სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" ფინალშია, "ქუთაისი" თუ "სოხუმი"?

AutoSharing Option
11 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩები და გამოვლინდა პირველი ფინალისტი. ესაა "დინამო", რომელმაც 3:1 სძლია "ბათუმს".

"სოხუმისა" და "ქუთაისის" დაპირისპირებაში კი ანგარიში გათანაბრდა და გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში 14 მაისს გაიმართება.

სუპერლიგა 2015-16. 1/2-ფინალი. IV მატჩი
11 მაისი, თბილისი
სოხუმი-ქუთაისი 82:77
22:19, 29:17, 15:21, 16:20
სოხუმი: მილერი (13ქ, 4პ, 5ჩ), სმიტი (24ქ, 6მ, 5პ), ბაქრაძე (2ქ), ალხანაიძე (3ქ), ჯგერენაია (8ქ, 9მ, 2დ, 4პ), ათუაშვილი (18ქ, 7მ, 2პ), ფაცაცია (7ქ, 8მ, 3პ), დ. დვალიშვილი (7ქ).
ქუთაისი: ბოისა
(5ქ), ფაშაევი (9ქ), ქადარია (7ქ, 8), ცეკვავა (22ქ, 3ჩ), ბრიტონი, დ. ბარბაქაძე (9ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (7ქ, 3პ), მათიაშვილი (7ქ), ბექაური (9ქ, 12მ), მიკულიჩი (2ქ, 5მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, მ. კუპატაძე.
სერია - 2:2

გადამწყვეტი. როგორც წესი, თანაბარ მატჩებში გადამწყვეტი ბოლო წამებია, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა რამ იყო გადამწყვეტი - "სოხუმმა" მესამე მატჩის წაგების შემდეგ საოცარი მობილიზება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ურთულესი ბრძოლა ჰქონდა გადატანილი, ძალის აღდგენა მოასწრო და გაორმაგებული ენერგიით ჩაატარა გუშინდელი შეხვედრა.

ბოლო პერიოდში დიდი ამბები დატრიალდა. ანდრე სმიტის სამქულიანისა და სერგო ათუაშვილის ორიანების შემდეგ "სოხუმი" თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 13 ქულით დაწინაურდა და თითქოს ყველაფერიც გაირკვა, მაგრამ დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო ათუაშვილი გავარდა, ქუთაისელებმა კი ზეწოლა განაგრძეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

10:0 გაქცევაში 6 ქულა გოგა ცეკვავამ მიითვალა, 2 ბოისამ და 2 ბექა ბექაურმა, რის შემდეგაც, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "ქუთაისი" 72:75 მიუახლოვდა "სოხუმს", თუმცა ეს იყო და ეს, სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

სტატისტიკა არ ტყუის. თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში თანაბარი სტატისტიკა დაფიქსირდა. როგორც უკვე ვთქვით, შედეგზე დიდი გავლენა იქონია სოხუმელთა განსაკუთრებულმა განწყობამ.

გმირი. წინა მატჩში ანდრე სმიტს ქულა არ ჰქონია, გუშინ კი 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულამდე ავიდა. მასთან ერთად მატჩის გმირად უნდა დავასახელოთ "სოხუმის" ცენტრი სერგო ათუაშვილი - 18 ქულა, 7 მოხსნა.

კომენტარი.
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "თითქმის ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ მე-5 თამაში გველოდა. კოტე ტუღუში შარშან "შსს-აკადემიას" წვრთნიდა, მაშინაც 5 მატჩი ვითამაშეთ და წელსაც იგივე გველის. ქუთაისში თამაში ჩვენთვის სასიამოვნოა, რადგან იქ მუდამ ლამაზი სანახაობაა".

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): "სოხუმი მებრძოლი გუნდია. გუშინ ვთქვი, რამდენადაც ახლოს ვართ ფინალთან, იმდენადვე - შორს. ჩემი სიტყვები გამართლდა. გადამწყვეტი იქნება მე-5 თამაში და კარგია, რომ საკუთარ კედლებში გვიწევს ეს ბრძოლა. მოვემზადებით და აუცილებლად უნდა გავიდეთ ფინალში".

Sportall.Ge

სუპერლიგა 2015-16. 1/2-ფინალი. IV მატჩი
11 მაისი, თბილისი
დინამო-ბათუმი 78:75
18:16, 20:18, 21:17, 19:24
დინამო: შარაბიძე (10ქ, 6მ 5პ), ნ. ბაქრაძე (2ქ), მაილსი (4ქ), მაჩალაძე (3ქ), შვანგირაძე (11ქ), ბერიშვილი (12ქ), გოგოძე (11ქ, 6პ), მაკალპი (12ქ, 5მ, 4პ), კოვაჩევიჩი (13ქ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (12ქ, 5მ, 6პ), მიქელაძე (5ქ, 5პ), სტეფანიშინი (24ქ, 6მ), რევაზაშვილი (2ქ), თენიეშვილი (7მ), რამიშვილი (3ქ), კრივცოვი (19ქ, 8მ), დვალიშვილი (10ქ, 7მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
სერია - 3:1

გადამწყვეტი. ბრძოლა თანაბრად დაიწყო და დინამოელებმა პირველი პერიოდი მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, რასაც დიდ შესვენებამდე კიდევ 2 ქულა მიამატეს და მესამე პერიოდის წინ ანგარიში 38:34 იყო.

ირაკლი მიქელაძისა და ლეონიდ სტეფანიშინის შედეგიანობით ბათუმელებმა გაქცევა მოაწყვეს და 43:42 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმართა ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გუნდური თამაშის წყალობით მასპინძლებმა ლიდერობა დაიბრუნეს და მესამე პერიოდის დასასრულისთვის 59:51 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში დინამოელთა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე გადაწყდა. მართალია, ბოლო წუთებზე ბათუმელებმა მოახერხეს ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება, თუმცა "დინამომ" გადამწყვეტ მომენტში შეცდომები არ დაუშვა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

სტატისტიკა არ ტყუის. "დინამომ" მეტისმეტად აკურატულად სტყორცნა: თამაშიდან სროლების 53 პროცენტი გამოიყენა. "ბათუმმა" - 39 პროცენტი.

გმირი. "დინამოს" მხრიდან ერთი კალათბურთელის გამორჩევა მართებული არ იქნება. საბოლოოდ 78 ქულა დააგროვა, ხოლო მისი გუნდის 5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს უწია. ეს გუნდური თამაშისა და კარგი როტაციის მანიშნებელია.

კომენტარი.
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "ოთხივე თამაში დაძაბული იყო. სამწუხაროდ, სერია წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ინარჩუნებდნენ მოგების შანსს. გვქონდა მცირე ტრავმები, სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ ვთვლი, რომ რაც შეეძლოთ, ის ბოლომდე გააკეთეს".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ურთულესი თამაშები გვქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი მატჩი წავაგეთ და შემდეგი 3 თამაშის ზედიზედ მოგება, ისეთ გუნდთან, როგორიც "ბათუმია", ნამდვილად ძალიან რთულია. ხვალიდანვე უნდა მოვემზადოთ ფინალებისთვის - დაველოდებით მეტოქეს. დიდი მადლობა მინდა მოთამაშეებს გადავუხადო, თუმცა მთავარი საქმე ჯერ კიდევ წინაა. წარმატებები "ბათუმს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კუტაისი მოუგებს სოხუმს.
ანატოლი
12 მაისი 2016 11:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული