განსაკუთრებით ბუბა ბერიშვილის შედეგიანი თამაშია გამოსარჩევი, რომელმაც პირველ პერიოდში სამი სამქულიანი ჩააგდო და ამას ზუსტი ორქულიანიც მიაყოლა. ბერიშვილს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი. კარგად თამაშობდნენ კვიმსაძე, ბოლქვაძე და დიდია. `ქუთაისი" დაცვაშიც ეფექტური იყო და შეტევაშიც. სტუმრები მეშვიდე წუთამდე მატჩის დებიუტში მოპოვებული ორი ქულით დაკმაყოფილდნენ. ქუთაისელებმა კი ამასობაში 23 ქულას მოუყარეს თავი (23:2) და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.
მეორე ათწუთეული რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. როგორც ჩანს, მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა გამარჯვების ნაადრევად ირწმუნეს და მოეშვნენ, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს. სტუ-ს ლიდერობა ბექა ჩიკვილაძემ ითავა, რომელიც სტუმართაგან საუკეთესო იყო _ 24 ქულა. მისი და ზვიად ანთაძის კარგი თამაშის წყალობით სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა. ეს მეოთხედი სტუ-ს გამარჯვებით დასრულდა - 20:27.
მესამე პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. ლომოურის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 9 ქულამდე დავიდა, მაგრამ ქუთათურებმა მეტოქეს ანგარიშის კიდევ უფრო შემცირების შანსი აღარ მისცეს. ბერიშვილს სროლები აღარ წაუვიდა, სამაგიეროდ გუნდისთვის მეტად საჭირო დროს ორი სამქულიანი ჩააგდო ბუბა კვიმსაძემ და სტუ-ს წამოწევის შესაძლებლობა მოუსპო. ეს პერიოდი თბილისელებმა ერთქულიანი სხვაობით მოიგეს. სხვათა შორის, მატჩში მხოლოდ რევაზ დიდიამ შესარულა ორმაგი დუბლი, იგი საკუთარ გუნდს 14 ქულითა და 12 მოხსნით შეეწია. აღსანიშნავია, ახალგაზრდა ავთანდილ ლომინაშვილის კარგი თამაშიც, რომელმაც `ქუთაისს" 11 ქულა შესძინა.
ბოლო მეოთხედში ზურაბ ტომარაძის შეგირდები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ამაოდ. მასპინძლებმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს და ქუთაისის სპორტის სასახლეში მრავლად მისული გულშემატკივარი გაახარეს. თამაშის შემდეგ ქომაგები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კალათბურთმა ქუთაისი კიდევ უფრო გამოაცოცხლა.
ქუთაისი-სტუ 87:75
26:6, 20:27, 21:22, 20:20
ქუთაისი: კვერნაძე (4ქ), დიდია (14ქ), ბ. ბერიშილი (17ქ), კვიმსაძე (18ქ), ბოლქვაძე (7ქ), ბაბუნაშვილი (7ქ), ტუკვაძე, ლომინაშვილი (11ქ), გ. ბარბაქაძე (4ქ), ქორიძე (5ქ).
სტუ: ანთაძე (16ქ), ჩიკვილაძე (24ქ), ლომოური (8ქ), თევზაძე, კობიძე (2ქ), ჭოხონელიძე (7ქ), ბერუაშვილი (14ქ), გასიტაშვილი (4ქ), მაჩალაძე, ჩალიგავა
მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე