20-წლამდელთა ჩემპიონატი: "აკადემიის" 20:0 და გამარჯვება "ჰიუნდაისთან"

AutoSharing Option
დასრულდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის 29 ოქტომბრის თამაშები. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ "აკადემია" და "ჰიუნდაი" წარდგნენ. შეხვედრა აკადემიელთა გამარჯვებით - 67:60 დასრულდა.

"ჰიუნდაის" ძირითადი ბირთვი ის კალათბურთელები არიან, რომლებიც გასულ სეზონში 18-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ "აკადემიაც" ძირითადად 17-18 წლის ბიჭებით ასპარეზობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში.

პირველი მეოთხედი "ჰიუნდაიმ" 20:15 მოიგო, რის შემდეგაც "აკადემიამ" კარდინალურად შეცვალა თამაშის ტაქტიკა: დაცვა გაამაგრა, მეტოქის სწრაფი შეტევები შეაჩერა და თავად ააწყო თამაში კონტრშეტევებზე.

მეორე მეოთხედი აკადემიელებმა 19:8 მოიგეს, ხოლო მთავარი დარტყმა ჰიუნდაელებს 20-ქულიანი გარღვევით მიაყენეს. მეორე
პერიოდის შუაწელში "ჰიუნდაი" 28:27-ს იგებდა, როცა "აკადემიამ" შტურმი წამოიწყო.

გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდის დომინირება მესამე პერიოდის შუამდე გაგრძელდა, რის განმავლობაშიც "აკადემიამ" მეტოქეს 20:0 აჯობა. ყველაფერიც აქ გაირკვა. მაქსიმუმი, რაც ჰიუნდაელებმა მოახერხეს, ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო.

სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა აკადემიელ ბექა დარახველიძეს, რომელმაც 13 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. ბომბარდირი კი ნიკა ამირხანაშვილი გახდა 18 ქულით.

"ჰიუნდაიში" 20-20 ქულით სანდრო ბოლქვაძე და სანდრო სანაძე გამოირჩნენ.

მატჩის შემდეგ:
ლაშა თოიძე, "ჰიუნდაის" მთავარი მწვრთნელი:
"დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო თამაში წავაგეთ. ჩვენს გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი გააჩნია, თუმცა დღეს ბიჭებმა ვერ მოახერხეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა".

გელა წულაძე, "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი:
"დაცვის ხარჯზე მოვიგეთ. პირველ ტაიმში ბევრი სწრაფი შეტევა გავატარეთ, რაც დაცვის არასტაბილურობის ბრალი იყო. მეორე ტაიმიდან მოვახერხეთ მეტოქის კონტრშეტევების შეჩერება და ამან შეტევაშიც გზა გაგვიხსნა".

წყარო: u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული