კალათბურთის ფედერაციის განცხადებით დავიწყოთ: "საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-7 ტური რეგიონებში დაიწყო. "ქუთაისმა" "დინამოს" უმასპინძლა, ხოლო "ბათუმმა" - "ოლიმპს". მიზეზთა გამო, არც ერთი შეხვედრა ბოლომდე არ დასრულებულა.
ქუთაისში, ადგილობრივ გუნდსა და "დინამოს" მატჩის მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1:34 წუთით ადრე, ანგარიშზე 68:56 "დინამოს" სასარგებლოდ, თამაში შეწყდა მაყურებლების მხრიდან მოედანზე მკვრივი საგნების (სანთებელა და სითხით სავსე ბოთლები) სროლის გამო.
რაც შეეხება აჭარის დედაქალაქში გამართულ შეხვედრას, "ბათუმისა" და "ოლიმპის" მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, როცა მასპინძლები 81:78-ს
ორივე მატჩში მომხდარი ფაქტების შესახებ იმსჯელებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სადისციპლინო კომიტეტი."
ასეთი ამბები ნამდვილად არ მოქმედებს დადებითად ქართული კალათბურთის პრესტიჟზე, არადა, წლევანდელი სუპერლიგა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახავი რომ არის, ორი აზრი არ არსებობს. სწორედ დაძაბულობის ხარისხის მატებამ გამოიწვია თამაშების ჩაშლა. ეს ირიბი მიზეზია, პირდაპირ მიზეზებზე კალათბურთის ფედერაციაში იმსჯელებენ, ჩვენ კი მოვუსმინოთ გუნდების წარმომადგენლებს.
25 ნოემბერი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 81:78
(თამაში შეწყდა საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე)
14:21, 21:20, 18:19, 28:18
ბათუმი: ჯინჭარაძე (21ქ, 6მ, 5პ), ლეჟავა (4ქ, 6მ, 3პ), კრივცოვი (21ქ, 4პ), რამიშვილი, მაისურაძე (2ქ), შემოსიუკი (17ქ, 3ჩ), პელჩერი (16ქ, 17მ, 3ჩ, 3დ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (8ქ), ბარნეტი (14ქ, 8მ), ბოლქვაძე, როგავა (27ქ, 4პ), ბები ბაქრაძე (2ქ), მიქელაძე (13ქ, 6მ, 5პ), კახა ტომარაძე (2ქ), მასხულია (5ქ), გუგეშაშვილი, პიტჩფორდი (7ქ, 9მ).
- ახალგაზრდული გუნდი შევკრიბეთ, საშუალო ასაკი 21 წელია. გვინდა, კალათბურთელები ეროვნული ან "ბ" ნაკრებისთვის მოვამზადოთ. ბიჭები ძალიან ბევრს შრომობენ და გულდასაწყვეტია, რომ მსაჯების გადაწყვეტილებები შეხვედრის შედეგზეც გავლენას ახდენს და მოთამაშეების სწორად ჩამოყალიბებაზეც, - აღნიშნა "ოლიმპის" გენერალურმა მენეჯერმა ნუგზარ აბულაძემ, ხოლო მწვრთნელმა დავით როგავამ დასძინა:
- ბათუმურ შეხვედრაში საწყის სამ პერიოდში მსაჯობა ნორმალური იყო, თუმცა მატჩის ბოლოს მიდგომა შეიცვალა და არბიტრების გადაწყვეტილებების გამო სიტუაცია ძალიან რომ დაიძაბა, ჩვენმა მწვრთნელმა გუნდის მოედნიდან გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ მსაჯებსა და მეტოქეს პატივს არ ვცემთ, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტი გართულებები თავიდან აგვეცილებინა.
გამოუცდელი გუნდი ვართ, შეცდომებს ისედაც საკმარისად ვუშვებთ და ნამდვილად არ არის საჭირო, ამაში არბიტრებიც წაგვეხმარონ.
მოვუსმინოთ "ბათუმის" მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს:
- არ ვიცი, მეტოქე გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტულად რა ეპიოდზე აქვთ პრეტენზია. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 3 ქულის სხვაობით ვიგებდით, ჯარიმის ტყორცნის უფლება მოვიპოვეთ და ამ დროს მისცა მსაჯმა ტექნიკური შენიშვნა "ოლიმპის" კალათბურთელს. სწორედ ამას მოჰყვა პროტესტი და ჩვენი მოწინააღმდეგე მოედანზე აღარ გამოსულა. ოლიმპელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თამაშიდან გასვლა გაუმართლებელ ნაბიჯად მიმაჩნია. დაველოდოთ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, თუმცა ის მატჩი მოგებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, შედეგის გაუქმებაზე ლაპარაკიც არ იქნება.
25 ნოემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო 56:68
(თამაში შეწყდა მესამე პერიოდის დასრულებამდე 1:38 წუთით ადრე)
23:26, 20:19, 13:23...
ქუთაისი: ბოისა (5ქ), ცეკვავა (3ქ), ფაშაევი (3ქ, 3პ), ბაბუნაშვილი (2ქ), ქადარია (8ქ, 6მ), ცინცაძე (24ქ, 3პ), გ. ბარბაქაძე (2ქ), ლომოური (8ქ, 6მ), ბექაური (1ქ).
დინამო: ვონი (19ქ), გრძელიძე, ლონდარიძე (10ქ, 5მ), მაჩალაძე, ფაცაცია (7ქ, 6მ, 3პ), ჭოჭუა (8ქ, 4პ), მარავიჩი (12ქ, 8მ), ბერიშვილი (12ქ, 4პ), გოგოძე.
25 ნოემბერს ქუთაისში საკალათბურთო დარი ნამდვილად არ იდგა. ჯერ საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩი ("ქუთაისი"-"რუსთავი") ჩაიშალა ჩხუბისა და არეულობის გამო, შემდეგ კი სუპერლიგის მატჩი დაიწყო და არ დამთავრდა.
სწორედ "დამთავრებასთან" დაკავშირებით გამოთქვა საკუთარი მოსაზრება "დინამოს" პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა:
- თამაშს ვაკონტროლებდით და ჩვენი უპირატესობა ანგარიშზეც აისახა - მესამე პერიოდში 12 ქულით დავწინაურდით. ჩვენი მხრიდან არანაირი საბაბი არ მიგვიცია მსაჯებისთვის თამაშის შეწყვეტისა. ამიტომ გუნდის ინტერესებს ყველგან ბოლომდე დავიცავ. კალათბურთი ფეხბურთი არ არის, მატჩი შუიდან გაგრძელდეს. ან რატომ უნდა გაგრძელდეს, როდესაც "დინამო" არაფერ შუაშია?
ინციდენტები ევროპაშიც ხდება, "ოლიმპიაკოსისა" და "პანათინაიკოსის" დაპირისპირებები ომებია, გულშემატკივარიც ცდილობს ჩარევას, მაგრამ მასპინძელმა უნდა უზრუნველყოს თამაშის ექსცესების გარეშე ჩატარება. კალათბურთელები და მსაჯები ასეთ დროს იზოლირებულები უნდა იყვნენ გულშემატკივრებისგან. მსგავსი შემთხვევა ქუთაისში პირველი არ არის, შარშან მომხდარი ინციდენტისას გულშემატკივრები ჩემს კალათბურთელს ფიზიკურადაც შეეხნენ...
ქუთაისელთა დამრიგებელი კოტე ტუღუში:
- დასანანია, რაც მოხდა შაბათს ქუთაისში. ადგილობრივ გუნდსა და "დინამოს" შორის ყოველთვის საინტერესო, სანახაობრივი მატჩები იმართება. როცა ამ გუნდების თამაში ქუთაისში ტარდება, საკალათბურთო ზეიმია. ამჯერადაც ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მდევრის როლში ვიყავით, თამაშს მაინც დადებითად ვაფასებ.
ხოლო ინციდენტს რაც შეხება, თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ვიკისროთ, მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა, მსაჯებმა, გულშემატკივრებმა.
ქუთაისელების წინააღმდეგ კალათბურთელის რანგშიც მითამაშია და მწვრთნელის რანგშიც. ყოფილა უხეში შეძახილები და საგნებიც უსვრიათ, მაგრამ მსაჯებთანაც მექნება თხოვნა, მაქსიმალურად შევეცადოთ, პროვოკაციებს არ ავყვეთ.
26 ნოემბერი, თბილისი
კაკტუსი-რუსთავი 95:103
29:29, 25:21, 15:18, 19:20, 7:15
კაკტუსი: უაითი (27ქ, 5მ, 4პ), ჩიკვილაძე (28ქ, 12მ, 9პ, 3ჩ), ჩლაიძე (6ქ), ლოლიშვილი (10ქ), ტატუნაშვილი, ბააკაშვილი (3ქ), დ. ლომიძე (10ქ, 8მ, 3ჩ), ფლორვეუსი (11ქ, 10მ).
რუსთავი: ხმელიძე (7ქ), ქიტოშვილი, ლი (19ქ, 8მ, 6პ, 4ჩ), ჩაჩანიძე (11ქ), ათუაშვილი (10ქ, 5მ), კასპერბაუერი (13ქ, 7პ, 3ჩ), გოგობერიშვილი (14ქ, 5პ), გუგავა.
"კაკტუსისა" და "რუსთავის" დაპირისპირებაში იყო ბევრი ხარვეზი, მაგრამ ბოლო წუთების მოახლოებასთან ერთად სიტუაციაც დაიძაბა და რეგიონებისგან განსხვავებით, დაძაბულობა ჩხუბსა და დავიდარაბაში კი არ გადაიზარდა, არამედ - კალათბურთელებს კონცენტრირებაში დაეხმარა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი გამოვიდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთი გუნდი ბოლო წამებზე გამარჯვებაშია დარწმუნებული, მაგრამ...
გადამწყვეტი. საფინალო სირენამდე 55 წამით ადრე სპანოლომ "რუსთავი" 3 ქულით დააწინაურა (86:83). ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ კაკტუსელმა უაითმა ჯერ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო საფნალო სირენამდე 2 წამით ადრე რთული სამქულიანი გამოიყენა და - 88:86 "კაკტუსის" სასარგებლოდ. თბილისელები გულში, ალბათ, გამარჯვებასაც ზეიმობდნენ, როცა "რუსთავმა" ბურთი გვერდითი ხაზიდან შეიყვანა, ხოლო ლიმ 2 წამში ფარქვეშ შესვლაც მოასწრო და ჩაგდებაც. ეს საწერადაა მარტივი, თორემ მოედანზე საოცარი ემოცია იყო... 88:88 და ოვერტაიმი, რომელშიც უკვე რუსთაველებმა იყოჩაღეს და სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს.
სტატისტიკა არ ტყუის. "კაკტუსმა" 34-დან 23 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო "რუსთავმა" - 20-დან - 13. ვერ ვიტყვით, კატასტროფული, მაგრამ დაბალი მაჩვენებელი კი არის. არადა, რამდენს ნიშნავს თითოეული საჯარიმო ასეთ დაძაბულ მატჩში!
გამორჩეული. ორი კალათბურთელი საერთო მონაგარით უნდა გამოვარჩიოთ, ორიც - გადამწყვეტ მომენტში გამოჩენილი სიზუსტით. ჩიკვილაძეს სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა: 28 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი. რუსთაველმა სპანოლომ 29 ქულას 18 მოხსნა მიამატა. ხოლო ბოლო წუთების გმირები ლი და უაითი იყვნენ. პირველმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა, მეორემ - 27 ქულა და 4 პასი.
26 ნოემბერი, თბილისი
მგზავრები-სოხუმი 68:82
18:19, 13:23, 10:20, 27:20
მგზავრები: ფხაკაძე (4ქ), პიტერსი (16ქ, 3პ, 3ჩ), კალები, ცირეკიძე (7ქ, 5მ), წივწივაძე (14ქ, 4პ), ლომინაშვილი (13ქ, 10მ), ქავთარაძე, ტეილორი (5ქ, 9მ, 4პ), მერფი (9ქ, 9მ).
სოხუმი: მილერი (23ქ, 7მ, 7პ, 6ჩ), კვეტენაძე (10ქ, 7მ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (8ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (10ქ, 11მ, 4პ, 4ჩ), დ. ბარბაქაძე (2ქ), ლათანი (8ქ, 6მ, 4პ, 4ჩ), რიხლიუკი (2ქ, 6მ).
გადამწყვეტი. მეორე პერიოდის მეხუთე წუთამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ტაბლოზე "მგზავრების" სასარგებლოდ 28:27 ეწერა, თუმცა მომდევნო 3 წუთში "სოხუმი" 13:1 გაიქცა და 11-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, რომელიც მესამე პერიოდში კიდევ უფრო განამტკიცა.
სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმმა" მხოლოდ 10 საჯარიმო სტყორცნა და იქიდან 3 გამოიყენა, თუმცა ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა ორქულიანებში - 64-დან 29 ჩააგდო, მაშინ, როცა "მგზავრებმა" 34-დან 14 ორიანი გამოიყენეს. შეცდომები: 24 - "მგზავრები", 12 - "სოხუმი".
გამორჩეული. მილერმა ბევრი იშრომა: 23 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 6 ჩაჭრა. პლუს-მინუსებში კი 19-ქულიანი ბულიავა იყო ლიდერი. მისი მოედანზე ყოფნისას "სოხუმი" 21 ქულით დაწინაურდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"