ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის, დიმიტრი ჭელიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალში “ქუთაისი 2010” დაამარცხა. კოტე ტუღუშის გუნდმა, რომელიც ბოლო წლებში თითქმის ყველა ტიტულის მოსაგებადაა შემართული შემადგენლობიდან გამომდინარე, ამის სამართლიანი ამბიციაც აქვს, უნივერსიტეტელებთან მატჩი უშანსოდ წააგო. საბოლოო ანგარიშია 95:73, თსუ-ს სასარგებლოდ.

თსუ-ს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა დღევანდელ მატჩში გუნდმა სოლიდური დახმარება მიიღო ახალწვეულისგან, გიორგი ცინცაძისგან, რომელმაც თსუ-ს შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად ითამაშა და ჩვეული ოსტატობით გუნდს
გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ცინცაძემ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და რეკორდსმენია (201 მატჩი), ტუნისურ “მონასტირთან” კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. თსუ-ში ის წინა სეზონში ირიცხებოდა, მაგრამ სწორედ დუდუ დადიანის მემორიალზე მიღებული ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. მას თსუ-სთან კონტრაქტი არ გააჩნია, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალზე, როგორც საერთაშორისო საზომით არაოფიციალურ ტურნირზე, თამაში შეუძლია. დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი თსუ-ში, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ცინცაძემ არასრული 26 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თუ ის გუნდში დარჩა, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სუპერლიგას ცინცაძის სახით დიდი კლასისა და გამოცდილების კალათბურთელი შეემატება. შედეგიანად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა ებრიან ედვარდსმა, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა. ქუთაისელთაგან საუკეთესოდ ითამაშა ლუკა მაზიაშვილმა 22 ქულა, 8 პასი. ჯარვის რეის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა.

თსუ საფინალო მეტოქეს ელის, რომელიც "კავკასიისა" და "რუსთავის" დაპირისპირებაში, დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის უნდა გამოვლინდეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედი ვიქონიოთ,რომ სანაკრებოდ რაღაც დონეზე მაინც,ფორმას აკრეფს.ისედაც განახევრებულ შემადგენლობიან საქართველოს ნაკრებს,სხვანაირად,არანაირი შანსი არ ექნება.
სოსო
19:35 18-10-2022
1

სიახლეები პოპულარული