სუპერლიგა 2016-17. I ტური: "დინამოს" ვერ აჩერებენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სეზონი "დუდუ დადიანის" მოგებით დაიწყო, ამ შაბათს სუპერთასიც მოიგო, ხოლო გუშინ სუპერლიგის გათამაშება "ოლიმპის" ძლევით გახსნა.

რამდენადაც საწერადაა იოლი, იმდენად რთულია წლევანდელ სეზონში გამარჯვება, რადგან ყველა გუნდმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი, კარგი ლეგიონერებიც ჩამოიყვანა და ქართული კონტინგენტიც შესაფერისი შეკრიბა. შესაბამისად, ფავორიტსა და აუტსაიდერს შორის ზღვარი წაიშალა, რისი დასტურიც გუშინწინდელი შეხვედრა იყო, რომელშიც ახალბედა "კაკტუსმა" ჩემპიონი "ქუთაისი" დაამარცხა.

გადამწყვეტი. მესამე პერიოდში "დინამოელთა" დაცვის სიმწყობრეს "ოლიმპის" შეტევითი მოშლა დაერთო და ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა 17:3 გაქცევა მოაწყვეს. თუ სპურტამდე მეტოქეს 31:35 ჩამორჩებოდნენ,
მის შემდეგ უკვე 48:38-ს იგებდნენ. ამ გაქცევისას ქულები ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მიითვალა, რაც ხაზს უსვამს "დინამოს" გუნდურობას.

სტატისტიკა არ ტყუის. დიღმელთა 23 პასიც გუნდურობის მანიშნებელია, თუმცა "ოლიმპის" კალათბურთელებს საჯარიმო ტყორცნები თუნდაც დინამოელთა მსგავსი სიზუსტით (71%) რომ ესროლათ, გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდათ. "ოლიმპმა" 15 საჯარიმოდან მხოლოდ 7 ჩააგდო (47%), მატჩი კი 11 ქულით წააგო.

გამორჩეული. "ოლიმპის" ახალწვეულებმა პიტჩფორდმა (16 ქულა) და ბარნეტმა (15) თავი კარგად წარმოაჩინეს, მათმა ბათუმელმა გამთამაშებელმა მიქელაძემ 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ბევრი იშრომა როგავამ.

ვინ იყო მატჩის საუკეთესო? პასუხის გაცემა რთულია - დინამოელ ვონს 12 პასი ჰქონდა, ბერიშვილს - 15 ქულა, გოგოძეს - 13, ლონდარიძეს 12 ქულა და 8 მოხსნა, მარავიჩს 13 ქულა და 7 მოხსნა...

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
- მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, თუმცა სუპერლიგაში პირველი შეხვედრა იყო და ბიჭები ცოტა თავდაჯერებულები იყვნენ. ამის გამო მეორე მეოთხედში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გამარჯვების საკითხი, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. გვყავს რამდენიმე ახალწვეული. ასე რომ, გვჭირდება შეთამაშება და ვეცდებით, შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც ბათუმში გველის, უკეთ მომზადებული ვიყოთ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად.

დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი):
- ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესშია. "დინამო" ძლიერი მეტოქეა, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი. ვეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები. მეორე პერიოდში კარგად ვითამაშეთ, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა ჩავარდნა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.

სუპერლიგა 2016-17. I ტური
18 ოქტომბერი, თბილისი
დინამო-ოლიმპი 68:57
14:11, 15:22, 21:7, 18:17
დინამო: ვონი (5ქ, 12პ), გრძელიძე (4ქ), ლონდარიძე (12ქ, 8მ), მაჩალაძე, ფაცაცია (2ქ, 6მ), ჭოჭუა (2ქ), მარავიჩი (13ქ, 7მ, 3დ), ბერიშვილი (15ქ, 5პ), გოგოძე (13ქ, 5მ, 3ჩ), ოლივერი (3ქ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე, ბარნეტი (15ქ, 5მ, 3პ), როგავა (8ქ, 6მ, 5ჩ), გიორგი ბაქრაძე, მიქელაძე (6ქ, 7მ, 9პ), კახა ტომარაძე (7ქ, 7მ), მასხულია (2ქ), გუგეშაშვილი (3ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული