ბექა ბურჯანაძე სანტ-ანჯელოს ტურნირის MVP გახდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთთან მატჩით დაასრულა სანტ-ანჯელოს ტურნირი და 28-დან დომეჯეში გასამართ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

სანტ ანჯელოში ქართველთა მეტოქეები იყვნენ იტალიის, გერმანიის ახალგაზრდული და რუსეთის სტუდენტური ნაკრებები.

ჩვენმა გუნდმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა. მიზანთან ყველაზე ახლოს გერმანიასთან შეხვედრაში იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ცხრა ქულის სხვაობით დათმო.

მიუხედავად შეჯიბრების მეოთხე ადგილზე დასრულებისა, სანტ-ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ქართველი დასახელდა - ბექა ბურჯანაძე.

როგორც წესი, მეოთხეადგილოსნებიდან MVP-ის იშვიათად ირჩევენ, მაგრამ ვინც თამაშები ვერ ნახა, საკმარისია ბექას მონაგარი გავაცნოთ: პირველ შეხვედრაში,
იტალიელებთან ბურჯანაძემ 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა; გერმანიასთან სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა - 26 ქულა, 10 მოხსნა; ხოლო რუსეთთან მისი მონაგარი ასეთი იყო: 15 ქულა, 8 მოხსნა.

ზედა აბზაცში დავწერეთ: მეოთხეადგილოსანი გუნდიდან საუკეთესოს იშვიათად ასახელებენო. სიტყვა "იშვიათად" იმიტომ გამოვიყენეთ, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს.

2009 წელს უკრაინული "კიევიდან" ყველა ლეგიონერი დაითხოვეს, გარდა მანუჩარ მარკოიშვილისა, რომელმაც გუნდის ლიდერობა ითავა, თუმცა მეოთხე ადგილზე გავიდა. მანუ იმდენად ეფექტური იყო, რომ უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

- მარკოიშვილი ძლიერი კალათბურთელია, დიდ პატივს ვცემ, - გვითხრა ბექა ბურჯანაძემ, - სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ველოდი შეჯიბრების MVP-ად დასახელებას.

ქულებისა და მოხსნების საერთო მაჩვენებლით ტურნირზე საუკეთესო კი ვიყავი, მაგრამ ბოლო ადგილზე გავედით და სწორედ ამიტომ არ მეგონა, თუ გამომარჩევდნენ.

სასიამოვნოა და ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ, ვეცდები მოედანზე მეტი გავაკეთო და მაქსიმალურად გამოვასწორო შეცდომები
.

სანტ-ანჯელოს ტურნირზე ქართველები შეხვდნენ გერმანიას, რომელთანაც 67:76 დამარცხდნენ. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც 9 ივლისს დაიწყება) საქართველოს ნაკრების მეტოქეა და თუ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს მაინც დავიკავებთ, 2014 წელსაც ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვითამაშებთ.

როცა მეტოქეებად სერბეთი, ლიტვა და საბერძნეთი გყავს, ერთი მოგებაც დიდად გასახარი უნდა იყოს. საინტერესოა ბურჯანაძის მოსაზრება გერმანიის ნაკრების შესახებ.

- გერმანელებს აკლიათ გამთამაშებელი როელი, რომელიც NBA-ს დრაფტზეა წარდგენილი. ამბობენ, რომ იგი გუნდს ვერც ევროპის ჩემპიონატზე გაჰყვება.

იტალიაში გამართულმა მატჩმაც დაგვანახვა, რომ გერმანელებს ისეთი გუნდი არ ჰყავთ, რომლის დამარცხებაც ვერ შევძლოთ. აქ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვასწორებთ.


28 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდება (20 საათზე), 29-ში - მასპინძელ იტალიას (23 საათზე), ხოლო 30-ში - ბულგარეთს (20 საათზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული