ამასთან, ანანიძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო და სანაკრებო მაისურებს უსახსოვრებს. ანანიძემ ვასიკო ბარამიძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "როგორ ფიქრობთ, წარმატებების სათავე მაინც საფეხბურთო ტალანტია და საფეხბურთო ტექნიკა ყოველთვის აჯობებს ფიზიკურ ძალას?"
აღსანიშნავია, რომ ჯანომ საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომელსაც საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა. ანანიძეს გამარჯვებულისთვის მხოლოდ "სპარტაკის" მაისური უნდა ესახსოვრებინა, თუმცა ფეხბურთელის გადაწყვეტილებით, საუკეთესო კითხვის ავტორს საკლუბო მაისურთან ერთად, სანაკრებოსაც
მკითხველი:
- უნდა ველოდოთ თუ არა გულშემატკივრები ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ წარმატებული სერიის გაგრძელებას და შესარჩევი ციკლის კარგად ჩატარებას? რამდენად გაქვს შენ ამ ჯგუფში ჩვენი ნაკრების წარმატების იმედი?
- იმედი მაქვს. გუნდურად თამაშს უნდა ვეცადოთ და ეს შედეგს მოიტანს. იტალიის და გერმანიისნაირი გრანდები ამჯერად ჩვენს ჯგუფში არ არიან.
ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.
მკითხველი:
- ჯანო, გულშემატკივრებს გვახარებს სეზონის წარმატებული სტარტი და ველოდებით ასეთივე წარმატებით გაგრძელებას. საინტერესოა, რას გრძნობდი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის არჩევანს, ეთამაშა საქართველოს ნაკრების მაისურით, ყველა გულშემატკივარი ელოდა და ხომ არ ნანობ, რომ არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთე?
- არა, წამითაც არ მინანია. დღეს რომ მიწევდეს გადაწყვეტილების მიღება, ანალოგიურად მოვიქცეოდი.
იტალიასთან მატჩს რაც შეეხება, მაშინ მოედანზე რომ გამოვედი, გახურების ნაცვლად ფეხბურთელებს ვუყურებდი... ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
მკითხველი:
- მოგესალმები. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძეა. როგორ თვლი, შეძლებდი თუ არა მასთან ერთად ნაკრებში თამაშს, ორივესთვის საყვარელი პოზიცია ხომ გამთამაშებლის პოზიციაა?! თუ თვლი, რომ შეძლებდი, რა პოზიციაზე ითამაშებდით შენ და გიორგი ერთად?
- შევძლებდი თუ არა? რა ვიცი... დღეს ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში და ალბათ, მაშინაც ვითამაშებდი. ქინქლაძე ჩემთვის ყველაზე მაგარი ფეხბურთელია.
რამდენიმე დღის წინ ვიდეოს ვუყურე, სადაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარი პეპ გვარდიოლას ეუბნებოდა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ქინქლაძეაო... ცხადია, ქინქლაძე ითამაშებდა თავის პოზიციაზე, მე კი, თუ ვიქნებოდი ამ ნაკრებში, სხვა ადგილს ვიპოვიდი.
მკითხველი:
- შენ ნაკრებშიც ისეთ პატარა ასაკში გამოჩნდი, როგორც გუნდში. იყო საშიშროება, რომ სხვა ქვეყნის სახელით გეთამაშა, თუმცა, საბედნიეროდ, შენი ქვეყანა ამჯობინე, რისთვისაც მე პირადად მადლობას გადაგიხდი და ვთვლი, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. რა გრძნობა დაგეუფლა, როცა პირველად გაიგე, რომ ეროვნულ ნაკრებში უნდა გეთამაშა? და დღევანდელი გადმოსახედიდან, გაცნობიერებული გქონდა თუ არა იმ ასაკში ეს მძიმე ტვირთი?
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები გამოვიარე - 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში ვითამაშე. თავიდანვე რომ გამოვეძახებინე ეროვნულ ნაკრებში, ალბათ, მზად არ ვიქნებოდი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასაკობრივი ნაკრებები გამოვიარე, უკვე მზად ვიყავი. მით უმეტეს, იმ პერიოდში უკვე "სპარტაკის" პირველ გუნდშიც ვთამაშობდი.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახება საოცარი გრძნობაა. აქ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინო. ასაკობრივი ნაკრები ასაკობრივია, თუმცა ეროვნული სხვა დატვირთვას ატარებს.
მკითხველი:
- ჯანო, პირველ რიგში, გისურვებ წარმატებებს ახლად დაწყებულ სეზონში. იმედია, ქართველ გულშემატკივარს ძალიან გაახარებ. მაინტერესებს შენი აზრი, შესწევს შენს გუნდს ძალა წელს ტიტულის მოსაგებად?
- ყოველ შემთხვევაში, შევეცდებით. ამდენი ხანია არ მოუგია "სპარტაკს" არაფერი და ვეცდებით, წელს მოვიგოთ.
ევროტურნირებს გამოვეთიშეთ - ჩემპიონატი და თასი დაგვრჩა. ჯერჯერობით დადებითად მივიწევთ წარმატებისკენ.
მკითხველი:
- "სპარტაკის" შეტევები შენი კარნახით მიმდინარეობს, ეს ფაქტია და ნათლად ჩანს, თუმცა ხშირ შემთხვევაში შორიდან დარტყმას ამჯობინებ საგოლე გადაცემას. როგორ ფიქრობ, მოვიდა თუ არა დრო, ბევრი შეტევის დასრულება საკუთარ თავზე აიღო და თუნდაც შორიდან გაისროლო კარისკენ? გრძნობ თუ არა ამისთვის ძალას და მზადყოფნას?
- ვგრძნობ, კი. თუ პასი მექნება გასაკეთებელი, პასს გავაკეთებ, მაგრამ თუ ვხედავ, რომ დასარტყმელია - დავარტყამ. გავა თუ არა გოლი 20-25 მეტრიდან, არ იცი - არაა ეს 2-3 მეტრი, მაგრამ ვცდი მაინც, რადგან ძალას ვგრძნობ, დარტყმაც შემიძლია...
მკითხველი:
- ჯანო, გამარჯობა. როგორ ფიქრობ, "სპარტაკი" შენთვის ტრამპლინია უფრო დიდ კლუბებში მოსახვედრად თუ დარჩებოდი ადგილის დამკვიდრების შემთხვევაში?
- კლუბთან კონტრაქტი 10 თვეში მიმთავრდება. დავრჩები თუ არა, არაა ჩემზე დამოკიდებული. თუ მექნება შემოთავაზება ისეთი, რომელიც დამაკმაყოფილებს, განვიხილავ.
რამდენჯერაც მქონდა შემოთავაზება სხვა გუნდიდან, იმდენჯერ "სპარტაკმა" არ გამიშვა. ამბობდნენ, გვჭირდებაო...
"სპარტაკში" რომ არ ვყოფილიყავი, ვერც ეროვნულ ნაკრებში მოვხვდებოდი და ვერც რაიმეს მივაღწევდი. პატარაობიდანვე აქ ვარ და "სპარტაკმა" მასწავლა ფეხბურთი. დღეს აქ ვარ და რა იქნება მომავალში, არ ვიცი...
მკითხველი:
- რას გვეტყოდი საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე "სპარტაკში"?
- არ ვიცი. აქ არაფერს ამბობენ საბაზე და თავად კვირკველიას როცა ვესაუბრე, დაინტერესება არისო. დეტალები არ ვიცი, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ორ კვირაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ვნახოთ...
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, წარმატებების სათავე მაინც საფეხბურთო ტალანტია და საფეხბურთო ტექნიკა ყოველთვის აჯობებს ფიზიკურ ძალას?
- ფიზიკურობა ძალიან კარგია, მაგრამ არიან ფეხბურთელებიც, რომლებიც ტექნიკის ხარჯზე თამაშობენ ფეხბურთს. მეც ასეთი ვარ...
თუ ტალანტი ხარ, უკეთესია, რადგან ფიზიკურად ყოველთვის შეძლებ მოძლიერებას.
მკითხველი:
- პირველ რიგში, მსურს მოგილოცო წარმატებული ასპარეზობა. ახლა კი კითხვა - თუ გაიხსენებ საუკეთესო რჩევას, რომელიც ოდესმე შენთვის მოუციათ და ვინ იყო მისი ავტორი?
- კონკრეტული რჩევა არ მახსენდება, მაგრამ ასეთ მომენტებში ყოველთვის მამა მეუბნებოდა, ფეხბურთი შენი ყველაფერია, რისთვისაც ყველაფერი უნდა გადადოო...
სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდა, ყველაფერს მასწავლიდა. მეუბნებოდა, თუ ფეხბურთს აირჩევ, მისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ხოლო თუ არ გააკეთე, მერე ცხოვრება გაგიძნელდებაო.
მკითხველი:
- გამარჯობა, ჯანო! პირველ რიგში, გილოცავ სეზონის წარმატებით დაწყებას. ასევე გააგრძელე, იმედია, ტრავმები აღარ გაგაწვალებს და შენს შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენ. უკვე წლებია "სპარტაკში" თამაშობ, ერთი პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც ფიზიკურად არცთუ ისე მძლავრად გამოიყურება, ხვდება პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში და მალევე იპყრობს პუბლიკის ყურადღებას. ჯერ კიდევ დუბლებში თამაშისას ბევრი აღნიშნავდა, რომ შენში იყო ის რაღაც, რისი წყალობითაც შეგეძლო დიდი ფეხბურთი გეთამაშა. გარდა ღვთისგან ბოძებული ნიჭისა, რითი მოახერხე ამ ყველაფრის მიღწევა?
- შრომით. "სპარტაკის" დუბლებში ყოფნისას ვარჯიშისა და შრომის ხარჯზე მივაღწიე ყველაფერს. უნდა იშრომო და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიფასდება.
მკითხველი:
- გქონდა პერიოდი, როცა "სპარტაკში" არ გენდობოდნენ და გარკვეული დროით გაგანათხოვრეს "როსტოვში", სადაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარე და "როსტოვის" წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშე შენივე თანაგუნდელ ძიუბასთან ერთად. რისი დამსახურება იყო ეს ყველაფერი: ახალი გუნდი და ახალი მოტივაცია თუ უბრალოდ, გინდოდა დაგემტკიცებინა, რომ უსამართლოდ არ გენდობოდნენ?
- იყო პერიოდები, როცა "სპარტაკში" არ მათამაშებდნენ და როცა მენისკის ოპერაცია გავიკეთე, გუნდს გაშვება ვთხოვე იჯარით - წავალ, ვითამაშებ-მეთქი... "როსტოვში" ყოფნისას, კარგად გამოჩნდა, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაში - მთელი სეზონი ტრავმის გარეშე ჩავატარე.
იყო ისეთი მომენტებიც, როცა აქ ართამაშის პერიოდში, ხალხს ეგონა, რომ ტრავმა მქონდა. რაღაცას რომ ვიტკენ ოდნავ, ყველას ტრავმა ჰგონია. რეალურად კი, 10 წლის განმავლობაში ორად-ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული.
გამოდის, რომ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა ჩემს ტრავმიანობაზე. შეიძლება მცირე ტკივილები მართლაც მქონდა, მაგრამ ხომ გესმით, 10 წლის მანძილზე 2 ოპერაცია ფეხბურთელისთვის არაა ბევრი და ხშირ ტრავმიანობას არ ნიშნავს ეს. სინამდვილეში არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხალხს ვგონივარ და "როსტოვში" ჩატარებულმა სეზონმა კარგად დაგვანახა ეს, სადაც კარგად გავიხსენი და თასიც მოვიგე.
მკითხველი:
- აქვს თუ არა ჯანო ანანიძეს სურვილი, ითამაშოს ევროპაში და თუ აქვს, მაშინ კონკრეტულად რომელ გუნდში ითამაშებდა ის?
- კი, სურვილი მაქვს ევროპაში თამაშის. ოცნების გუნდი კი "ბარსელონაა".
მკითხველი:
- უყურებს თუ არა შენი პატარა ქალიშვილი მამიკოს თამაშებს და რა რჩევებს გაძლევს ხოლმე?
- კი, უყურებს და სტადიონზეც დადის ხოლმე. შინ მისულს მეკითხება ხოლმე, გოლი გაიტანეო?
მკითხველი:
- რას ურჩევს ჯანო ანანიძე მომავალ თაობას: რა უნდა გააკეთოს პატარა ბავშვმა, თუ მას სურს მიაღწიოს ისეთ წარმატებას, როგორსაც შენ მიაღწიე? და კიდევ, რა არ უნდა გააკეთოს განვითარებადმა ფეხბურთელმა, რა ხელის შემშლელი ფაქტორები შეიძლება შეხვდეს მას და რაზე უნდა თქვას უარი?
- საერთოდ, სპორტსმენმა უარი ბევრ რამეზე უნდა თქვას - ჩამოთვლას არ დავიწყებ. ბავშვებს კი ვეტყოდი, რომ მთავარია, უყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებენ. დასაწყისში ბევრი რამ არ გამოდის ისე, როგორც გვსურს, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყარონ, უნდა იშრომონ და ყველაფერი გამოვა.
მკითხველი:
- ჯანო, პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღტაცება შენ მიმართ. სეზონის დაწყებით ძალიან გამახარე – ყველა შენი გოლი ჩემად მივიღე. ერთი კითხვა მაქვს, რაც გულწრფელად მაინტერესებს: შენი "სპარტაკში" ყოფნის დღიდან, გქონია თუ არა ისეთი გუნდიდან შემოთავაზება, რომელზეც უარი თქვი და გულის სიღრმეში შემდეგ ინანე? "სპარტაკს" არ ვაკნინებ... ჩემი კითხვის არსს კარგად გაიგებ. და თუ იყო ასეთი გუნდი, თუ საიდუმლო არ არის, რომელი? მადლობა.
- 17 წლის ასაკში, 100%-ით ვიცი, რომ "არსენალის" ვარიანტი მქონდა, მაგრამ "სპარტაკს" ვერ გადავახტებოდი - კლუბთან კონტრაქტი მქონდა და მათაც არ სურდათ ჩემი გაშვება.
მკითხველი:
- ჯანო, გამარჯობა! დაასახელე შენი საფეხბურთო კერპი...
- ქართველთაგან გიორგი ქინქლაძე, უცხოელებიდან კი ბევრი მომწონს, თუმცა მესი მესია... ყველა მაგარ ფეხბურთელს ვაფასებ.
მკითხველი:
- უპირველეს ყოვლისა, წარმატებებს გისურვებ, ბევრი გოლი გაგეტანოს და გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი. რაც შეეხება კითხვას: რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა კარიერის დასრულებაზე ფიქრიც კი, მაგრამ შენი უკანასკნელი გუნდი ხომ ქობულეთის "შუქურა" იქნება?
- არ ვიცი...
მკითხველი:
- რამდენად სწორად თვლი, რომ განსაკუთრებით, საქართველოში (განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ასაკში უმრავლესობა მიღწეული მცირედით კმაყოფილდება და გაზრდაზე აღარ ფიქრობს) 18 წლამდე ფეხბურთელებს სჭირდებათ ფსიქოლოგი გუნდში და შეცვლის თუ არა ის ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომას?
- ფსიქოლოგი ჩვენც გვყოლია 17-წლამდელთა ნაკრებში. ადამიანი თუ თავად არაა დაინტერესებული ფსიქოლოგის დახმარებით, გინდ ყოლია და გინდ - არა.
მკითხველი:
- ჯანო, დაასახელე ის 10 ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ითამაშებდი. ანუ, ე.წ "ოცნების გუნდი"...
- ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვეში, სერხიო რამოსი, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი, ანდრეა პირლო, გიორგი ქინქლაძე, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი, რონალდო (ბრაზილიელი), რონალდინიო.
მკითხველი:
- შენთვის რა იყო და არის მთავარი მოტივაციის წყარო?
- ფეხბურთის მთავარი წყარო ყოველთვის ჩემიანების, გულშემატკივრებისა და საკუთარი თავის გახარებაა. დღეს თუ ერთი გავიტანე, ჩემს თავს ვაწმუნებ, რომ ორის გატანაც შემიძლია - ანუ საკუთარ თავისგან უფრო მეტს ვითხოვ.
მკითხველი:
- შენი აზრით, ვინ არის მე–20 საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი?
- გიორგი ქინქლაძე.