საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიაში საერთაშორისო ტურნირზე ჩასულმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 21 ივნსს პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე მასპინძელთა გუნდი იყო და მიუხედავად დიდი მონდომებისა, დიდი სხვაობით მარცხს მაინც ვერ გადავურჩით - 57:80.

შეხვედრის დასაწყისში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მე-15 წუთისთვის ტაბლოზე "აძურას" სასარგებლოდ 24:21 ენთო.

თუმცა დიდი შესვენებისთვის იტალიელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია (35:26). მასპინძლები მესამე რაუნდში მიღწეულზე არ შეჩერებულან და საბოლოოდ რა ანგარიშითაც იმარჯვეს, დასაწყისში მოგახსენეთ.

შეხვედრის ინტერნეტით ხილვის საშუალება ქართველ ქომაგსაც ჰქონდა. ძნელია, ერთი შეხვედრით ზოგადი დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს, რომ
ჩვენმა ნაკრებმა ახლახან დაასრულა ვარჯიში ფიზმომზადებაში, მაგრამ რამდენიმე ფაქტორზე მაინც უნდა გამახვილდეს ყურადღება.

იტალიელები ყოველი იერიშისას ქართველებთან შედარებით ორჯერ მეტ პასს აკეთებდნენ. ხოლო ბურთი სწრაფად რომ ტრიალებდა, სატყორცნ პოზიციაზე ერთი თავისუფალი კაცი ხშირად რჩებოდა.

სამწამიანი ზონიდან მასპინძლები ქულებს უხვად აგროვებდნენ, ქართველებს ეს უჭირდათ. სიმაღლეში მეტოქეს ჩამოვრჩებოდით.

ჩვენი გუნდის მხრიდან ბევრი იყო წუნი გადაცემებისას, რითაც იტალიელები უმალ სარგებლობდნენ და ქულას-ქულაზე "აწებებდნენ".

ინდივიდუალურად, მოქნილობითა და ენერგიულობით კი აპენინელებს ნამდვილად არ ჩამოვრჩებოდით.

დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს კალათბურთელებს ევროპული პრაქტიკა აკლიათ. ეს კი საერთაშორისო დონეზე ხშირი თამაშით მიიღწევა. იტალიის ნაკრების წევრთა ნაწილი ხომ მაღალი დონის გუნდებში სერია A-ში თამაშობს.

ქართველთაგან 21 ივნისს ბექა ბურჯანაძე გამოირჩა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

21 ივნისს რუსეთის ნაკრებმა გერმანიას 87:61 მოუგო. 22 ივნისს ქართველთა მეტოქე გერმანია იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული