25 მარტი, თბილისი
მგზავრები-კაკტუსი 69:82
14:20, 21:24, 20:22, 14:16
მგზავრები: ფხაკაძე (7ქ, 3პ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (14ქ, 7მ, 3პ), ტურძელაძე (6ქ), ქავთარაძე (2ქ), ტეილორი (9ქ), მერფი (8ქ, 6მ), ალენი (13ქ, 10მ), რენსომი (10ქ, 5მ, 3ჩ).
კაკტუსი: უაითი (4ქ, 3პ), ჩიკვილაძე (9ქ, 9პ, 7მ), ჩლაიძე (16ქ, 5მ), ლოლიშვილი (3ქ), ბრიჯმენი (16ქ, 9მ), ბააკაშვილი (3ქ), ფლოვიესი (31ქ, 14მ, 3პ, 4დ).
გადამწყვეტი. ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება "მგზავრებისა" და "კაკტუსის" მატჩი გახლდათ. ბოლო ადგილზე მყოფი "მგზავრებისთვის"
მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 6 წუთით ადრე "მგზავრმა" კორი ალენმა სამქულიანით თავისი გუნდის ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა (62:66). თუმცა მატჩი ისე დასრულდა, ამაზე მეტად "მგზავრები" "კაკტუსს" ვეღარ მიუახლოვდნენ.
ამ მოგებით კაკტუსელები "სოხუმს" გაუთანაბრდნენ და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. დარჩენილ ხუთ ტურში რომელიც უკეთესად გაირჯება, ნახევარფინალის საგზურიც მას დარჩება. მთავარი ბრძოლა 8 აპრილსაა - "კაკტუსსა" და "სოხუმს" ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.
სტატისტიკა არ ტყუის. არჩილ ჟღენტის კაკტუსელებს ყველა კომპონენტში მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა "მგზავრებს" საჯარიმო ტყორცნები უკეთესად რომ შეესრულებინათ, სიტუაცია ბოლო წუთებზე კიდევ უფრო დაიძაბებოდა: 20 საჯარიმოდან მხოლოდ 9 ჩააგდეს. "კაკტუსს" სტატიკური მდგომარეობიდან 29-დან 20 ჰქონდა გამოყენებული.
გამორჩეული. არა მხოლოდ მატჩის, არამედ ტურის საუკეთესო კალათბურთელი "კაკტუსის" მეფარე ჯონ ფლოვიესია. საქართველოში ბევრი უცხოელი ჩამოსულა, ბევრმა გაამართლა, ბევრმა - ვერა. ჯონზე სხვა რამის თქმა შეიძლება - გაამართლა, თან როგორ?! მან "მგზავრებთან" შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ბოლო წამებზეც ისევე სასარგებლო იყო, როგორც დასაწყისში. 17-დან 11 ორქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო, 31 ქულა, 14 მოხსნა.
სამმაგ დუბლს მიუახლოვდა ბექა ჩიკვილაძე: 9 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი.
ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მწვრთნელი): "ბოლო შეხვედრები ცუდად ჩავატარეთ და სატურნირო ვითარება გავიუარესეთ. ამიტომაც ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ".
25 მარტი, თბილისი
დინამო-ბათუმი 95:64
24:14, 23:17, 26:14, 22:19
დინამო: ვონი (4ქ, 5პ), გრძელიძე (15ქ), ღურწკაია (9ქ), ლონდარიძე (12ქ, 9მ), მაჩალაძე (8მ, 3პ), ფაცაცია (7ქ, 3პ), ჭოჭუა (21ქ), გ. რევაზაშვილი (12ქ), ბერიშვილი (10ქ, 8მ, 4პ), გოგოძე (5ქ, 5პ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (10ქ, 5მ), ლეჟავა (10ქ, 5პ), ლ. რევაზაშვილი (7ქ, 7მ), თენიეშვილი (2ქ, 5მ), კრივცოვი (15ქ, 7მ), რამიშვილი, მაისურაძე (4ქ), შემოსიუკი (14ქ, 6მ), მ. რევაზაშვილი (2ქ).
გადამწყვეტი. რთულია ამა თუ იმ მომენტზე კონკრეტულად ლაპარაკი. "დინამოს" რეგულარულ ეტაპზე პირველი ადგილის გასანაღდებლად გამარჯვება სჭირდებოდა და პირველივე მეოთხედში დაგვანახა, რომ საწადელს ამჯერადაც მიაღწევდა.
ბათუმელებს კი შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. საბოლოოდ დაკარგეს ამერიკელი ლეგიონერი კრის ფელჩერი, რომელსაც წელის პრობლემები ჰქონდა და საოპერაციოდ სამშობლოში გაემგზავრა. შესაბამისად, ბათუმელთა პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას დაემატა ნიკა რამიშვილის ტრავმა, რომელმაც "დინამოსთან" მხოლოდ 6 წუთი ითამაშა.
სტატისტიკა არ ტყუის. "დინამო" გუნდურ კალათბურთს რომ თამაშობს, არახალია, ამაზე 24 პასიც მეტყველებს ("ბათუმს" 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა). ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მეტოქეზე 9 სამქულიანით მეტი ჩააგდეს (14:5), რაც, ქულობრივ მონაგარად რომ გარდავსახოთ, +27-ს გაუტოლდება.
გამორჩეული. ბათუმელებს ძალიან გაუჭირდათ "დინამოს" რუსთაველი ფორვარდის, მიხეილ ჭოჭუას შეჩერება. მან თამაშიდან 13-ჯერ სტყორცნა და 8-ჯერ ჩააგდო. განსაკუთრებით სახიფათო პერიმეტრიდან იყო: 7-დან 5 სამქულიანი.
25 მარტი, თბილისი
სოხუმი-ქუთაისი 65:81
14:16, 21:21, 13:24, 17:20
სოხუმი: კვეტენაძე (6ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (8ქ, 3ჩ), ბოქოლიშვილი (10ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (5ქ), დ. ბარბაქაძე (15ქ), ლათანი (5პ), ბულიავა, ტიშენკო (16ქ, 8მ, 3პ), ზაბირჩენკო (3ქ, 3პ, 3ჩ), ვუდსონი (2ქ, 5მ).
ქუთაისი: ცეკვავა (11ქ, 3პ), წივწივაძე, ფაშაევი (3ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (5ქ, 6მ), ცინცაძე (20ქ, 6პ, 4ჩ), გ. ბარბაქაძე (8ქ), ლომოური (11ქ, 6მ), ტუბაკი (2ქ, 8მ), ბექაური (17ქ, 11მ, 3პ).
გადამწყვეტი. "ქუთაისი" რეგულარულ ეტაპს მეორე ადგილზე დაასრულებს. "სოხუმს" კი საპლეიოფო ზონაში (ოთხეულში) მოსახვედრად სერიოზული ბრძოლები ელის. შაბათს გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ვიტალი ჩერნის შეგირდებს ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა ბოლომდე ვერ გაძლეს.
"ქუთაისი" დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ფორით გავიდა (37:35). რთული სათქმელია, რა უთხრა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ფორვარდ ბექა ბექაურს, თუმცა ფაქტია, მისი ეფექტური თამაშის შედეგად იმერლებმა 11:2 გაქცევა მოაწყვეს და 48:37 დაწინაურდნენ. ამ სპურტისას ბექამ სამქულიანიც ჩააგდო, ჩატენა კიდეც და 9 ქულა თავის წილად ჩაიწერა.
ამის შემდეგ ქუთათურებმა სტაბილური თამაშით მიიყვანეს შეხვედრა გამარჯვებამდე. მათ აკლდათ საქართველოს ნაკრების ტრავმირებული უკანახაზელი ანატოლი ბოისა.
სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმს" კარგი წინა ხაზი ჰყავს და სწორედ მასთან გამკლავებაზე იმუშავა ქუთაისელთა მწვრთნელმა ყველაზე მეტი. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ტრიბუნებიდან და ამასვე ადასტურებს სტატისტიკაც. "ქუთაისს" მოხსნებში სერიოზული უპირატესობა ჰქონდა: 45:28.
რადგან ფარქვეშ შეღწევა რთული იყო, "სოხუმმა" მეტი ყურადღება პერიმეტრს დაუთმო, 31 სამქულიანი სტყორცნა, თუმცა იმდენივე ჩააგდო, რამდენიც "ქუთაისმა" - 9. არადა, სტუმრებმა პერიმეტრიდან სულ 18-ჯერ ისროლეს.
გამორჩეული. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ბექა ბექაურმა შეასრულა - 17 ქულას 11 მოხსნა მიამატა.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მწვრთნელი): "ყოველი გამარჯვება სასიხარულოა. "სოხუმი" მებრძოლი გუნდია და ოთხეულში მოსახვედრად ძალებს არ იშურებს. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, თუმცა უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით. რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და პლეი-ოფებისთვის კიდევ უკეთ მომზადებულები უნდა ვიყოთ".
25 მარტი, თბილისი
ოლიმპი-რუსთავი 85:77
22:21, 24:17, 23:22, 16:17
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ, 8პ), ბურნეთი (19ქ, 7მ), როგავა (23ქ, 6მ, 5პ, 3ჩ), ბები ბაქრაძე (10ქ, 6მ), კახა ტომარაძე (8ქ), მასხულია (11ქ), პიჩფორდი (5ქ, 9მ), შლიცერი (2ქ).
რუსთავი: ქიტოშვილი (3ქ), ლორთქიფანიძე (9ქ), ჩაჩანიძე (2ქ), ათუაშვილი (23ქ, 10მ), კასპერბაუერი (16ქ, 5მ, 5პ), გუგავა, სპანოლო (13ქ, 15მ, 4პ), ბრიგსი (11ქ, 9მ, 7პ).
გადამწყვეტი. ორივე გუნდს ტრავმის გამო ძირითადი გამთამაშებლები აკლდა: "ოლიმპს" - ირაკლი მიქელაძე, ხოლო "რუსთავს" - ამერიკელი ჩარლი ლი.
პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ბოლო პერიოდში "ოლიმპის" ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც რუსთაველებმა თამაშის სათავისოდ შემობრუნება ვეღარ მოახერხეს.
სტატისტიკა არ ტყუის. მოულოდნელია: მშვენიერი წინა ხაზის მყოლმა "რუსთავმა" სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში დიდი სხვაობით წააგო - 22:50. ასე რომ, გასაგებია, რატომაც გაიმარჯვა "ოლიმპმა", მაგრამ საკითხავია, ანგარიშში დიდი სხვაობა რატომ არ დაფიქსირდა?
საქმე ის არის, რომ ქვემოქართლელებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს (მაშინ, როცა საკუთარ კალათში 4 მიიღეს).
გამორჩეული. მატჩის ბომბარდირი რევაზ როგავა გახდა, რომელმაც 12-დან 7 ორქულიანი, 13-დან 9 საჯარიმო გამოიყენა და 23 ქულამდე ავიდა. რეზოზე მეტოქეები 9-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია გივი ბაქრაძის 9 პასი და ტრე ბურნეთის 17 ქულა.
რუსთაველთა მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი ენდო ახალგაზრდებს, ერეკლე ლორთქიფანიძესა და თორნიკე ქიტოშვილს, რომლებმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
ორმაგი დუბლები კი სერგო ათუაშვილმა (23 ქულა, 10 მოხსნა) და ტომი სპანოლომ (13 ქულა, 15 მოხსნა) მიითვალეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"