დინამოელებს შედეგიანად დაუბრუნდა ამერიკელი ქიონ კარტერი, რომელმაც 31 ქულით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი გაიმეორა.
სწორედ კარტერმა ჩააგდო გამარჯვების მომტანი ბურთი მატჩის ბოლო წამებზე. მაშინ, როცა დინამოელები 2 ქულით იგებდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 15 წამი რჩებოდა, როდესაც დინამოს ახალწვეულმა შედეგიანი გარღვევით თავისიანები 81:77 დააწინაურა.
კარტერმა 2011-12 წლების სეზონი "დინამოში" გაატარა და რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მომხსნელი და მეორე მექულე გახდა.
როგორც ჩანს, ქიენ კარტერმა "დინამოს" კარგ დროს მოუსწრო. ტრავმირებული იოსებ ლეჟავას გარეშე მოთამაშე დინამოელებს "სოხუმთან" ძალიან გაუჭირდათ.
ფრედ დასრულებული პირველი მეოთხედის შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა თითქოს გატეხა სოხუმელები, როცა მეორე პერიოდი 26:17 მოუგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ირაკლი ჩლაიძის, რუსლან ნაზმიევისა და ვახტანგ ქადარიას შედეგიანობით "სოხუმმა" ანგარიში გაათანაბრა და ბოლო მეოთხედში დაწინაურდა კიდეც.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რატი ბააკაშვილის ზუსტი ორიანის შემდეგ სოხუმელები 73:67 დაწინაურდნენ. აქ დინამოელებს მსხნელად ლეგიონერები მოევლინნენ. ამერიკელმა ფლიპ კლაიმენმა ზედიზედ 2 შეტევაში 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა 73:73.
შემდეგ ლამარ ქარიმმა ჩააგდო ზედიზედ 2 ორქულიანი, თუმცა სოხუმელებმაც იყოჩაღეს და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ანგარიში 77:77 იყო. დარჩენილ დროში უკვე მატჩის ბომბარდირმა ქიენ კარტერმა იყოჩაღა და "დინამო" დამარცხებას გადაურჩა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 31 ქულითა და 13 მოხსნით კარტერი გახდა. დინამოელთა ამერიკელმა ლეგიონერმა მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი გაიმეორა. 31 ქულა ქუთაისელ რიჩარდ მათიაშვილსა და რუსთაველ ნეით ბოუის აქვთ ჩაგდებული. დინამოელმა ლამარ კარიმმა მატჩი 116 ქულითა და 8 პასით დაასრულა, ხოლო ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 პას-მოხსნა დაგროვდა.
სოხუმის შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, 18 დააგროვა უზბეკი რუსლან ნაზმიევმა, ხოლო ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო - 12 ქულა, 14 მოხსნა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (დინამო):
"სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა დაცვაში თამაშით კმაყოფილი არ ვარ, 77 ჩაგდებული ბურთი ბევრია. მოგეხსენებათ, რომ დავიმატეთ ლეგიონერი ქიენ კარტერი და მის შეთამაშებას გუნდთან დრო სჭირდება".
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):
"ვულოცავ დინამოს გამარჯვებას, ღირსეული და დამსახურებული მოგება მოიპოვეს, რაც შეგვეხება ჩვენ, იყო შესაძლებელი თამაშის მოგება, თუმცა იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, არ გაგვიმართლა და წავაგეთ".
ლამარ კარიმი (დინამო):
"მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მოხარული ვარ გამარჯვებით, მითუმეტეს, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა კარგი შეხვედრა აჩვენეს".
დავით დეკანოიძე (სოხუმი):
"ვულოცავ "დინამოს" მოგებას, რაც შეგვეხება ჩვენ, გამოცდილება არ გვეყო, რომ ბოლომდე მიგვეყვანა თამაში, ვფიქრობ არ გაგვიმართლა".
ტურის სხვა მატჩები:
სტუ-ბათუმი 60:84 - ბათუმელების მესამე გამარჯვება
რუსთავი-არმია 79:77 - ბოუის 31 და გახარებული რუსთავი
შსს აკადემია-ოლიმპი 62:71 - შსს ოლიმპზე "ოლიმპმა" არ აუშვა
სუპერლიგის მე-8 ტურის შეხვედრებიდან არ შედგა დღის დასკვნითი მატჩი თსუ-სა და სამედიცინოს შორის. სტუდენტური "დერბი" ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.
აღნიშნული შეხვედრა 11 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.
superleague.ge