1 აგვისტოს "ოლიმპის" სიახლეებზე მოგახსენებთ.
ამ გუნდში ივნისში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - გია კაზანჯიანის ნაცვლად დავით თორთლაძე გაწვრთნის.
როგორც ახალმა დამრიგებელმა გვითხრა, მის ასისტენტად გიორგი მარხვაშვილი იმუშავებს, ხოლო "ოლიმპის" 20-წლამდელთა გუნდს ზაზა ცაგარეიშვილი გაუძღვება.
დავით თორთლაძესთან ინტერვიუ სატრანსფერო სიახლეებით დავიწყეთ.
- გუნდში ოთხი ახალწვეულია: ცენტრები რიჩარდ მათიაშვილი (გასულ სეზონში "ქუთაისში" თამაშობდა), რეზო ათანელიშვილი ("რუსთავი"), ფორვარდი დავით ხიზანიშვილი (თსუ) და უკანახაზელი ლაშა ფარღალავა ("არმია").
- ძველი შემადგენლობიდან
- ტატო თავართქილაძე, ნოდარ თენიეშვილი, ირაკლი მიქელაძე და გიორგი გულისაბედაშვილი. ამჟამად "ოლიმპში" რვა კალათბურთელი ვარჯიშობს, თუმცა, ცხადია, კიდევ ვაპირებთ დამატებას.
- უცხოელების ჩამოყვანა არ იგეგმება?
- არა. ამის საშუალებას ბიუჯეტი არ მოგვცემს. აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ჩამოთვლილ რვა მოთამაშეს სწორედ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები დაემატებიან.
- მიშა ბერიშვილი "არმიაში" გადავიდა, ლევან ფაცაცია?
- ლევანის საკითხი ღიადაა. ჯარ არაფერია გარკვეული.
- სუპერლიგაში რა მიზნებს დაისახავთ?
- წინასწარ ძნელია კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ საკლუბო სისტემის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რომელიც ერთი-ორი გუნდით არ შემოიფარგლება.
- "ოლიმპი" ვარჯიშს უკვე შეუდგა?
- ფიზმომზადებას სტადიონზე გავდივართ, თუმცა დარბაზშიც ვვარჯიშობთ - სპორტკომპლექს "არენაში". კალათბურთელებთან კონტრაქტები პირველი აგვისტოდან გაფორმდება. ვიმედოვნებთ, რომ მალე სხვა კალათბურთელებსაც დავიმატებთ და წვრთნას სრული შემადგენლობით განვაგრძობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"