მასპინძლები თამაშის დაწყებისთანავე დაეუფლნენ უპირატესობას, ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
გადამწყვეტი. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომლის შემდეგაც ქუთათურები 14 ქულით დაწინაურდნენ. ანგარიში სამქულიანი სროლით გოგა ცეკვავამ გახსნა, რომელიც საწყის მეოთხედში ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანად ისროდა.
ცეკვავას მხარი აუბეს ზაურ ფაშაევმა და გიგი ბარბაქაძემ, სამწამიან ზონაში ჩვეულად ნაყოფიერად ირჯებოდა ქუთაისელთა ცენტრი
კარგად ერთვებოდა თამაშში ავთანდილ ლომინაშვილიც, განსაკუთრებით მისი ეფექტური და შედეგიანი ალეი ოპი იყო დასამახსოვრებელი. ქუთათურები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. 23:9 - ასე დასრულდა პირველი მეოთხედი.
მეორე პერიოდი ლევან რევაზაშვილის ზუსტი სამქულიანით დაიწყო, თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის შეგირდებისთვის ეს გარდამტეხი არ აღმოჩნდა, ცეკვავამ სტუმრებს "ხურდა" იქვე დაუბრუნა და ზუსტ სამქულიანს მალევე ორქულიანი შეტევაც მიაყოლა.
ამის შემდეგ ქუთაისელები კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლნენ, მათ ყველაფერი კაგად გამოსდიოდათ, კარგად ისროდნენ საშუალო დისტანციიდან, ფარქვეშ კვლავ შეუჩერებელი იყო დვალიშვილი და დავით ბარბაქაძე.
მასპინძლები შედეგიანად ისროდნენ სამქულიანებსაც (35-დან 13 ჩააგდეს, 37.1%) ქუთათურები ეფექტური თამაშით, მაყურებელსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ.
ერთ რამედ ღირდა დვალიშვილისა და გიგი ბარბაქაძის ეფექტური ჩატენვები, ასეთი ლაღი თამაშით მალხაზ კოხრეიძის გუნდი დიდ შესვენებაზე 31-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 60:29.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა დვალიშვილის ორქულიანის შემდეგ კვლავ გაზარდეს ანგარიში და სხვაობა 38 ქულამდე ავიდა. თამაშს ინტრიგად ისღა შერჩენოდა, თუ რამდენი ქულით გაიმარჯვებდა "ქუთაისი".
ბოლო პერიოდი ადგილობრივთა მწვრთნელმა მთლიანად სათადარიგოებით ჩაატარა, მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელები გამოცდილ თანაგუნდელებს არ ჩამორჩნენ და საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშეს.
მათგან განსაკუთრებით ეფექტურები ავთო ლომინაშვილი (19 ქულა, 8 მოხსნა) და ლევან გრძელიძე (11 ქულა და 7 პასი) გახლდნენ. "ქუთაისმა" საბოლოოდ 48 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
სტატისტიკა არ ტყუის. მასპინძელთა ესოდენ დიდი სხვაობით გამარჯვება არ გაგვიკვირდება. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა, განსაკუთრებით კი ორქულიანების რეალიზაციასა (56.9%) და მოხსნებში (60 მოხსნა - 32-ის წინააღმდეგ) აჯობა.
ქუთაისელთა იოლი გამარჯვება დიდწილად დაცვაში და სამწამიან ზონაში შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა.
რჩეულნი. თუ წინა წლებში "ქუთაისის" წარმატებულ თამაშს ცალკეულ ლიდერთა მონდომება განაპირობებდა, მიმდინარე სეზონში იმერლები გუნდური თამაშის წყალობით აღწევენ წარმატებას. აქ ყველა კალათბურთელს თავისი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში.
ასე იყო "მაქაბისთან" მატჩშიც - ყველა კარგად გაისარჯა და მათგან რომელიმეს გამორჩევა ძალიან რთულია.
შესანიშნავად თამაშობდა გოგა ცეკვავა, რომელმაც 18 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ტრადიციულად ეფექტურები იყვნენ ძმები დავით და გიგი ბარბაქაძეები, მაგრამ მატჩის MVP ქუთაისელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი უნდა დავასახელოთ, რომელიც გუშინ შეუჩერებელი იყო, 18 ქულითა და 21 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.
აქამდე უმეტესად გამარჯვებული გუნდის კალათბურთელებზე ვისაუბრეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს მაქაბელები ლევან რევაზაშვილი და გიორგი ფერიაშვილი, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო ეწინააღმდეგებოდნენ "გავეშებულ" მეტოქეს და ცდილობდნენ ქუთაისლებისთვის მცირედი პრობლემები მაიც შეექმნათ.
"მაქაბის" მიერ მოპოვებული 69 ქულიდან 52 სწორედ ამ ორი კალათბურთელის ანგარიშზეა! ლევან რევაზაშვილი ამ მატჩში ყველაზე შედეგიანად ისროდა და საკუთარ გუნდს 30 ქულა მოუპოვა, მაგრამ "მაქაბი" დიდი სხვაობით მარცხისგან ვერ იხსნა.
1 ნოემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-მაქაბი 117:69
23:9, 37:20, 28:16, 29:24
ქუთაისი: ფაშაევი (13ქ, 5პ), ცეკვავა (18ქ, 8პ), დ. ბარბაქაძე (19ქ), გ. ბარბაქაძე (10ქ, 5მ), ა. დვალიშვილი (18ქ, 21მ), გრძელიძე (11ქ, 7პ), დიდია, დ. დვალიშვილი (4ქ), მესხი (4ქ), ლომინაშვილი (19ქ, 8მ), ქორიძე (1ქ), გამრეკლიძე.
მაქაბი: ტეტელაშვილი (4ქ, 5მ), მეგენეიშვილი (1ქ, 6მ, 14პ), მ. რევაზაშვილი (4ქ), ლ. რევაზაშვილი (30ქ, 6მ), ფერიაშვილი (22ქ, 8მ), გულმაგარაშვილი (2ქ), პატარაია (2ქ), ბეშქენაძე (4ქ), ბუთხუზი.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. ქუთაისი 3 3 0 298/193 6
2. არმია 2 2 0 147/111 4
3. სოხუმი 3 1 2 198/196 4
4. რუსთავი 3 0 3 162/254 3
5. ოლიმპი 2 1 1 182/164 3
6. მაკაბი 3 0 3 211/300 3
7. ბათუმი-რსუ 2 1 1 166/157 3
8. დინამო 1 1 0 70/63 2
9. შსს აკადემია 1 1 0 87/83 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"