დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ

AutoSharing Option
25 ოქტომბერს თბილისის "დინამო" ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე რუმინული "კლუჟი" იქნება. შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა #15) შედგება. დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

Sportall.ge შეეცდება ვიდეოლაივი შემოგთავაზოთ.

ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში ორი გადის, ამიტომ ყოველ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს, მით უმეტეს, "დინამოსთვის", რომელმაც პირველი მატჩი ბულგარეთში დათმო. სოფიის "აკადემიკმა" ჩვენს გუნდს სამქულიანი სხვაობით, 73:70 აჯობა.

დინამოელებს მეორე მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი ჰყავთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის უფლებას ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გვაძლევს - "კლუჟმა" ხომ
რუმინეთში "ისტანბული" 90:69 დაამარცხა.

ტრანსილვანიელების პირველი გამარჯვება უმთავრესად სამი კალათბურთელის დამსახურებაა: საკიჩმა 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ბარომ - 19 ქულა და 8 მოხსნა, ხოლო კრომაჰმა - 20 ქულა.

  • დინამო
საქართველოს ჩემპიონები "კლუჟთან" მატჩს ტრავმებით ხვდებიან. გუშინ, საღამოს ვერ ივარჯიშა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ, რომელსაც "რუსთავთან" მატჩში კოჭი გადაუბრუნდა. იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ყინულდადებული გავიდა გასახდელში.

მთავარი მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას მისამართით გაისმა შეკითხვა - რამდენად გამართლებული იყო ევროთასის შეხვედრამდე ორი დღით ადრე საქართველოს ჩემპიონატის მატჩის გამართვა. მწვრთნელმა ანდაზით გვიპასუხა:

- მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? უნდა მივეჩვიოთ: გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე თამაშობს, კვირაში ორ მატჩს ატარებს. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ სეზონის დასაწყისია და "დინამოს" სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება. ვფიქრობ, ამ მხრივ, კვირას "რუსთავთან" მატჩი სასარგებლო იყო. ტრავმებისგან დაზღვეულები კი არც ვარჯიშებისას ვართ. დღევანდელი მოცემულობით ნიკოლა გაჩეშა "კლუჟთან" ვერ ითამაშებს, თუმცა ექიმები თამაშის წინ კიდევ შეამოწმებენ...

"დინამოს" ბულგარულ "აკადემიკთან" მატჩში ვერ დაეხმარა საქართველოს ნაკრების ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი. მას მუხლი აწუხებდა. სოფიიდან დაბრუნების შემდეგ მიშამ პირველი ვარჯიში გუშინ გამართა. ევროპის თასის მატჩში მისი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა თავად კალათბურთელი იმედოვნებს, რომ თამაშს შეძლებს:

- ვითამაშებ თუ არა, მატჩის წინ ექიმები გადაწყვეტენ. თუ მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, რითაც შემეძლება, გუნდს ბოლომდე დავეხმარები. მეტოქე ჯგუფის ფავორიტია და მასთან წარმატებით სათამაშოდ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. რთული იქნება, თუმცა ვეცდებით, "კლუჟს" არაფერი დავუთმოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

"კლუჟი" კარგად აქვს შესწავლილი "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას. მისი თქმით, რუმინული გუნდი არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთლიანად ფიბას თასის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა "დინამო" უშანსოდ მაინც არ არის.

- პირველი ტურის მატჩში "აკადემიკთან" რთული ბრძოლა იყო, მაგრამ არ ავღელდით, დაველოდეთ ჩვენს შანსს და ბოლო წუთებზე გვქონდა გამარჯვების შესაძლებლობა. "კლუჟი" ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მოგება გარანტირებული აქვს. ჩვენს შანსს ამჯერადაც დაველოდებით და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, მისი მთავარი პლუსი პერიმეტრის მოთამაშეებია, მშვენივრად სტყორცნიან სამქულიანებს, თუმცა ფარქვეშაც ჰყავთ მაღალი დონის კალათბურთელები. 9-10 კაცი რეგულარულად თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობა სასტარტოებიან-სათადარიგოებიანად კარგადაა დაბალანსებული. როგორც აღვნიშნე, "დინამო" მოედანზე საბრძოლველად და მოსაგებად გავა.

  • კლუჟი
"კლუჟის" კალათბურთელები თბილისში ორშაბათს ჩამოფრინდნენ და მთავარმა მწვრთნელმა მიჰაი სილვასანმა იმავე საღამოს ოლიმპიურ სასახლეში ავარჯიშა. იგი თბილისში შვიდი წლის წინათაა ნამყოფი, რუმინეთის ნაკრებს კალათბურთელის სტატუსით ჩამოჰყვა. მას მერე კი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და ახლახან რუმინეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც დაინიშნა.

- მოხარული ვარ, რომ ნაკრებში დავბრუნდი. ეროვნულში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ბევრი შევიძინე. ამიერიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ვიმუშავებ, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნოემბრიდან ჩავებმებით და ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი.

ბატონი მიჰაი "კლუჟის" თბილისურ პერსპექტივაზეც ოპტიმიზმით მსჯელობს. ამის უფლებას მას პირველი ტურის მატჩი აძლევს, "ისტანბულის" 21-ქულიანი სხვაობით ძლევა ხომ უბრალო საქმე არ არის.

- თბილისში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოვედით - მოგების გარდა არაფერზე ვფიქრობ. საამისოდ გუნდი მზადაა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენზე დადებითად იმოქმედა "ისტანბულის" დამარცხებამ. თუმცა თბილისში სულ სხვა თამაში გველის და საამისოდ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ამოცანა არა რომელიმე კონკრეტული მატჩის მოგება, არამედ ჯგუფიდან გასვლაა, რისთვისაც აუცილებელია, ფავორიტი "ისტანბულის" გარდა, სხვა მეტოქეების დამარცხებაც, ყოველ მატჩზე მობილიზებით გამოსვლა. პლეი-ოფისკენ მეორე ნაბიჯი "დინამოსთან" თამაშია. ქართულ გუნდს კარგად ვიცნობთ, გაშიფრული გვაქვს მისი თამაში ბულგარეთის "აკადემიკთან". ვიცით, რომ საქართველოს ჩემპიონია, კარგი შემადგენლობა ჰყავს და სერიოზული ბრძოლა გველის. რაც მთავარია, ყველა ჩვენი კალათბურთელი ჯანმრთელადაა და ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ თბილისშიც არ შეგვექმნება პრობლემა.

ჩვენთან საუბარში მიჰაი სილვასანმა გაიხსენა, რომ საქართველოში 2010 წელს რუმინეთის ნაკრებთან ერთად ამხანაგურ ტურნირზე იმყოფებოდა. 2012 წელიც გავახსენეთ, როდესაც ევრობასკეტის შესარჩევზე რუმინელები ქართველებს ოფიციალურად დაუპირისპირდნენ.

- ეგეც გამახსენდა. მაშინ კაპიტანი ვიყავი. წარუმატებელი შესარჩევი გამოვიდა და მას მერე სანაკრებო კარიერა დავასრულე.

"კლუჟის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდის პლუსებიც ჩამოგვითვალა:

- ღრმა სათადარიგოთა სკამი გვაქვს, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კოზირია. ასევე, გვყავს სწრაფი კალათბურთელები და მაღალ ტემპში თამაშზეც ვაკეთებთ აქცენტს. კიდევ გვაქვს სხვადასხვა დადებითი თვისება, რასაც უშუალოდ თამაშისას იხილავთ.

კლუჟი (რუმინეთი)
ვარსკვლავი: ალექსანდრ რასიჩი
პერსპექტივა: ნანდორ კუტი
მიმდინარე სეზონში ევროპაზე: ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ "ლუდვიგსბურგთან" ორი მატჩის ჯამში 17 ქულის სხვაობით წააგო.
ევროსარბიელზე 2016-17 სეზონში: ფიბა-ევროპის თასზე მეორე ეტაპზე ითამაშა. 7 მოგება, 5 მარცხი.
რუმინეთის ჩემპიონატში 2016-17 სეზონში: ნაციონალური ლიგის ჩემპიონი. "სტიაუა" ფინალში 3:0 დაამარცხა. მოიპოვა რუმინეთის თასი.

დინამო
მოთამაშე სმ პოზიცია ქვეყანა
1. გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი საქართველო
3. იოვან ცერნიჩი 194 უკანახაზელი სერბეთი
4. ლაველ ბოიდი 184 უკანახაზელი აშშ
6. ლევან გრძელიძე 186 უკანახაზელი საქართველო
9. ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი საქართველო
10. ზურა მაჩალაძე 198 ფორვარდი საქართველო
11. ჰარისონ ტურპინი 213 ცენტრი აშშ
12. ლევან ფაცაცია 198 უკანახაზელი საქართველო
15. გიორგი რევაზაშვილი 208 ცენტრი საქართველო
16. ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი სერბეთი
17. მიხეილ ბერიშვილი 203 ფორვარდი საქართველო
21. ნოდარ გოგოძე 192 უკანახაზელი საქართველო
მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

კლუჟი
მოთამაშე სმ პოზიცია ქვეყანა
14. როლანდ ტოროკი 203 ცენტრი უნგრ/რუმ.
22. ალექსანდრუ ოლაჰი 213 ცენტრი რუმინეთი
32. ნანდორ კუტი 197 უკანახაზელი რუმინეთი
6. ანდრეი მურეშანი 180 უკანახაზელი რუმინეთი
23. კამილ ბარკულესკი 192 უკანახაზელი რუმინეთი
21. ლასანა კრომაჰი 198 უკანახაზელი აშშ/ლიბერია
1. ჯასტინ გრეი 188 უკანახაზელი აშშ
4. გორდონ უოტსონი 178 უკანახაზელი აშშ
18. ალექსანდრ რასიჩი 195 უკანახაზელი სერბეთი
7. უსმანე ბარო 207 ფორვარდი სენეგალი
11. ანდრეი კალნიჩენკო 201 ფორვარდი მოლდოვა/უკრაინა
8. ვაიდას კარინიაუსკასი 197 უკანახაზელი ლიტვა
3. ჟელკო საკიჩი 204 ფორვარდი ხორვატია
41. ანდერს ტეირი 198 ფორვარდი რუმინეთი
35. დავიდ ვიდა 194 უკანახაზელი რუმინეთი
მწვრთნელი: მიჰაი სილვასანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული