ორი გამარჯვებით ჰოლანდიიდან

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიის ქალაქ ზვოლეში წარმატებული ტურნე ჩაატარა, 23 ქულით გაიმარჯვა ნიდერლანდელ ახალგაზრდებთან, ხოლო გუშინ ასევე მასპინძელ 23-წლამდელებს 87:83 მოუგო (შენგელია 30 ქულა, დვალიშვილი 14, სანაძე 12, თენიეშვილი 9, ბოქოლიშვილი 6). შუალედში კი A დივიზიონის წარმომადგენელ ავსტრიის 20-წლამდელთა ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 82:89 წააგო.

კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ჩვენი ნაკრების თავკაცის, დავით უსტიაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

მწვრთნელი ჯერ ავსტრიასთან მატჩს იხსენებს:
- შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად 7-8 ქულით ვაგებდით, თუმცა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ
- 38:40. მესამე მეოთხედში დამაჯერებლად ვითამაშეთ და ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც დავეუფლეთ. 7 ქულით დავწინაურდით და ბოლო მეოთხედის წინ მცირედით ვლიდერობდით. ბოლოს თამაში გათანაბრდა. 39-ე წუთზე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა დასანანად დავკარგეთ და იძულებულები ვიყავით, ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავსულიყავით. სამწუხაროდ, ავსტრიელებმა ყველა სროლა გამოიყენეს და საბოლოოდ მათი უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.

- ჰოლანდიელ 23-წლამდელებთან მატჩზე რას იტყვით?
- მეტოქეს უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული კალათბურთელები ჰყავდა. ისინი ჩვენს ბიჭებზე 2-3 წლით უფროსები იყვნენ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი და გავიმარჯვეთ.

- ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. ალბათ, დაძაბული ფინალი იყო...
- ბოლო წუთზე დამაჯერებლად ვლიდერობდით. ჰოლანდიელებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს სამქულიანი, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო. თავიდან ვაგებდით, მაგრამ მეორე მეოთხედში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და დიდი შესვენებისთვის სამი ქულით, 40:37 დავწინაურდით. მესამე პერიოდში ჩვენმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ.

- სტატისტიკა ისევ არ დაუთვლიათ?
- ეს არ იყო ოფიციალური ტურნირი. ზვოლეში ჩვენს გარდა არაერთი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები არიან ჩამოსულნი. მათ შორის ავსტრიისა და ისრაელის 18-წლამდელებიც. ტარდება ამხანაგური მატჩები, სტატისტიკას არ ითვლიან. თამაშები დილიდან იწყება და საღამომდე გრძელდება.

- მატჩში ვის გამოარჩევდით?
- ყველამ ბოლომდე იბრძოლა და არავის გამორჩევა მინდა. ჩვენი ლიდერი თორნიკე შენგელიაა და მან ამჯერადაც თქვა თავისი სიტყვა, რომელსაც ყველა თანაგუნდელი გვერდში ედგა და ეხმარებოდა.

- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით ჰოლანდიური შეკრებით?
- საჭირო შეკრება იყო. ბიჭებმა იმ შრომის ნაყოფი დამანახვეს, რაც თბილისში, შეკრებაზე გავწიეთ. გუნდი ერთიორად შეთამაშებულია და ევროპის ჩემპიონატზეც იმედიანად გავემგზავრებით. თბილისში 4 ივლისს შუადღეს თბილისისკენ გამოვფრინდებით და შეკრებას დიღმის ბაზაზე გავაგრძელებთ.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
მით უმეტეს 23 წლამდელებთან ტრამვების გამო საერთოდ არ უთამაშიათ ბაქრაძეს, ჩიკვილაძეს, ლომოურს... ყოჩაღ ბიჭებს!!!
beka beridze
16:31 04-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული