებაში და ამ ფონზე მიპასუხეთ, რომ არ არსებობდეს რაგბი, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, რა საქმიანობის იქნებოდით? და კიდევ, მაინტერესებს, რას ფიქრობთ ლელობურთზე? ფიქრობთ, რომ ის იგივე რაგბია "წესებს გარეშე"?
- აი, ეგ მაცოდინა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მორაგბე რომ არ ვყოფილიყავი და...

ალბათ, რაგბის დიდი გულშემატკივარი ვიქნებოდი, რომ არ ვყოფილიყავი მოთამაშე. არ მიფიქრია ამაზე და წარმოუდგენელიც არის. ვიმეორებ: რეალისტი ვარ.

ლელობურთი... არ ვიცი. ერთ დღეს ვითამაშებ და მერე გავცემ ამ კითხვას პასუხს, ძალიან მაინტერესებს მეც (იცინის).

მკითხველი:

- გამარჯობა, გილოცავთ და მადლობა ამ ლამაზი ადგილისთვის მსოფლიო რეიტინგში.. მაინტერესებსБ რომელი ადგილია საქართველოსთვის ამ ეტაპზე მაქსიმალური? ოღონდ გულახდილად. მე ვფიქრობ, ათეულში მუდმივად უნდა ვიყოთ!..
- მეათე ადგილზე უნდა ვიყოთ და ნოემბერში გვაქვს ამის შანსი.

მკითხველი:
- მადლობას გიხდით ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის. როგორც თავად გაქ ნათქვამი ესპანეთთან თამაშის წინ, ნათელი წერტილია საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელიც უზომო სიხარულს ანიჭებს ქვეყანას. როგორც ზირაქა იტყოდა, თქვენ მაგალითზე ბევრი ახალგაზრდა გადაურჩა ლოთობასა და ნარკომანიას. როგორი შეგრძნებაა, როცა ქვეყნისთვის ამხელა სიკეთის შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილი ხარ? და არამარტო ერთ-ერთი, ამ შემოქმედების მეთაური კაპიტანი ხარ!
- ეს ბუნებრივი პროცესია. რასაც ვიძახით, გულიდან ამოსული სიტყვებია. კარგია, რომ ვიმარჯვებთ და ჩვენს მაგალითზე ხდება ასეთი რამ, რადგან მართლა გულით ხდება ეს ყველაფერი.

რაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდება სპორტით, მით უკეთესი. როგორც გავიგე, უფრო მეტი სტადიონი ემატება საქართველოს და კარგია. ეს ახალგაზრდობას სწორ გზაზე დააყენებს.

მკითხველი:

- თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია რაგბიში კონკრეტული პრინციპული მატჩის მიმდინარეობისას სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით: მოედანზე გუნდის სწორი მართვა თუ თანაგუნდელებთან გულწრფელი მეგობრული განწყობის შენარჩუნება?
- სწორი მართვა საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ, უპრიველესად, უნდა იყო ძმაკაცი, ოჯახის წევრი. უნდა გიყვარდეს, უყვარდე, რომ ნდობა იყოს გუნდში!
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

1) თქვენი აზრით რა არის საჭირო იმისთვის რომ რაგბი საქართველოში გადაიქცეს არა მარტო სპორტად არამედ ბიზნესადაც. ვგულისხმობ იმას რომ რაგბის ყურება მოთხოვნადი გახდეს, მზად იყოს გულშემატკივარი საკლუბო დონეზე გადაიხადოს ფული რათა მისი საყვარელი გუნდის მატჩს უყუროს. და რა პრაქტიკული გამოცდილება არსბობს წარმატებულ სარაგბო ქვეყნებში? თუნდაც საფრანგეთში ინგლისში და ასე შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული