სუპერლიგა 2016/17. I ტური: "კაკტუსმა" ეკლები პირველივე ტურში გამოაჩინა

AutoSharing Option
სუპერლიგის პირველივე ტურში "აუტსაიდერისა" და "ფავორიტის" დუელი ვიხილეთ. 90-იანი წლების შემდეგ "კაკტუსმა" პირველად ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. შეჯიბრების ახალწვეული დებიუტშივე ჩემპიონ "ქუთაისს" შეხვდა და მატჩი ისეთი შედეგით დასრულდა, სიტყვების, "აუტსაიდერისა" და "ფავორიტის", ბრჭყალებში ჩასმა დაგვჭირდა.

გადამწყვეტი. მეოთხე პერიოდის დასაწყისში "კაკტუსი" 8 ქულის სხვაობით იგებდა. სამწუთიან მონაკვეთში კი ლომიძემ, ჩიკვილაძემ და ბააკაშვილმა სამქულიანი დისტანციიდან ზუსტად სტყორცნეს, ამას ჩიკვილაძის ორქულიანი დაემატა და თბილისელები 15 ქულით დაწინაურდნენ - 73:58. სწორედ ამ ეპიზოდმა მოახდინა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა, თორემ, დარჩენილ 7 წუთში გიორგი
ცინცაძის წინამძღოლობით ქუთათურებმა თამაში გამოასწორეს, სხვაობა ორამდეც შეამცირეს, თუმცა გამარჯვებამდე ვერ მიაღწიეს.

სტატისტიკა არ ტყუის. მატჩის სტატისტიკაში საკალათბურთო კომპონენტებს უმეტესობაში გუნდებს შორის დიდი სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა. მხოლოდ ორი იყო, რაშიც განსხვავება საგრძნობი იყო: "ქუთაისმა" მასპინძლებზე 12-ით მეტი ქულა (42) ჩააგდეს ფარქვეშიდან. თუმცა "კაკტუსს" გაცილებით დიდი და ფასეული უპირატესობა ჰქონდათ პერიმეტრიდან ტყორცნებში - 11 სამქულიანი გამოიყენეს, მაშინ, როცა საკუთარ კალათში 3 სამიანი მიიღეს.

გამორჩეული. კაკტუსელებს შესანიშნავი ლეგიონერი ჰყავთ ჯონ ფლოვიესის სახით. 211 სანტიმეტრი სიმაღლის აფროამერიკელი თითქმის შეუჩერებელი იყო. ის სამწამიან ზონაშიც სასარგებლო იყო, საშუალო ტყორცნებიც ჩააგდო და ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოხსნაშიც გამოირჩა. ფლოვიესმა 37 წუთი ითამაშა და საბოლოოდ 20 ქულა, 14 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარება მიითვალა.

სწორედ 20 ქულა ჰქონდა ირაკლი ჩლაიძეს, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

"ქუთაისში" გიორგი ცინცაძე გამოირჩეოდა, მაგრამ მხოლოდ მისი შედეგიანობა იმერული კლუბისთვის სახეირო არ აღმოჩნდა. ცინცაძემ შეხვედრა 26 ქულით, 8 მოხსნით, 8 პასით და 4 ჩაჭრით დაასრულა. ცინცაძეს ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ რთული სიტუაციიდან მისი ნასროლი ბურთი მიზანს ასცდა.

სუპერლიგის პირველი ტური დღეს, 18 ოქტომბერს, "დინამოსა" და "ოლიმპის" მატჩით დასრულდება, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში 18 საათზე გაიმართება.

ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- შედეგის მიუხედავად, ვთვლი, რომ "ქუთაისი" "დინამოსთან" ერთად ჩემპიონობის მთავარი პრედენდენტია. ლეგიონერების კმაყოფილი ვარ. მათ დღეს დიდი სამუშაო გასწიეს მთელ გუნდთან ერთად. სამწუხაროდ, შეხვედრის დასაწყისში უცხოელი გამთამაშებელი (უაითი) დაგვიშავდა, თუმცა ის კარგად შეცვალა ვატო ბააკაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. ვულოცავ "კაკტუსის" წევრებს და ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. წინ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის.

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
- სამწუხაროდ, "ქუთაისმა" სუპერლიგა წაგებით დაიწყო, მაგრამ მთავარია ბიჭები ერთად ვიყოთ, ჯერ ყველაფერი წინაა, სეზონი მხოლოდ ახლა იწყება.

სუპერლიგა. I ტური
17 ოქტომბერი, თბილისი
კაკტუსი-ქუთაისი 79:76
17:18, 26:15, 19:21, 17:22
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
კაკტუსი: უაითი, ჩიკვილაძე (10ქ, 3პ), ჩლაიძე (20ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (11ქ, 11მ, 4პ, 2დ), ბააკაშვილი (11ქ, 6მ), ლომიძე (7ქ, 6მ, 3პ), ფლოვიესი (20ქ, 14მ, 2დ).
ქუთაისი: ბოისა (2ქ, 2დ), ცეკვავა (6ქ, 5მ), ფაშაევი (14ქ, 3ჩ), ბაბუნაშვილი (2ქ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (26ქ, 8მ, 8პ, 4ჩ), გ. ბარბაქაძე, ლომოური, ბიელიჩი (14ქ, 5მ), ბექაური (10ქ, 9მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული