სუპერლიგა 2016/17. IX ტური: "რუსთავის" ზედიზედ მეორე ოვერტაიმი, "დინამოს" მეცხრე მოგება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა. "დინამომ" ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს...

6 დეკემბერი, თბილისი
ოლიმპი-რუსთავი 68:74
15:17, 14:17, 18:7, 14:20, 7:13
ოლიმპი: გივი ბაქრაძე, ღუდუშაური, ბარნეთი (14ქ, 13მ), ბოლქვაძე (5ქ), როგავა (10ქ), გეგი ბაქრაძე (6ქ, 8მ, 5ჩ), მიქელაძე (19ქ, 3პ), კახა ტომარაძე (6ქ, 8მ), მასხულია (2ქ), პიჩფორდი (6ქ).
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლი (8ქ, 7მ, 5პ), ჩაჩანიძე (18ქ, 6მ, 3პ), ათუაშვილი (15ქ, 12მ), კასპერბაუერი (9ქ), გოგობერიშვილი (14ქ), სპანოლო (10ქ, 16მ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, მ.
ვართანოვი

- ზედიზედ მეორედ, ოვერტაიმი ვითამაშეთ. წინა შეხვედრაში, "კაკტუსთან" ბოლო წამებზე გავათანაბრეთ, ახლა კი გაგვითანაბრეს. კარგია, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, - განაცხადა ნამატჩევს რუსთაველთა დამრიგებელმა რამაზ გოგობერიშვილმა.

ბოლო პერიოდის წინ "ოლიმპი" 6 ქულით იგებდა და ახლა რუსთაველებს მოუხდათ დაცვაში ჩადგომა. ამას მოჰყვა ოლიმპელთა მიჯრით გაცუდებული შეტევები, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ძირითადად პერიმეტრიდან მითვლილი ქულებით დაწინაურება მოახერხეს - რეზო ჩაჩანიძის და გიგი გოგობერიშვილის სამქულიანებმა "რუსთავს" ლიდერობა მოუტანა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე "ოლიმპი" 58:61 ჩამორჩებოდა, თუმცა ირაკლი მიქელაძემ მოახერხა გამათანაბრებელი სამქულიანის ჩაგდება და თამაში ოვერტაიმში გადავიდა - 61:61. დამატებით დროში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სპანოლომ, გოგობერიშვილმა და ათუაშვილმა გადამწყვეტ მომენტში ჯარიმები ქულებად აქციეს და გამარჯვება რუსთაველებს დარჩათ.

- ვფიქრობ, ცუდი მწვრთნელი ვარ, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. წაგებას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ, - იმედგაცრუებული იყო "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ივატინი.

6 დეკემბერი, თბილისი
დინამო-ბათუმი 97:90
23:22, 25:20, 22:19, 27:29
დინამო: ვონი (37ქ), გრძელიძე (2ქ), ლონდარიძე (8ქ, 5მ), მაჩალაძე, ფაცაცია (2ქ), ჭოჭუა (8ქ, 3პ), მარავიჩი (15ქ, 7მ), გ. რევაზაშვილი, ბერიშვილი (12ქ, 4პ), გოგოძე (13ქ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (15ქ, 6მ, 3პ), ლეჟავა (19ქ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (1ქ), ელიაძე, კრივცოვი (2ქ, 6მ), რამიშვილი, მაისურაძე (14ქ), შემოსიუკი (25ქ, 3ჩ), ფელჩერი (14ქ, 5მ, 3პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე, ი. ბერიშვილი

თანაბარ თამაშში ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. მეოთხე პერიოდში ბათუმელებმა ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს. შედეგიანად მოთამაშე ილია შემოსიუკის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 81:78 გახდა, თუმცა შეხვედრის ბედი მალევე გაირკვა - მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, როცა სხვაობა 4 ქულა იყო, ბათუმელი კახა ჯინჭარაძე დაჯარიმდა. ამას ზღვისპირელთა პროტესტი მოჰყვა და ჯინჭარაძესთან ერთად ვანო მაისურაძემაც ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა. დეონტა ვონმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, რასაც იმავე შეტევაში ზუსტი ორქულიანი მოაყოლა და ანგარიში დინამოელთა სასარგებლოდ - 93:82 გახდა...

ამ მატჩში ქულების რეკორდი დაამყარა დინამოელმა დეონტა ვონმა - 37 ქულა ჩააგდო. მან მაღალი სიზუსტით სტყორცნა სამქულიანები: 9-დან 7 ჩააგდო.

- "ბათუმი" ის გუნდი არ არის, ადვილად რომ მოუგო. წინა ტურში "ოლიმპთან" და დღევანდელ მატჩში "ბათუმთან" ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ვითხოვ კალათბურთელებისგან. ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ და თამაშის ხარისხი იყოს იმაზე უკეთესი, რაც დღეს იყო, - განაცხადა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.

6 დეკემბერი, თბილისი
სოხუმი-ქუთაისი 86:90
23:28, 20:23, 17:19, 26:20
სოხუმი: კვეტენაძე (2ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (5ქ, 5მ, 4პ), ზაქრაძე (2ქ), ჯგერენაია (10ქ, 7მ), დ. ბარბაქაძე (5ქ), ლათანი (35ქ, 4ჩ), რიხლიუკი (11ქ), ბულიავა (10ქ), ზაბირჩენკო (6ქ).
ქუთაისი: ბოისა (7ქ), ცეკვავა (14ქ, 4პ, 5ჩ), ფაშაევი (3ქ, 5პ), ბაბუნაშვილი (2ქ), ქადარია (4ქ), ცინცაძე (28ქ, 5პ), გ. ბარბაქაძე (6ქ), ლომოური (12ქ), ბექაური (14ქ, 5მ, 3პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი

"ქუთაისმა" თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და მთელი შეხვედრა წინ იყო. თუმცა, როგორც ნამატჩევს მისმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განაცხადა, ქუთაისელებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული იყო და კინაღამ დაისაჯნენ.

მართლაც, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იმერული კლუბი 10 ქულით იგებდა, თუმცა სოხუმელებს მონდომება დაუფასდათ და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 79:80.

სოხუმელებს ვეიდ ლათანი ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ 35 ქულა მიითვალა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მას ქუთაისელებმა აჯობეს. ბოლო 2 წუთში ტუღუშის გუნდმა ხელახალი მობილიზაცია გამოაცხადა და დაცვაში კარგი თამაშის წყალობით სეზონის მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ნუგზარ ჭეიშვილი ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- ჩვენი რესურსის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ. ბოლო წუთებზე გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერ ვითამაშეთ შედეგიანად. ვაპირებთ დავიმატოთ უკრაინელი ლეგიონერი, რომელსაც მომავალ მატჩებში ვათამაშებთ და იმედი მაქვს, გუნდის შედეგები გაუმჯობესდება.

6 დეკემბერი, თბილისი
მგზავრები-კაკტუსი 82:87
19:12, 18:23, 15:25, 30:27
მგზავრები: ფხაკაძე (10ქ, 6პ), პიტერსი (20ქ, 6მ, 3ჩ), კრეიტონი (2ქ), ცირეკიძე (2ქ, 6მ), წივწივაძე (13ქ, 4პ), ლომინაშვილი (8ქ, 10მ), ტურძელაძე (9ქ), ტეილორი (17ქ, 10მ).
კაკტუსი: უაითი (10ქ, 3პ), ჩიკვილაძე (13ქ, 3პ), ჩლაიძე (3ქ, 6მ), ლ. ლოლიშვილი (2ქ), ბააკაშვილი (11ქ), ნ. ლოლიშვილი, ლომიძე (30ქ, 9მ, 4ჩ, 3პ), ფლოვიესი (18ქ, 17მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

გადამწყვეტი მესამე პერიოდის შუაწელი აღმოჩნდა, როცა "მგზავრების" ტანმაღალი მოთამაშეები პერსონალური ჯარიმებით დაიტვირთნენ, ხოლო კაკტუსელების შორეულმა ტყორცნებმა მიზანი იპოვა...

მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ახალგაზრდა დავით ლომიძემ ბოლო პერიოდში 4, ხოლო მთლიანობაში 6 სამქულიანი ჩააგდო და "მგზავრების" ყველა მცდელობა, თამაში გადაერჩინათ, აღკვეთა. აღსანიშნავია პერიმეტრზე ლომიძის თანამებრძოლთა გონივრული გარჯა - ტაილერ უაიტი, ვატო ბააკაშვილი და ბექა ჩიკვილაძე ტოლს არ უდებდნენ მეტოქის ფეხმარდ ამერიკელ ლეგიონერებს და "კაკტუსმა" საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 87:82.

- თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. მაინც კმაყოფილი ვარ ბიჭების. ირაკლი ჩლაიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ბოლო დღეებია, არ უვარჯიშია, პირდაპირ თამაშზე მოვიდა, ხოლო ამერიკელი ტერიკ ბრიჯმენი, ჯერაც ვერ მომჯობინდა, - განაცხადა "კაკტუსის" მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- დაცვაში დიდი პრობლემები გვქონდა, შეტევაშიც. არ გვყავდა რეჯი მერფი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და, გარკვეულწილად, ამანაც განაპირობა ჩვენი დამარცხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული