სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური: მაყურებელი VS მსაჯი - "ბათუმმა" რუსთავიდან ორი ქულა წაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდრე მატჩის მსვლელობაზე დავწერდეთ, მოთამაშეებს გამოვარჩევდეთ და სტატისტიკას გადავხედავდეთ, შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე შევჩერდებით.

ერთ ეპიზოდში რუსთაველი კალათბურთელი "ბათუმის" კალათს მიუახლოვდა და საშუალო დისტანციიდან სტყორცნა. ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მსაჯებმა ჯარიმა დააფიქსირეს, რამაც ბათუმელთა გაოცება გამოიწვია.

ამ ეპიზოდში რუსთაველთა მთავარი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი სამსაჯო მაგიდასთან ხელგაშლილი მივიდა და არბიტრმა მაკა კუპატაძემ ტექნიკური შენიშვნა მისცა. ამას მოჰყვა შეურაცხმყოფელი შეძახილები ტრიბუნებიდან მსაჯის მიმართ. მანაც ვერ მოითმინა, ს
ამსაჯო მაგიდასთან მივიდა და ტრიბუნისკენ პლასტმასის მანიშნებელი ისროლა. სიტუაცია მალევე განიმუხტა, მატჩიც ჩვეულად, ემოციურ ფონზე გაგრძელდა.

ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რთულია შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა, დაველოდოთ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას.

გადამწყვეტი. არის მატჩები, მთელი თამაშის განმავლობაში ვეძებთ მომენტებს, რამაც შეხვედრის ბედზე იმოქმედა. რუსთავში კი გადამწყვეტი ბოლო ორი წუთი იყო: საფინალო სირენამდე 1:40 წუთით ადრე მასპინძელმა ჩარლი ლიმ სამი საჯარიმო ჩააგდო და 84:84. სწორედ ამის შემდეგ გაიქცნენ ბათუმელები - ჯერ ბესო ლეჟავამ და ვანო მაისურაძემ გამოიყენეს ორ-ორი საჯარიმო, რასაც კრის ფელჩერის 2+1 მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე "ბათუმი" 91:84 დაწინაურდა. საოცრება არ მოხდა და ბოლო წუთზე 7 ქულით დაწინაურებულმა გუნდმა გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

სტატისტიკა არ ტყუის. არც ერთ კომპონენტში არ დაფიქსირებულა თვალშისაცემი სხვაობა, გარდა ერთისა: "ბათუმმა" რუსთაველთა შეცდომები 29 ქულად აქცია, ხოლო მასპინძლებმა ზღვისპირელების დაკარგვები 11 ქულად გარდასახეს. არადა, შეცდომებში მხოლოდ 5-იანი სხვაობა იყო: "რუსთავი" - 15, "ბათუმი" - 10. 10 შეცდომა მართლაც ძალიან ცოტაა.

გამორჩეული. რთულია კონკრეტული კალათბურთელის გამორჩევა. თუ მაინცდამაინც ერთი უნდა დავასახელოთ, ეს უთუოდ ექსრუსთაველი ბესიკ ლეჟავა იქნება, რომელმაც ბათუმში 29 ქულა წაიღო. მის ანგარიშზე 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო დაფიქსირდა. მისმა თანაგუნდელმა კახა ჯინჭარაძემ 23 ქულას მოუყარა თავი, ილია შემოსიუკმა - 18 ქულას, თუმცა ბათუმელებს გამარჯვებისთვის შესაძლოა ვერც მიეღწიათ, რომ არა მათი მეფარე კრის ფელჩერი (12 ქულა, 6 მოხსნა). მის არყოფნაში, წინა ტურში "კაკტუსს" ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდა.

"რუსთავში" პერიმეტრიდან შეუჩერებელი იყო რეზო ჩაჩანიძე: 11-დან 6 სამიანი, 28 ქულა.

ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს თბილისში გაიმართება. 16 საათზე "მგზავრები"-"დინამო", 18-ზე "სოხუმი"-"კაკტუსი". მეოთხე, ბოლო შეხვედრა ქუთაისში 24 თებერვალს ჩატარდება. ადგილობრივი გუნდი "ოლიმპს" მიიღებს.

სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური
რუსთავი-ბათუმი 89:96
15:25, 28:20, 23:24, 23:27
რუსთავი: ბრიგსი (9ქ, 8მ), ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (13ქ, 5პ), ჩაჩანიძე (28ქ, 6მ), ათუაშვილი (13ქ, 7მ), კასპერბაუერი (16ქ, 3პ), სპანოლო (8ქ, 7მ, 3ჩ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (23ქ, 6მ, 4ჩ), ლეჟავა (29ქ), თენიეშვილი, კრივცოვი (10ქ, 5მ), რამიშვილი, მაისურაძე (4ქ), შემოსიუკი (18ქ), ფელჩერი (12ქ, 6მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირსი იყო ის არა კაცები ბოთლი რომ ესროლეს, ვინც აგინებდნენ ქალბატონს, ნახეს ქალბატონი და გინებით აიკლეს, მეტი რა შეუძლიათ იმ საცოდავებს. სირცხვილია!!!
marine
16:41 22-02-2017
0
ძლიერი ლიგაა
kako
16:24 23-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული