U16. საქართველოს ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-3 ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა ღირსეული რევანში აუღეს ბულგარელებს, რომლებთანაც ტურნირის პირველი მატჩი 63:67 დათმეს.

საქართველოს ნაკრებისთვის ბულგარეთთან 19 დეკემბერს ჩატარებული მატჩი პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო, რომელიც ბოლო წუთებზე - 4 ქულით დათმო.

მომდევნო შეხვედრა ტუღუშის გუნდს ბულგარელებთან დღეს მოუხდა და ქართველებმა მეტოქეს 78:69 სძლიეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგო, მეორეში კი 21:10 იმარჯვა და დიდი შესვენებისთვის სოლიდური უპირატესობით გავიდა - 46:27.

მეორე ტაიმში ბულგარელებმა ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება შეძლეს, თუმცა წარმატების
იმედი ქართველების გამართულმა თამაშმა გადაუწურა.

ჩვენს ნაკრებს ოთარ პერტაია წინამძღოლობდა, რომელმაც საბოლოოდ თავი 31 ქულას მოუყარა. მასთან ერთად ქართველების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ირაკლი სულხანიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა. ბულგარელებს ვერ უშველა ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, ტანმაღალმა ცვეტომირ ჩერნოკოჟევმა, რომლის 22 ქულა და 15 მოხსნა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და თბილისში 22 დეკემბერს დაბრუნდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული