კოტე ტუღუში: "არმია" უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ქართველებით ითამაშებს

AutoSharing Option
გასული სეზონის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საკალათბურთო გუნდებს სეზონის დასრულების შემდეგ აღარ უნდა ეარსებათ.

თუმცა ასეთი კატეგორიული რეფორმა ქართული სპორტის განვითარებაზე დადებითად რომ არ აისახებოდა, წინასწარ ცხადი იყო.

ორგზის ჩემპიონის, "არმიას" ბედი მაისის ბოლომდე არ იყო გარკვეული. ახლახან ყველაფერი დადებითად გადაწყდა და მნიშვნელოვანია, რომ "არმია" საკლუბო სისტემაზე გადაერთვება.

ამ და სხვა საკითხებზე მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში მოგვითხრობს, რომელსაც 1-ელ ივლისს ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს.

- გადაწყდა, რომ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ქართველებით ვითამაშებთ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის პირველ ნახევარს
ადგილობრივებით ჩავატარებთ. აქცენტს ქართველი კალათბურთელების წინსვლაზე ვაკეთებთ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მომავალ სეზონში "არმიას" ეყოლება ახალგაზრდული გუნდები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში.

- ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ ერთი-ორი კარგი ლეგიონერი ქართველებს ზრდაში დაეხმარებოდა...
- "არმიაში" და სხვა ქართულ გუნდებში არაერთი უცხოელი გამოდიოდა და მართლაც დადებით გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ქართველებზე. თუმცა ამ საქმისთვის მხოლოდ ერთი-ორი ლეგიონერია საკმარისი, 4-5 უკვე ზედმეტია. ასეა თუ ისე, როგორც აღვნიშნე, ახალ სეზონს მხოლოდ ქართველებით შევხვდებით.

- წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობას როდის შევიტყობთ?
- გასული სეზონის დამთავრებისთანავე ყველა კალათბურთელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

ვმუშაობთ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაზე, თუმცა ჯერ კონტრაქტი არავისთან გაფორმებულა და გვარებსაც ვერ დავასახელებ.

პარალელურად, ახალი მოთამაშეების დამატებასაც ვაპირებთ. საკონტრაქტო საკითხების ძირითადი ნაწილი ივლისის ბოლომდე გვინდა გადავწყვიტოთ, ვიდრე ნაკრებთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები.

- საკლუბო სისტემის ჩამოყალიბებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ საბოლოოდ "არმიას" შექმნიდან მეოთხე წელს გადაწყდა...
- მოგეხსენებათ, გუნდს მაღალი დონის დარბაზი აქვს, სადაც ვარჯიში ნებისმიერი ახალგაზრდა ქართველისთვის სასარგებლო იქნება.

დავიწყებთ კადეტებითა და ჭაბუკებით. შესაძლოა, გაჩნდეს შეკითხვა - რატომ 20-წლამდელები არა? პასუხი მარტივია, მომავალი სეზონიდან 18-წლამდელები 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებენ და სამივე ძირითად ასაკში გვეყოლება გუნდი.

- კადეტთა და იუნიორთა გუნდებისთვის კალათბურთელების შერჩევას როგორ აპირებთ?
- 19-21 ივლისს სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება კემპი, რომელში მონაწილეობა შესაბამისი ასაკის ყველა მსურველს შეეძლება.

საამისოდ წინასწარ დარეგისტრირება იქნება საჭირო. პირველ დღეს ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვივარჯიშებთ, შემდეგ, როგორც საერთაშორისო კემპებზე ხდება, ტურნირს მოვაწყობთ და ბოლოს საუკეთესოებს შევიგულებთ.

- ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელების ვინაობა გარკვეულია?
- "არმიას" შტაბში სამი მწვრთნელი ვართ: მე, ვაჟა მხეიძე და ბუბა ბერიშვილი. უმცროს ასაკთანაც ჩვენ ვიმუშავებთ.

- მეორე წელიწადია, კალათბურთელის კარიერა დაასრულეთ და მწვრთნელობას შეუდექით. რა მოგცათ არცთუ იოლმა 2012-13 წლების სეზონმა?
- დიდი გაკვეთილი მივიღე. ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. სეზონის განმავლობაში გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გამოვცადე, როგორია ლეგიონერებითა და მათ გარეშე თამაში, ტრავმირებული წამყვანი კალათბურთელების არყოფნაში მოედანზე გასვლა. რაც მთავარია, ცდა არ დაგვიკლია და ღირსეულად ვებრძოლეთ ჩვენზე ძლიერ გუნდებსაც.

- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბრძანდებით. ივლისში დაგეგმილ შეკრებაზეც გკითხავთ...
- ვარჯიშს 8 ივლისს დავიწყებთ. გუნდი ბურთითაც იმუშავებს, მაგრამ მთავარი აქცენტი ფიზმომზადებაზე გაკეთდება, რაშიც ნაკრების ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელი, სერბი ალექსანდრ ცვეროვიჩი დაგვეხმარება. 25 ივლისს კი შეკრებაზე სლოვენიაში გავემგზავრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული