დრამატული ბოლო

AutoSharing Option

ქუთაისი-სოხუმი 82:81
24:20, 21:21, 26:17, 11:23
ქუთაისი: დიდია (11ქ, 9მ), ბოლქვაძე, კვიმსაძე (15ქ), გ. ბარბაქაძე (25ქ, 9მ), ცეკვავა (11ქ, 9მ), ბაბუნაშვილი, ტუკვაძე, ლომინაშვილი (14ქ), კოღუაშვილი (6ქ).
სოხუმი: ფარღალავა (17ქ, 6მ), ჰარისი (11ქ, 6მ), შანიძე (12ქ), კ. დამუსი, რ. დამუსი (21ქ, 8მ), ანთაძე (8ქ), ჩლაიძე (7ქ), კვეტენაძე (2ქ), კანკია (3ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული და დრამატული გამოდგა. განსაკუთრებით მატჩის ბოლო წამები, როცა მასპინძლებმა 16 ქულიანი სხვაობა თვალსა და ხელს შუა გაანიავეს და კინაღამ დაისაჯნენ.
სოხუმელთა ყველაზე შედეგიან კალათბურთელს რიჩარდ დამუსს მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე მეორე საჯარიმო ტყორცნაც რომ ჩაეგდო, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა და სოხუმელები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ... თუმცა, სოხუმელთა ამერიკელმა ლეგინერმა ქუთაისელი გულშემატკივრების გამაყრუებელი ყიჟინის ფონზე არაზუსტად ისროლა და სტუმრების ბოლო იმედიც გადაიწურა...

ასეთი მატჩები ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის თვალსასეირო სანახავია, ქუთაისელ ქომაგებს კი ბოლო წუთებზე მართლაც რომ ნერვები დააწყდათ, თუმცა, ასეთი დრამატული გამარჯვებით ბოლოს მაინც ყველა კმაყოფილი იყო. აინარს ბაგაცკისის შეგირდებს კი დანა პირს არ უხსნიდათ. ისინი მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი იყვნენ, განსაკუთრებით იუჯინ ჰარისი აქტიურობდა, რომელიც ბოლო წამებზე ჯარიმას ითხოვდა და თანაგუნდელების დასაწყნარებელი შეიქნა...

ასე განვითარდა მოვლენები მატჩის მიწურულს. არადა „ქუთაისს” ნაადრევად რომ არ ერწმუნა გამარჯვების და არ მოდუნებულიყო, მოგება სათუო ნამდვილად არ გაუხდებოდა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა პირველ პერიოდშივე მოიპოვეს მცირე უპირატესობა. ჩვეულ ფორმაში იყვნენ გუნდის ლიდერები კვიმსაძე, ბარბაქაძე, დიდია და ცეკვავა. კარგად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ლომინაშვილიც. ქუთაისელები 9 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა, სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, ანთაძისა და რიჩარდ დამუსის მეცადინეობით 4 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა. იქამდე კი სტუმართაგან მოედანზე ირაკლი შანიძე გამოირჩეოდა.

მეორე პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. მასპინძლეთაგან ჩინებულად ისროდნენ სამქულიანებს კვიმსაძე, ბარბაქაძე და დიდია. მათ სოხუმლებიც არ ჩამორჩნენ და ეს პერიოდი ყაიმით დასრულდა (21:21). დიდი შესვენების შემდეგ კი ქუთათურებს მეორე სუნთქვა გაეხნათ. რიონისპირელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. სწაფი შეტევები, ლამაზი კომბინაციები, სამქულიანი სროლები. ერთხელ კი გიგი ბარბაქაძემ კვიმსაძის ჩინებული პასის შემდეგ ისე ჩატენა ლამის ფარი მოარღვია. ქუთათურებმა აღებული ტემპი მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზეც შეინარჩუნეს, თუმცა შემდეგ მოდუნდნენ, ზედიზედ 4 სამქულიანი სროლა გააცუდეს და დაისაჯნენ კიდეც: სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და ფარღალავას ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა 80:80. ამ დროს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მასპინელთა ბოლო შეტევა ბარბაქაძის ორქულიანით დასრულდა, რიჩარდ დამუსის საჯარიმო სროლებზე კი თავიდანვე მოგახსენეთ...

„ქუთაისმა” პრინციპულ მატჩში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან 82:81 გაიმარჯვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე გახდა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
Sagoool Barbaqadze da Kvimsadzeeeeeee ... Magreboooo.. Magari tamashi iyooooooo
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული