შსს აკადემია-სოხუმი 74:71 - სუპერმატჩი, სუპერფინიშით

AutoSharing Option
"შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის მეოთხედფინალური სერია ხუთ მატჩამდე გაიწელა. შეხვედრები იმდენად სანახაობრივი გამოდგა, სუპერლიგის ფინალსაც კი დაამშვენებდა. თავად განსაჯეთ: ანგარიშზე 2:2 გადამწყვეტი მატჩი ორშაბათისთვის დაინიშნა და ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, რომელი გუნდი გავიდოდა ნახევარფინალში.

თამაშმა ისეთი მსვლელობა მიიღო, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ემოციურად იკითხა: როგორ შეიძლება, ასეთი მატჩები ტელევიზიით არ გადაიცემოდეს, მაყურებელი პირდაპირ ეთერში ერთხელ რომ ნახავს, მეორედ სპორტის სასახლეში მოვაო!

სწორი შენიშვნა იყო. სუპერლიგა ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას ტელევიზიებისგან. მართალია, სპორტის სასახლეში ლებრონ ჯეიმსი არ დაფრინავს, მაგრამ მატჩები იმდენად
დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს, რომ აზარტული ქომაგი უთუოდ ისიამოვნებს.

გადამწყვეტი
როგორც წესი, გადამწყვეტ ეპიზოდს ქრონოლოგიურად ვიხილავთ. აქ მხოლოდ ქრონოლოგია საკმარისი არ არის, აუცილებელია სხვადასხვა კომპონენტისა და ფაქტორის დასახელება.

მეორე პერიოდში "შსს აკადემია" 26:20 დაწინაურდა და სწორედ ამის შემდეგ მოაწყო "სოხუმმა" 10:0 გაქცევა - 30:26 დაწინაურდა. ამ ეპიზოდმა საბოლოო ანგარიშზე პირდაპირი გავლენა ვერ მოახდინა, ირიბი, კი ბატონო - სოხუმელებს თავდაჯერება შეემატათ და კიდევ უფრო თამამად ათამაშდნენ. ისინი მეოთხე პერიოდის შუაში 8 ქულით დაწინაურდნენ - 62:54.

სწორედ ამ ეპიზოდში ირაკლი ჩლაიძე ჩასატენად ახტა, მაგრამ რევაზ როგავამ ხელი შეუშალა და ირაკლი უხერხულად დაეცა. იგი მოედნიდან კოჭლობით გავიდა (თუმცა მალევე დაბრუნდა). სწორედ ამ ეპიზოდში წამოიწყო "შსს აკადემიამ" 8:0 სპურტი და ანგარიშიც გაათანაბრა - 62:62. აი, ეს იყო გადამწყვეტი ეპიზოდი - შსს-ელებმა ამის შემდეგ სათამაშო ინიციატივა მოიპოვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გადამწყვეტ ფაქტორთა შორის უნდა ვახსენოთ რევაზ როგავას მიერ სოხუმელთა კალათში ჩაგდებული სამქულიანი, გიორგი ცინცაძის 5-დან 5 საჯარიმო (ყველა ბოლო წამებზე) და "სოხუმის" მიერ მატჩის ბოლოს აცილებული 5 საჯარიმო.

როგავას და ცინცაძეს ბოლო წუთებზე რომ არ ჩაეგდოთ, შესაძლოა, "შსს აკადემიას" თამაში ვერ შემოეტრიალებინა; "სოხუმელებს" ბოლოს 5 ჯარიმა რომ არ აეცილებინათ, ნამდვილად არ წააგებდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის
ბექა ბექაურის დაბრუნება სოხუმელთათვის დიდი შვება იყო, მან 15 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა და თავის გუნდს მოხსნებში უპირატესობა დაუბევა - 44:41. შსს "სოხუმს" რეალიზებულ ორქულიანებში 15:16 ჩამორჩა, სამქულიანებში - 10:12, თუმცა საჯარიმო ტყორცნები მშვიდად შეასრულა - 16-დან 14 ჩააგდო. "სოხუმმა" კი 8-დან 3 ოდენ საჯარიმო გამოიყენა. შსს-ს შეცდომაც ცოტა ჰქონდა - 7, "სოხუმს" - 12.

რჩეული
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მატჩი და განსაკუთრებით, ბოლო წუთები დამაჯერებლად ჩაატარა და 23 ქულამდე ავიდა.

რიგ ეპიზოდებში იკითხებოდა შსს-ელთა მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მოთხოვნა - ბურთი გიორგი შარაბიძემდე მიიტანეთო. ისიც კარგად ორიენტირებდა მეტოქის ფარქვეშ და 17 ქულას 15 მოხსნაც მიამატა.

სოხუმელთა რიგებში კი ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა - გამთამაშებელმა პელე პეილეიმ და ბექა ბექაურმა, ხოლო გიორგი ჯგერენაიამ 15 ქულას 8 მოხსნა "შეაწება".

ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- რთული, ნერვიული და დაძაბული თამაში იყო. ველოდებოდით "სოხუმის" მხრიდან დიდ წინააღმდეგობას და ასეც მოხდა. ბევრი სირთულე შეგვხვდა თამაშის დროს და მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც შეინარჩუნეს მობილიზება, მონდომება და გამარჯვების სურვილი.

დიდი მადლობა "სოხუმს" თავდადებისთვის. მას წინ სერიოზული თამაშები ელის და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი დასვენება და ნახევარფინალისთვის მომზადება გვჭირდება. დრო ძალიან ცოტაა, ზეგ უკვე ნახევარფინალია. ზოგიერთებს კი მოკლედ ვეტყვი: ვერ მოგართვით.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- კალათბურთი ხელოვნება და მონდომებაა. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და რომ არა მსაჯების პატარა შეცდომები, შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც. ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა, თუმცა, ალბათ, ფორტუნამაც ზურგი გვაქცია.

დიდი მადლობა ჩემს გუნდს, არაჩვეულებრივად ითამაშა და მოგების ღირსიც იყო. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თამაშებში, სოხუმელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ნამდვილი კალათბურთის თამაში.

ბექა წივწივაძე ("შსს აკადემია"):
- არ შემიძლია არ აღვნიშნო "სოხუმის" თითოეული მოთამაშის მონდომება. დიდი ბრძოლა იყო, რაც დასაფასებელია. მინდა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს ყველას მადლობა ვუთხრა ასეთი თავდადებისთვის. ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები და ბოლოს გამოცდილების ხარჯზე გავიმარჯვეთ.

მთავარი ბრძოლა წინაა და შევეცდებით, წარმატებულად ვიასპარეზოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა.

ირაკლი ჩლაიძე ("სოხუმი"):
- მინდა, "შსს აკადემია" ჩემპიონი გახდეს, რადგან შემდეგ ვთქვათ, რომ "სოხუმი" ჩემპიონთან დამარცხდა. მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ.

"სოხუმს" გასულ წელს ბევრი პრობლემა ჰქონდა, ამ სეზონშიც იყო ხარვეზები და ამის მიუხედავად, პლეი ოფში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. შეიძლება დღევანდელი მარცხი ფორტუნასაც დავაბრალოთ, რაღაც მონაკვეთებში ვიგებდით და 1-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა კალათბურთში ასე ხდება, ხან შენ ჩააგდებ, ხან - შენი მოწინააღმდეგე.

* * *
ნახევარფინალური სერია 13 მაისს დაიწყება. თბილისის სპორტის სასახლეში 14 საათზე "შსს აკადემია" "ბათუმს" მიიღებს, ხოლო 16 საათზე "დინამო" - "რუსთავს".

სუპერლიგა 2014-15. 1/4-ფინალი
11 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-სოხუმი 74:71
20:15, 11:20, 21:23, 22:13
შსს აკადემია: ბერიშვილი (8ქ), მეტრეველი (2ქ), როგავა (8ქ, 5მ), ცინცაძე (23ქ, 6მ, 3ჩ), შარაბიძე (17ქ, 15მ), წივწივაძე (6ქ, 3პ), ლომოური (10ქ, 5მ).
სოხუმი: ჩიტაშვილი, ჩლაიძე (10ქ, 6პ), შვანგირაძე (5ქ), ბააკაშვილი (7ქ, 3პ), გ. რევაზაშვილი, ჯგერენაია (15ქ, 8მ, 2დ), პელე (19ქ, 13მ, 4პ), ბექაური (15ქ, 14მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული