"რუსთავში" მიხეილ ბერუაშვილის ნაცვლად მწვრთნელად ოთარ ხმელიძე დაინიშნა

AutoSharing Option
სამწვრთნელო ცვლილება კიდევ ერთ წამყვან კლუბში განხორციელდა.

"რუსთავში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხეილ ბერუაშვილის ნაცვლად ოთარ ხმელიძე დაინიშნა.

მიშა წლების განმავლობაში რუსთაველთა შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა.

თავიდან "რუსთავში" დავით უსტიაშვილის თანაშემწედ მუშაობდა, 2009-10 წლების სეზონში კი მთავარი მწვრთნელის საჭე ჩაიბარა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

მწვრთნელობამდე მიხეილ ბერუაშვილი "რუსთავში" ოთარ ხმელიძის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ბატონი ოთარი ქვემოქართლელთა მთავარ გუნდში თავკაცად წლების განმავლობაში მუშაობდა.

თუმცა 2006 წლიდან მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ჩაერთო. ახალი სეზონიდან კი იგი ძველ ფუნქციას დაიბრუნებს.

ოთარ
ხმელიძეს დაეხმარებიან ბადრი კიკვიძე და რამაზ გოგობერიშვილი. მიხეილ ბერუაშვილი ახალგაზრდული გუნდის თავკაცად იმუშავებს (ასისტენტი ირაკლი ჯაფარიძე).

მწვრთნელის საკითხზე არანაკლებ საინტერესოა, შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები.

როგორც ქართული გუნდების უმეტესობაში, სადღეისოდ ბევრი რამ "რუსთავშიც" გასარკვევია.

როგორც გუნდის უფროსმა ამირან ხაჩიძემ გვითხრა, ორშაბათის შეკრების შემდეგ არაერთი საკითხი გადაწყდება.

ამჟამად კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლევან ცეკვავა "რუსთავიდან" "ქუთაისში" გადავიდა. იგი იმერლთა შემადგენლობაში 2010-12 წლებშიც თამაშობდა, შარშანდელი სეზონი კი მშობლიურ "რუსთავში" გაატარა.

ქვემოქართლელები მაღალი მიზნებისთვის იბრძოდნენ, თუმცა მეოთხედფინალში "ქუთაისთან" 1:2 დათმეს.

გასულ სეზონში რუსთაველებს არაერთი ლეგიონერი ეხმარებოდათ: ამერიკელები ნეით ბოუი და კაელ ნელსონი, სერბი სტევან მილოშევიჩი, არაბული წარმოშობის ამერიკელი ომარ ვატადი, კამერუნელი ჟულივეტ ტუჯანი.

გადაწყვეტილია ისიც, რომ მომავალ სეზონში "რუსთავი" ლეგიონერების გარეშე ითამაშებს. სხვებთან ერთად გუნდი ჟულივეტ ტუჯანმაც დატოვა.

დაველოდოთ ორშაბათის შეკრებას და ვნახოთ, ვინ დარჩა შემადგენლობაში და კიდევ ვინ აპირებს გუნდიდან წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული