მარცხიანი დებიუტი

AutoSharing Option
საქართველო-უნგრეთი 67:83

13:11, 21:16, 19:29, 14:27

საქართველო: ბაქრაძე (37 წთ, 5ქ, 5პ, 3მ, 2ჩ, 4ფ, 4შ), ჩიკვილაძე (25 წთ, 8ქ, 1მ, 2ჩ, 3შ), მაჭავარიანი (11 წთ, 3მ, 2პ, 1ჩ, 3ფ, 1შ), შენგელია (35 წთ, 22ქ, 10მ, 5პ, 2ჩ, 1დ, 2ფ, 8შ), შარაბიძე (35 წთ, 14ქ, 6მ, 1პ, 1დ, 3ფ, 5შ), კვეტენაძე (1 წთ), ლომოური (25 წთ, 8ქ, 1მ, 1პ, 1ჩ, 3ფ), ნანიტაშვილი (3 წთ), დვალიშვილი (25 წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ, 3ფ, 1შ), ჩაჩანიძე (2წთ, 2ფ)

უნგრეთი: ჰელმეცი (11ქ, 6პ),
ლაკოშა (10ქ, 3პ), მორგენი (14ქ, 5დ, 9მ, 3პ), მორზინგერი (2ქ), ელინგსფელდი (19ქ, 8მ), ტაკაჩი (10ქ, 4პ), მადარი (10ქ), მოჰაჩი (7ქ),

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წაგებით გახსნა - უნგრელ თანატოლებთან 67:83 დათმო.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, ბევრი იფიქრებდა, ქართველები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენო: თორნიკე შენგელიასა და გიორგი შარაბიძის აქტიურობის წყალობით მეორე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (27:17). თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რეგრესი...

მადიარებმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა ცოტა შეამცირეს, მესამე ათწუთეულში ანგარიში გაათანაბრეს და მეოთხე რაუნდის წინ 3-ქულიანი ფორა დაიბევეს (56:53). გადამწყვეტ პერიოდში ქართველთა მორიგ აფეთქებას ველოდით, მაგრამ პირიქით მოხდა - უნგრეთმა 27:14 მოიგო.

ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა აღნიშნა: ყველაზე მეტად პირველ მატჩში გაგვიჭირდება, რადგან მეტოქეს არ ვიცნობთო... წაგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ თორნიკე შენგელია (იგი ეროვნულ ნაკრებთან ვარჯიშობდა) გუნდს ავსტრიაში გუშინწინ შეუერთდა, ხოლო გიორგი შარაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე დაემატა (ესპანეთში საბუთებს აწესრიგებდა). როცა ორი ლიდერი უშუალოდ მატჩების წინ დაგემატება, ძნელია გუნდური თამაშის ჩვენება. არადა, გუშინ ჩვენს 20-წლამდელებს სწორედ შენგელია და შარაბიძე გაუძღვნენ. პირველმა 22 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი 14 ქულით ვიცე-სნაიპერი გახდა.

იყო კიდევ ერთი პრობლემა: გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ 37 წუთი ითამაშა. მწვრთნელმა იგი სათანადოდ ვერ დაასვენა, რადგან უკანა ხაზში დიდი არჩევანი არ აქვს. ტრავმების გამო ნაკრებს ავსტრიაში ვერ გაჰყვნენ გამოცდილი გამთამაშებელი ტატო თავართქილაძე და სოსო ლეჟავა. ნიშანდობლივია, რომ უნგრელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს (9 მეორე ტაიმში), ხოლო ქართველებმა ოდენ 4 სამქულიანი გამოიყენეს.
დაველოდოთ ისრაელთან გასამართ მომდევნო მატჩს (16 ივლისს) და იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები თამაშს გამოასწორებენ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან სამი ნაკრები გადის. გუშინვე შვედეთმა ისრაელი 71:67 დაამარცხა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული