სუპერლიგა. VIII ტური:"სოხუმმა" "შსს აკადემიას" მოგება წაართვა

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება საკალათბურთო სუპერლიგის მე-8 ტური.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა ცენტრალური შეხვედრის მომდევნო მატჩი "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის, რომელიც მოულოდნელად სოხუმელთა ბრწყინვალე გამარჯვებით 89:79 დასრულდა.

საქმე იმაშია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი შსს-ელთა უპირატესობით წარიმართა. კარგად გაისარჯნენ ბექა ჩიკვილაძე, რევაზ როგავა და მერაბ ბოქოლიშვილი. მათი აქტიური თამაშის წყალობით აკადემიელები მესამე პერიოდის შუაწელისთვის 22 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც თითქოს გადაწყვიტეს. თუმცა "სოხუმმა'' თამაში მესამე პერიოდშივე გამოასწორა, თანდათან სხვაობა შეამცირა, დასკვნით ათწუთეულში კი სოხუმელებმა მეტოქეს 17:0 გაქცევა მოუწყეს და
დაწინაურდნენ კიდეც - 71:70.

პერსონალური ფოლებით დატვირთული ლონდარიძისა და უგრეხელიძის გარეშე დარჩენილმა შსს აკადემიამ თამაშზე კონტროლი დაკარგა და მეტოქესთან ვერაფერი გააწყო.

გადამწყვეტ მომენტებში შესანისნავად იასპარეზეს ნიკა მეტრეველმა და სოხუმის ამერიკელმა ლეგიონერმა ჯოშუა ჯექსონმა, რომელიც მატჩის ბოლო წუთებზე შეუჩერებელი იყო და რომლის წყალობით სოხუმელებმა 10 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

აკადემიელებს რევაზ როგავამ ულიდერა 23 ქულით, 21 ქულა მოაგროვა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა აკადემიას 19 ქულა მოუტანა. სოხუმელთა რიგებში საუკეთესო 29 ქულით ზემოხსენებული ჯოშუა ჯეკსონი იყო, რომელმაც თავის აქტივში 10 მოხსნაც ჩაიწერა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკა მეტრეველმაც, რომლის ანგარიშზე 22 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. 13-13 ქულა კი ჯერემი საიმონსმა და ვახტანგ ქადარიამ მიითვალეს.

07.12.13, 16:00

შსს აკადემია-სოხუმი 79:89
შსს აკადემია 18 23 29 9
სოხუმი 19 17 20 33

Sportall.Ge

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ "სოხუმს" წარმატებას, ღირსეულად გაიმარჯვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, მადლობას ვეტყვი ბიჭებს, ძალიან კარგად ითამაშეს, უბრალოდ ბოლო მეოთხედში ძალები აღარ გვეყო, მითუმეტეს, რომ უგრეხელიძე და ლონდარიძე გამოგვაკლდნენ. მოწინააღმდეგემ მოახერხა სხვაობის შემცირება, მაღალი კლასის ლეგიონრის, ჯექსონის კარგმა თამაშმა გადაწყვიტა მატჩის ბედი".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ საინტერესო თამაში იქნებოდა. ჩვენს ჩემპიონატში არ არიან სუსტი გუნდები, რადგან ისეთი კალათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ნაკრებშიც უთამაშიათ. დაძაბული შეხვედრა იყო, თუმცა კლასით უფრო მაღალი დონის გუნდი ვართ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ლამაზი, სანახაობრივი და საინტერესო თამაში გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა".

მერაბ ბოქოლიშვილი ("შსს აკადემია"): "ვულოცავ "სოხუმს" გამარჯვებას, დაამტკიცეს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდია და არ ნებდებიან. ბოლოს რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდეს, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, უაზრო ჯარიმები მივიღეთ, ცენტრის გარეშე დავრჩით და ამ ყველაფერმა ჩვენი მარცხი განაპირობა".

ჯოშუა ჯექსონი ("სოხუმი"): "პირველ რიგში, მინდა მივულოცო "შსს აკადემიას" კარგი თამაში, ერთიანი, შეკრული გუნდია, კარგი მწვრთნელი და ახალგაზრდა კალათბურთელები ჰყავთ და დღეს ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან კარგად დაიწყეს და დიდი გაქცევაც მოაწყვეს, თუმცა დღეს ჩვენც იღბლიანები აღმოვჩნდით, არ დავნებდით და გამარჯვება მოვახერხეთ. "შსს აკადემიას" მომავალში წარმატებებს ვუსურვებ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული