საბრძოლო განწყობით

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. პირველ ტურში ქართველთა მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი შეჯიბრებისთვის სათანადოდ მოემზადა და ავსტრიაშიც იმედიანი განწყობით გაემგზავრა. ამაში სასტარტო გამთამაშებლის გივი ბაქრაძის ინტერვიუც დაგარწმუნებთ.

- გუნდში საბრძოლო განწყობაა. კარგად მოვემზადეთ და წარმატების იმედიც გვაქვს. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.

- პირველ ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან, უნგრეთთან და ისრაელთან მოგიწევთ პაექრობა...
- ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ბოლოადგილოსანი გამოეთიშება. ამიტომ მინიმუმ ერთი მატჩის მოგება
მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს. თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. პირველ ეტაპზეც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და შემდეგაც. 10 დღეში 8 თამაში მოგვიწევს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება გამძლეობის ფაქტორსაც. ვინც ბოლომდე გაუძლებს, წარმატებასაც ის მიაღწევს.

- მოწინააღმდეგეებს არ იცნობთ?
- შვედეთის ნაკრების სამ კალათბურთელს ვიცნობ. კარგი მოთამაშეები არიან. თუმცა მათზე უკეთესები ჩვენც გვყავს. უნგრეთის 20-წლამდელთა გუნდში ერთი ლიდერია. მისი თამაშიც მინახავს. ისრაელის ნაკრებს არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯგუფის ფავორიტი სწორედ ის იქნება.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე რას იტყვი?
- ჩვენი გუნდის დადებით მხარედ თანაბრად დაბალანსება უნდა მივიჩნიოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემადგენლობის ნახევარი 1991 წელსაა დაბადებული, სხვებზე ერთი წლით უმცროსია. თუმცა გამოუცდელობა ბრძოლისუნარიანობით უნდა გადავფაროთ. თუ ეს მოვახერხეთ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რეალური იქნება.

- გასული სეზონი ფინურ "კორიკობრატში" გაატარე. მომავალი გუნდი ხომ არ შეგირჩევია?
- ფინეთის უმაღლესი ლიგიდან რამდენიმე წინადადება მაქვს, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებას არ ვჩქარობ. სატრანსფერო საქმეებს შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ მივხედავ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული