გია კაზანჯიანი: მოსამზადებელ პერიოდში 16-წლამდელებმა ყველა დეტალი გამოსცადეს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში საკონტროლო მატჩები დაასრულა და ბელგიაში გადაინაცვლა, სადაც ქალაქ ლიეჟში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გია კაზანჯიანის გუნდმა აქამდე მთლიანობაში 6 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო.

16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადებიან, რომელიც 8-18 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

ევროპირველობას ქართველები კარგად მომზადებულები ხვდებიან. ნაკრების მწვრთნელი გია კაზანჯიანი გუნდის შემართებით კმაყოფილია.

- ჰოლანდიიდან ბელგიაში გადმოვედით. ვირტიდან ლიეჟამდე საათნახევარის გზაა და ავტობუსით ვიმგზავრეთ. დავბინავდით სასტუმროში და ხვალისთვის ვემზადებით - გვითხრა კაზანჯიანმა, ლიეჟში რომ შევეხმიანეთ.

- ჰოლანდიასთან პირველი მატჩი
გმირულად მოიგეთ, მეორე კი დიდი სხვაობით დათმეთ...

- მოგეხსენებათ, პირველ მატჩში ჩვენმა მოთამაშეებმა ტრავმები მიიღეს. გიგი გოგობერიშვილს და გაციებულ გიორგი ცირეკიძეს მეორე დღეს არ უთამაშიათ, ხოლო ბილი ალიევი და ზურა კერესელიძე მოედანზე რომ შევიყვანე, მათ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და უმალ უკან გამოვიყვანე.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მესამე პერიოდამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.

- ბოლო პერიოდი საკმაოდ დიდი სხვაობით წააგეთ...
- ბოლოს ბიჭები დაიღალნენ. დავით ლომიძე 5 პერსონალურის გამო გავარდა, ტრავმების გამო 4 მოთამაშე გვაკლდა და მთელმა სიმძიმემ დანარჩენებზე გადაიარა.

ვილი ისიანი ძალიან დაღლილი იყო და რიგითი ამხანაგურის გამო რატომ უნდა შემექმნა ვინმესთვის საფრთხე. წამყვანი მოთამაშეები გამოვიყვანე და მბოლო მეოთხედში სათადარიგოები ვათამაშე.

ჰოლანდიელებმა იგივე არ გააკეთეს, მათმა მწვრთნელმა ბოლომდე ძირითადი ბირთვი დატოვა და დიდი სხვაობითაც ამიტომ დავმარცხდით, რაშიც ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ.

- პირველ მატჩში, ბოლო მეოთხედში 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეთ...

- 16-ით ვაგებდით რომ დაიწყო პერიოდი, თუმცა საწყის წუთებში ჩამორჩენა 18-ამდე გაიზარდა. 9 წუთში შევძელით ამხელა ჩამორჩენის გაბათილება, რაც ჩვენი გუნდის მებრძოლ ხასიათზე მიანიშნებს.

- მხოლოდ ბრძოლის ხარჯზე მოახერხეთ იმ უიმედო თამაშის მოგება?

- ბრძოლა და სათამაშო დისციპლინა, ცოტა იღბალიც. პრესინგზე გადავედით და მეტოქეს 3-4 წუთის განმავლობაში, რომ იტყვიან, თავისი მოედნიდან ბურთი არ გადმოვატანინეთ. ამან მეტი ჟინი მისცა ბიჭებს, რომლებმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ოვერტაიმშიც 6 ქულით ვაგებდით, საბოლოოდ გავიმარჯვეთ.

- უკვე საკმაოდ ბევრი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ და საბოლოო შემადგენლობა თუ შეარჩიეთ?
- მართლაც კარგად დავინახე თითოეულის შესაძლებლობა და უკვე ვიცი, რომელ 12 მოთამაშეს წავიყვან ევროპის ჩემპიონატზე. საბოლოო შემადგენლობას თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დავასახელებ.

- ბელგიაში თამაშების როგორი განრიგი გაქვთ?
- 1 აგვისტოს მასპინძლებს ვეთამაშებით, რომელიც A დივიზიონის წევრია. მეორე დღეს შვეიცარიას ვხვდებით, ხოლო 3-ში პორტუგალიას გავეჯიბრებით.

დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას, ასეთი ნაყოფიერი შეკრების გავლის შესაძლებლობა რომ მოგვცა. საკონტროლო მატჩებში ბიჭებმა ყველაფერი გამოსცადეს. ის დიდი სხვაობით წაგებაც კი, რომელიც ჰოლანდიასთან განვიცადეთ, საჭირო იყო საიმისოდ, რომ მოთამაშეებმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ, ზუსტი დასკვნები გამოიტანონ და მომავალში ნაკლები შეცდომები დაუშვან.

- დაბოლოს ტრავმირებულებზე გკითხავთ...
- ცირეკიძეს სიცხე აღარ აქვს, კერესელიძე, გოგობერიშვილი და ალიევიც უკეთესად არიან და თუ პირველივე მატჩში არა, ბელგიის ტურნირზე დასკვნით შეხვედრებში ითამაშებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული