სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით

AutoSharing Option
სუპერლიგა 2016-17. I ტური
15 ოქტომბერი, თბილისი ახალი სპორტის სასახლე
მგზავრები-ბათუმი 91:97 დ.დ.
20:20, 17:23, 23:19, 22:20, 9:15
მგზავრები: ფხაკაძე (19ქ, 7პ, 4ჩ), საური, გაგუა, კალები (27ქ, 15მ, 3პ, 4ჩ), ცირეკიძე (2ქ), წივწივაძე (15ქ, 5პ), ლომინაშვილი (8ქ, 6მ), ქავთარაძე (5ქ), მერფი, ფოსტერი (15ქ, 9მ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (24ქ, 13მ), ლეჟავა (26ქ, 7პ, 3ჩ), ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი (6ქ), ელიაძე (2ქ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე, შემოსიუკი (18ქ, 6მ), ფელჩერი (18ქ, 12მ, 3პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. "ოვერტაიმის სუნი ასდისო", - თქვა
მატჩის შუაში გამოცდილმა ჟურნალისტმა. მას ალღო იშვიათად ღალატობს - თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარმართული მატჩი მართლაც ფრედ დასრულდა, 82:82.

დამატებითი დროის დასაწყისში საქართველოს ნაკრების წევრმა კახა ჯინჭარაძემ ერთმანეთს ორი ორქულიანი მიაყოლა, მას ილია შემოსიუკი სამქულიანით წაეხმარა, და ისევ ჯინჭარაძის ზუსტი ტყორცნის შემდეგ "ბათუმი" 93:86 დაწინაურდა. ოვერტაიმის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

კიდევ იყო ერთი ფაქტორი, რამაც შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა: "მგზავრების" დანაკლისი. შეხვედრის 51-ე წამზე ტრავმის გამო გუნდს სასტარტო ცენტრი რეჯინალდ მერფი გამოაკლდა. ამას მოჰყვა ხუთი ფოლის გამო ავთანდილ ლომინაშვილისა და დევინ ფოსტერის თამაშიდან ნაადრევად გამოთიშვა...

სტატისტიკა არ ტყუის. სწორედ მერფის არყოფნის გამო "მგზავრების" მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა აქცენტი ტანდაბლებზე, სწრაფ თამაშზე გააკეთა და იყო ეპიზოდები, როცა მოედანზე ერთბაშად ოთხი უკანახაზელი ვიხილეთ. სამწამიან ზონაში კი, დიდი უპირატესობა "ბათუმმა" მოიპოვა: ფარქვეშიდან 50 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში კი მხოლოდ 30 მიიღო.

გამორჩეული. ამერიკიდან დაბრუნებულმა ოთარ ფხაკაძემ 19 ქულა ჩააგდო, თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა, მატჩის გმირიც გახდებოდა, ძირითადი დროის ბოლოს ფარქვეშ შესვლა ზუსტი ტყორცნით რომ დაესრულებინა. მისმა თანაგუნდელმა კალებმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულამდე ავიდა. ამ ტანდაბალი, ჯმუხი "მგზავრის" ანგარიშზე 13 მოხსნაც დაფიქსირდა.

ბათუმელთა შორის ბომბარდირი ბესიკ ლეჟავა გახდა - 26.

თუმცა მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ფორვარდი კახა ჯინჭარაძე უნდა დავასახელოთ, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 13 მოხსნა გაიფორმა. სხვათა შორის, გასულ სეზონში იგი სწორედ "მგზავრების" ღირსებას იცავდა.

15 ოქტომბერი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
სოხუმი-რუსთავი 67:78
20:24, 19:21, 16:12, 12:21
სოხუმი: კვეტენაძე, ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (9ქ, 5მ), ბოქოლიშვილი (7ქ, 8მ, 5პ), ზაქრაძე (3პ), ჯგერენაია (9ქ, 10მ), დ. ბარბაქაძე (24ქ, 6მ, 3პ), ლათანი (9ქ, 5მ), რიხლიური (6ქ, 6მ), ბულიავა (3ქ).
რუსთავი: ქიტოშვილი, ლი (13ქ, 9მ, 6პ), ჩაჩანიძე (15ქ), ათუაშვილი (13ქ, 8მ), კასპერბაუერი (6ქ), გოგობერიშვილი (13ქ, 8მ, 3პ), გუგავა (2ქ), სპანოლო (16ქ, 11მ, 6პ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი

გადამწყვეტი. "ქუთაისიდან" "სოხუმში" დაბრუნებულმა დავით ბარბაქაძემ სუპერლიგის პირველივე ტურში თავი გამოიდო - 8 სამქულიანი ჩაადო, რისთვისაც მხოლოდ 11 ცდა დასჭირდა!

თუმცა სოხუმელებმა სწორედ პერიმეტრიდან წააგეს: საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში რუსთაველები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ სამქულიანებს ვერ აგდებდნენ. 8 შორეული ტყორცნა ჰქონდა აცილებული რევაზ ჩაჩანიძეს, რომელმაც სწორედ მეოთხე რაუნდში გაისწორა სამიზნე, პერიოდი ზუსტი სამიანით გახსნა (60:55), ხოლო მესამე სამქულიანის შემდეგ "რუსთავი" 70:64 დააწინაურა.

ეს საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოხდა და მას მერე სტუმრებს სოხუმელთათვის დაწევის უფლება აღარ მიუციათ.

სტატისტიკა არ ტყუის. გუნდებს ბევრი შეცდომა არ დაუშვიათ "სოხუმმა" 13, "რუსთავმა" - 12. მეტოქის შეცდომის ხარჯზე კი ძირითადად რუსთაველები ხეირობდნენ. მათ ასეთი 18 ქულა მიითვალეს, ხოლო სოხუმელებმა - 8.

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდები ყოველთვის სწრაფი, შედეგიანი თამაშით გამოირჩევიან, ამჯერად "სოხუმს" ეს არ გამოუვიდა - სწრაფი გარღვევით მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონის დასაწყისია, კლუბებში სათამაშო სტილი ახლა ფორმირდება...

გამორჩეული. წინა მატჩისგან განსხვავებით ორმაგი დუბლები ბევრი არ ყოფილა - მხოლოდ რუსთაველმა სპანოლომ შეასრულა, რომელიც სამმაგსაც წაეთამაშა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი. მასთან ერთად ასევე რუსთაველ ნაკრებელ გოგობერიშვილს გამოვარჩევთ, რომელმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სწორედ მოედანზე ყოფნისას დაწინაურდა "რუსთავი" 18 ქულით.

ბარბაქაძის სნაიპერობაზე უკვე მოგახსენეთ...

დღეს, 17 ოქტომბერს, პირველი ტურის ერთი მატჩია: 16:00 "კაკტუსი"-"ქუთაისი", ხვალ - 18:00 "დინამო"-"ოლიმპი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგობერიშვილი ნაკრებელი კი არაა ეროვნულელია :)))) რა ენაზე მეტყველებთ? დაწერეთ ეროვნული ნაკრების წევრი. ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა და იმედია უფრო მეტად მოუმატებს
pizo
16:07 18-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული