გიორგიოს კეცელიდისი: მწვრთნელი იმისთვისაა, თითოეული შეგირდის მენტალიტეტი შეიცნოს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "შსს აკადემია" 31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და მადლობის ნიშნად კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს საჩუქრები გადასცა.

შეხვედრის შემდეგ დავუკავშირდით გუნდის სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მინისტრმა სული თანადგომა გამოუცხადა და მომავალ სეზონში მიზნად მხოლოდ ჩემპიონობა დაუსახა.

ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: "შსს აკადემია" გაისად უკეთესი თუ არა, უარესი გუნდი არ იქნება.

ზემოთნახსენებ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლევან მიქაბერიძე და მთავარი მწვრთნელი, გიორგიოს კეცელიდისი "ლელოს" რედაქციას სტუმრობდნენ. ბერძენ სპეციალისტს სეზონის მოკლე რეზიუმე ვთხოვეთ.

- 2012-13 წლების სეზონისთვის მზადებას პირველი ივნისიდან შევუდექით. მადლობელი ვარ, რომ ხელმძღვანელობამ ჩემი სურვილები გაითვალისწინა და დავიმატეთ ისინი, ვისაც შეეძლო გუნდი გაეძლიერებინა.

საბოლოოდ მივიღეთ ჯანსაღი ორგანიზმი. "შსს აკადემიაში" ჩაირიცხნენ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები, რომლებსაც სურდათ ესწავლათ, გაუძლებდნენ დატვირთვებს, რაც საბოლოოდ მათი კარიერისთვის უნდა ყოფილიყო სასარგებლო.

- უცხოელებზე რას იტყვით?
- გაგვიმართლა, რომ ყველა უცხოელი ხასიათითაც დადებითი პიროვნებაა და პროფესიულადაც.

როგორც წესი, უმართლებთ მათ, ვინც ბევრს შრომობს. მთელი ზაფხული ვიდეოების ძიებასა და ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლაში გავატარე.

უმთავრესად მაინტერესებდა ლეგიონერების ცხოვრებისადმი მიდგომა, მათი ფსიქოლოგია, ხასიათი.

ჩად პრუეტი, კირკ არჩიბეკი და დეონტა ვონი სწორედ ისეთები აღმოჩნდნენ, როგორებიც შსს-ს სჭირდებოდა.

მოგვიანებით ასევე კარგი თვისებების მქონე ბენჟამინ რეიმონდი და ვასილის კუნასი დავიმატეთ.

რაც მთავარია, მათ ევროპული გამოცდილება და უკვე ევროპული მენტალიტეტი აქვთ.

- ქართველების მენტალიტეტზე არაერთ უცხოელ მწვრთნელს ულაპარაკია...
- მწვრთნელის საქმეა ნებისმიერი მენტალიტეტის შეგირდთან ერთნაირად იმუშაოს. იგი უნდა იყოს მწვრთნელიც, მეგობარიც, მასწავლებელიც, მშობელიც...

საჭიროა საუბარი და რჩევა-დარიგება დარბაზშიცა და მის გარეთაც. კალათბურთელმა უნდა გაიაზროს, რომ მის წინაშე დიქტატორი კი არ დგას, არამედ პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც უხსნის რა როგორ გააკეთოს და რა შედეგს მოიტანს ასეთი მიდგომა.

ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ილია ლონდარიძე რთული ხასიათის კალათბურთელია, ზარმაცი, არ უყვარს რეჟიმის დაცვა, მაგრამ ამ სეზონში იგი დღეში ორჯერ სიამოვნებით ვარჯიშობდა, რეჟიმი არ დაურღვევია, წონაც დაიკლო და ჩემთან ტაქტიკაზეც ხშირად საუბრობდა.

გავიმორებ და ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ, ლონდარიძე საქართველოს ნაკრების 20-კაციან გაფართოებულ სიაში ვერ ვნახე.

- შსს-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენა რომ შემოგთავაზონ, რას ეტყვით?
- დღეს ზუსტი პასუხის გაცემა მიჭირს. გადაწყვეტილება არაერთ ნიუანსზეა დამოკიდებული. მაქვს გუნდის შენების ჩემეული მონახაზი, საძირკვლიდან დაწყებული...

- სხვათა შორის, "შსს აკადემია" სუპერლიგის ერთ-ერთი იშვიათი კლუბია, რომელსაც ყველა ასაკის ჩემპიონატში ჰყავს გუნდი. ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ ბავშვთა კალათბურთზე?
- ცუდი კაცი გავხდები და გეტყვით: საქართველოში უამრავი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კონკრეტულად ბავშვის აღზრდაში სპეციალიზებული მწვრთნელების ნაკლებობაა.

ბავშვთან მომუშავე უნდა იყოს მასწავლებელიც, ფსიქოლოგიც, ფიზმომზადების სპეციალისტიც და რაც მთავარია, გავლილი უნდა ჰქონდეს სკოლა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვებთან მუშაობას სრულფასოვნად აითვისებს.

თუ დიდი გუნდის მწვრთნელის აღზრდაზე, ვთქვათ, 10 ლარი იხარჯება, ბავშვთა მწვრთნელზე 30 ლარი უნდა გამოიყოს, რადგან სწორედ ბავშვებზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნის მომავალი.

მათ მოსამზადებლად სპეციალიზებული სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანაშია.

- საკუთარი ასისტენტებით რამდენედ კმაყოფილი ბრძანდებით?
- კმაყოფილი ვარ. როცა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადმომცეს, იგი ჩემს თანაშემწეებთან გავიზიარე.

სწორი მიმართულებით მიდიან. თუმცა მიმაჩნია, რომ გიორგი ნიკოლაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში მუშაობას ჯერ არ უნდა დათანხმებულიყო.

მან მწვრთნელის რანგში ოდენ პირველი სეზონი ჩაატარა. გიორგიმ ბევრი უნდა ისწავლოს, რისთვისაც დროა საჭირო. თუმცა ისიც მესმის, რომ ახალგაზრდაა და ოჯახი ჰყავს. როცა ნაკრებში თუნდაც ასისტენტობას გთავაზობენ, სიამაყეს გრძნობ და ძნელია უარის თქმა.

- ერთ-ერთი პრესკონფერენციისას თქვით, რომ საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით იმუშავებდით.
- თანაშემწედ რომ მივეწვიეთ, დავთანხმდებოდი. ეროვნულ გუნდს თავი დავანებოთ, საქართველოს უმცროსი ასაკის ნაკრებებსაც გავუზიარებდი გამოცდილებას. აქვე არ მინდა გამომრჩეს: ჩემი დაკვირვებით, საქართველოში არის ძალიან კარგი, მზარდი მწვრთნელი. ესაა "ოლიმპის" სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი დიმიტრი ჟაკობოვი.

- თქვენს ორგანიზაციაშიც არიან მოთამაშეები, რომლებსაც პატარაობაში იმ პოზიციაზე არ ათამაშებდნენ, რომელზეც უფრო სასარგებლონი იქნებოდნენ. ახლა გიწევთ გადაკეთება.
- რამდენიმე წლის წინათ თურქეთშიც იყო მსგავსი პრობლემა და საბერძნეთშიც. ბავშვთა გუნდების მწვრთნელები მხოლოდ ამა თუ იმ თამაშის შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები, მეორეხარისხოვანი იყო კალათბურთელის მომავალი.

შესაძლოა, რომელიმე ტანმაღალი ბიჭი პატარაობაში ცენტრად ათამაშონ, დაკარგოს სისწრაფე, ვერ ისწავლოს დრიბლინგი. დღევანდელ კალათბურთში უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი.

- სუპერლიგას დავუბრუნდეთ. ხშირად გამოგიხატავთ მსაჯებით უკმაყოფილება...
- მინდა ბოდიში ვუთხრა, რომ ზოგჯერ მათ მიმართ აგრესიას გამოვხატავდი. მადლობა არბიტრებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ და მაღალ დონეზე არიან. ერთადერთი, რაზეც სამუშაოა, მსაჯების რაოდენობის გაზრდაა.

- დაგვისახელეთ სუპერლიგის სამი საუკეთესო კალათბურთელი.
- ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა ჩად პრუეტის შრომა. იგი ყველაფერს აკეთებდა, რაც გუნდს სჭირდებოდა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ასეთივე მოთამაშეა არმიელი დავით საყვარელიძე. პრუეტის შემდეგ, მეორე ადგილზე დავაყენებდი მიხეილ ბერიშვილს "ოლიმპიდან". მას მეტი ათლეტურობა სჭირდება. მესამეა დინამოელი ქიენ კარტერი.

- ბავშვთა კალათბურთზე ვილაპარაკეთ და არაფერი გვითქვამს თქვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებზე.
- გამთამაშებელ რევაზ როგავას მთელი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 25 წუთს ვათამაშებდი.

ფინალებში კი დრო შეუმცირდა, რადგან ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩების შემდეგ ცოტა გადაიღალა.

ეს ნორმალურია, რადგან რეზო 19 წლისაა. ტექნიკურია, მოედნის კარგი ხედვა აქვს, დაცვაში საიმედოა და რაც მთავარია, გუნდურად აზროვნებს.

რაც შეეხება ტოტის, მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას თამაშობს.

- ტოტი?
- საქართველოში რომ ჩამოვედი, ყველას სახელის დამახსოვრება გამიჭირდა და მერაბ ბოქოლიშვილს მეტსახელი დავარქვი. რადგან იგი მანამდე იტალიაში თამაშობდა, ყველაზე მარტივი იტალიური სახელი, ტოტი მოვუძებნე.

ყველა კალათბურთელს არ ეხება, მაგრამ გულის დაწყვეტით ვიტყვი, რომ ბევრი ახალგაზრდა დროს უქმად კარგავს.

თვალს ვადევნებ "ფეისბუქზე" ჩემი ახალგაზრდა შეგირდების აქტივობას, ტვირთავენ ფოტოებს, ვიდეოებს, რაზეც დიდი დრო იხარჯება.

არადა, გაცილებით მეტს მოიგებენ, ეს დრო სწავლასა და ვარჯიშში რომ დახარჯონ და "ფეისბუქში" დღის ბოლოს 15 წუთით შევიდნენ.

- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე სასიამოვნო და არასასიამოვნო ამბის გახსენებას გთხოვთ.
- არასასიამოვნო იყო ის, რაც სუპერთასის მატჩის დღეს მოხდა. მეტს არაფერს ვიტყვი და ნურც მკითხავთ.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეებში ცუდი ამბები დატრიალდა ჩემს თავს.

პრეზენტაციის მეორე დღეს მე და არჩილ ჟღენტი ავტოავარიაში მოვყევით. მალე ბათუმში თამაშზე გავემგზავრეთ და დათოვლილ გზაზე 8 საათი ვიარეთ.

მძღოლს რომ ვკითხავდი, ბათუმამდე კიდევ შორია-მეთქი, მპასუხობდა - შევუხვევთ და იქააო. ნამდვილად არ მახსოვს, რამდენჯერ მითხრა - შევუხვევთ და იქააო...

ბათუმში რომ ჩავედი, მეუღლეს დავურეკე - ბილეთი უნდა ავიღო და საბერძნეთში დავბრუნდე-მეთქი.

რაც შეეხება პოზიტიურ გასახსენებელს. სასიამოვნო იყო ყოველი მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში შესვლა და მეგობრებთან სიხარულის გაზიარება.

- თქვენი მეუღლეც სპორტთან ხომ არ არის კავშირში?
- ყოფილი კალათბურთელია. ერთ დღეს მისი გუნდის მწვრთნელი არ გამოცხადდა და ვარჯიში მე ჩავუტარე. მას მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. საინტერესო ის არის, რომ ორივე სტამბოლში დავიბადეთ, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთი საბერძნეთში რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანით.

- ბოლოს რამეს ხომ არ დაამატებდით?
- საქართველო მზარდი ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ევროპის წამყვან სახელმწიფოებს გაუტოლდება.

იმედი მაქვს, წინსვლას კალათბურთიც შეუწყობს ხელს და ქართულ კლუბებს ევროპის ტოპ-შეჯიბრებებში წარმატებით მოთამაშეებს ვიხილავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დადებიტები დაუპასდა ზედმეტადაც მაგრამ გაუცონასცორებელიც იკო...და უსაკციელოც!!!
0

სიახლეები პოპულარული